გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-157-330-კ-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: უკანონო მიშენების დანგრევა, ბინის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და ტერიტორიის ნანგრევებისაგან გასუფთავება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე უ. ყ-ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მიშენების დანგრევა, ბინის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და ტერიტორიის ნანგრევებისაგან გაწმენდა.
კასატორი მიუთითებდა, რომ ქ. თბილისში, ... მცხოვრები უ. ყ-ი პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე აწარმოებდა ლოჯიის მიშენებას. მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხემ არ აღკვეთა უკანონო მშენებლობა, რის გამოც “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის “თ” პუნქტის და ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე ითხოვდა უკანონო მშენებლობის დანგრევას და ბინის ფასადის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას.
სასამართლოს განცხადებით მიმართა ... მცხოვრებმა ზ. მ-ამ და მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩართვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, მოსარჩელის მხარეზე, რადგან მშენებლობა ხელყოფდა მის უფლებებს.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის შუამდომლობა და უ. ყ-ს აეკრძალა მშენებლობის გაგრძელება სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე.
რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სარჩელი არ დკმაყოფილდა, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ და მესამე პირმა ზ. მ-ამ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მარტის განჩინებით ზ. მ-ას და ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის არქიტექტურუ-სამშენებლო ინსპექციის და ზ. მ-ას სააპელაციო საჩივრები. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ქ. თბილისის არქმშენინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” 2001წ. 22 ივნისის ¹1002-II კანონის პირველი მუხლის თანახმად, კანონის მოქმედება გავრცელდა ფიზიკური პირების მიმართაც, რომელთაც განზრახული ჰქონდათ ობიექტების მშენებლობა ან რეკონსტრუქცია. კანონის თანახმად მშენებლობის საწარმოებლად სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენდა, მშენებლობის წარმოების ნებართვა, ხოლო ასეთი ნებართვის არარსებობის შემთხვევაში არქმშენინსპექციას უფლება ჰქონდა გაფრთხილების შემდეგ, დამრღვევის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში, მიეღო დადგენილება და სასამართლოში სარჩელის შეტანით მოეთხოვა კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული ან რეკოსტრუქტუირებული შენობა-ნაგებობის მთლიანი ან ნაწილობრივი დანგრევა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უ. ყ-ი ლოჯიის მშენებლობას აწარმოებდა სათანადო პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე, რის გამოც არქმშენინსპექციის სარჩელი საფუძვლიანი იყო და მიუთითა რომ არქმშენინსპექციის დადგენილება ... ლოჯიის მონგრევის თაობაზე უ. ყ-ს არ გაუსაჩივრებია და არც შეგებებული სარჩელით მოუთხოვია დადგენილების ბათილად ცნობა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა უ. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონში 2001წ. 22 ივნისს შესული ცვლილებები, რაც უმართებულოდ მიაჩნია, ვინაიდან საქმის მასალებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ სადავო ლოჯიის მშენებლობა დაიწყო 10 წლის წინ, უ. ყ-ის ბინის უწინდელი მესაკუთრის მიერ და რომ ყ-მა მშენებლობა გააგრძელა 2001წ. თებერვლიდან და დაასრულა კიდეც. ანუ იმ დროისათვის კანონში ცვლილებები არ იყო შესული, და ასეთი ცვლილება, რომელიც არქმშენინსპექციას ფიზიკური პირების მიერ უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის კონტროლს და ასეთი მშენებლობის მონგრევის შესახებ დადგენილების მიღებას ითვალისწინებდა კანონში განხორციელდა 2001წ. 22 ივნისს, რომელიც არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო უ. ყ-ის ლოჯიის მიმართ, რამეთუ კანონი მშენებლობის მონგრევას 2001წ. 22 ივლისამდე არ ითვალისწინებდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა სსკ-ს 393-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
უ. ყ-ის საკასაციო საჩივრის განხილვა რამდენჯერმე იყო დანიშნული, მიუხედავად კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებისა, კასატორი არც ერთხელ არ გამოცხადდა.
სასამართლომ სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დაადგინა საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის გადაწყვეტილება.
უ. ყ-ი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს სსკ-ს 399-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით და აღნიშნავს, რომ სასამრთლომ არასწორად გამოიყენა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონში 2001წ. 22 ივნისს განხორციელებული ცვლილებები, რადგან საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ სადავო ლოჯიის მიშენება დაწყებული იყო 10 წლით ადრე, უ. ყ-ის ბინის უწინდელი მესაკუთრის მიერ და უ. ყ-მა 2001წ. თებერვლიდან მხოლოდ გააგრძელა მშენებლობა, უფრო სწორად დაასრულა იგი. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე გადაწყვიტა რა დავა, ფაქტიურად კანონს მიანიჭა უკუქცევითი ძალა, რითაც დაარღვიაკონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში ... ლოჯის მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ ბინის ადრინდელმა მესაკუთრემ და შემდეგ იგი დაასრულა უ. ყ-მა. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას იზიარებს საკასაციო პალატაც, მაგრამ ის ფაქტი, რომ უნებართვო მშენებლობა მთლიანად დამთავრებული იყო სარჩელის აღძვრის დროისათვის, საქმის მასალებით არ დასტურდება, რადგან სარჩელის აღძვრის შემდეგ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ და უ. ყ-ს აეკრძალა ქ. თბილისში, ... უნებართვო ლოჯიის მიშენების გაგრძელება.
საკასაციო პალატას მიაჩნია. რომ უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად არასწორად გამოიყენა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველოლის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებები.
პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და არც კასატიორს წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ რომ ზემოაღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, კასატორმა კანონით დადგენილი წესით მიმართა არქმშენინსპექციას მშენებლობის წარმოების ნებართვის გაცემის ან უკვე განხორციელებული მშენებლობის დაკანონების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ უ. ყ-ის მიერ ლოჯიაზე განხორცილებული მიშენების სტატუსი არ შეცვლილა და იგი დღეისთვისაც უნებართვო მიშენებას წარმოადგენს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სწორად გამოიყენა ზემოაღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად არქმშენინსპექციას უფლება აქვს, გაფრთხილების შემდეგ დამრღვევის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში, მიიღოს დადგენილება და სასამართლოში შეიტანოს სარჩელი საქართევლოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული, დაშენებული, აღდგენილი ან რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დაგრევის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს მშენებლობის განხორციელება უპროექტოდ ან პროექტის დარღვევით, აგრეთვე მშენებლობის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნებართვის გარეშე.
საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, რომ უ. ყ-ს არც მშენებლობის წარმოების ნებართვა ჰქონდა მიღებული არქმშენინსპექციიდან და არც მშენებლობის პროექტი ჰქონდა დამტკიცებული ქალაქის მთავარი არქიტექტორის მიერ.
კასატორის მოთხოვნის უსაფუძვლობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მას კანონით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ქ. თბილისის ,,არქმშენინსპექციის 2002წ. 18 მარტის დადგენილება” ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევით მშენებარე ლოჯიის დანგრეთის შესახებ” და არც შეგებებული სარჩელი აღუძრავს სასამართლოში.
აღნიშნულიდან გამომდინარე არ უნდა დაკმაყოფილდეს უ. ყ-ის საკასაციო საჩივარი და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაცი პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის გადაწყვეტილება.
3. უ. ყ-ს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.