გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-16-221-კ-03 15 ოქტომბერი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: 200 კგ. თხილის ნატურით ანაზღაურება, ზუგდიდის რაიონის სოფ..... თემის საკრებულოს 2000წ. 23 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 25 ოქტომბერს ა. ჩ-ამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე მ. ხ-ას მიმართ სარჩელი აღძრა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ა. ჩ-ა 1991 წლიდან ცხოვრობდა ზუგდიდის რაიონის სოფ....., სადაც კანონის შესაბამისად 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი ჰქონდა გამოყოფილი. აქედან, 1650 სახნავს წარმოადგენდა, ხოლო 850 კვ.მ. მიწის ფართობზე თხილის ნარგავები იყო გაშენებული.
მოსაზღვრე მიწის ნაკვეთი მ. ხ-ას ჰქონდა დაკავებული, რომელმაც 1999 წელს ა. ჩ-ასათვის გამოყოფილი 850 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებული თხილის პლანტაციიდან აიღო მოსავალი და 200 კგ. თხილის ნაყოფი მიითვისა იმ მოტივით, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნოდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით მოპასუხისაგან 200 კგ. თხილის ნაყოფის ნატურით დაკისრება მოითხოვა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მას ეკუთვნოდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მ. ხ-ას ა. ჩ-ას სასარგებლოდ 60 კგ. თხილის ნატურით გადახდა დაეკისრა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოპასუხე მ. ხ-ას მოთხოვნა სადავო მიწის ნაკვეთის მისთვის დაბრუნებისა და მიკუთვნების შესახებ შეგებებულ სარჩელად ჩათვალა და იმავე გადაწყვეტილებით უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, სოფ..... თემის საკრებულოს ა. ჩ-ზე შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დადასტურება დაევალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ხ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე მ. ხ-ამ ა. ჩ-ასა და სოფ..... თემის საკრებულოს მიმართ შეგებებული სარჩელი აღძრა და ა. ჩიქავას სოფ.... კომლად აყვანის შესახებ 1991წ. სხდომის ოქმის აღდგენილად და კანონიერად ჩათვლის თაობაზე სოფ..... თემის საკრებულოს 2000წ. 23 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
2000წ. 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მ. ხ-ას შეგებებული სარჩელი წარმოებაში მიიღო. იმავე დღეს სააპელაციო პალატამ საქმეში მოპასუხედ ზუგდიდის რაიონის სოფ..... თემის საკრებულო, ხოლო 2001წ. 9 მარტს მესამე პირად ზუგდიდის რაიონის მიწის მართვის სამმართველო ჩააბა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარსა და შეგებებულ სარჩელს უარი ეთქვა. უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ხ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.
მ. ხ-ას განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. გარდა ამისა, კასატორმა მიუთითა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც სოფ.... თემის საკრებულოს დაავალდებულა დაედასტურებინა ა. ჩ-ას სახელზე შედგენილი 1996წ. 20 მაისს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც ა. ჩ-ას დამატებით მიაკუთვნა 3500 კვ.მ-ზე გაშენებული თხილის პლანტაცია. ეს მოთხოვნა კი მოსარჩელეს სარჩელში არ დაუყენებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 25 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე არსებითად განსახილველად ქუთაისის საოლქო სასამართლოს დაუბრუნდა სათანადო მითითებებით. კერძოდ: სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად უნდა გამოეკვლია ა. ჩ-ას სოფ..... კომლად აყვანისა და მისთვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილება. ა. ჩ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა. მ. ხ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის რაიონის სოფ.... თემის საკრებულოს 2000წ. 23 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერც სოფ..... თემის საკრებულოს 2000წ. 23 მაისის გადაწყვეტილება და ვერც 1996წ. 20 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი კანონიერად ვერ ჩაითვლებოდა, რადგან პირველში მითითებული არ იყო თვე და რიცხვი, ასევე, ა. ჩ-ას სოფ.კოკში კომლად აყვანის კანონიერი საფუძველი, მითუმეტეს, რომ იგი იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით არც ცხოვრობდა და არც ჩაწერილი არ იყო სოფ...... ხოლო რაც შეეხება 1996წ. 20 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტს, იგი არ იყო გაცემული და რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით, აქტს ხელს არ აწერდა და არ ადასტურებდა სოფ..... თემის საკრებულოს თავმჯდომარე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი კანონიერად არც ა. ჩ-ას და არც მ. ხ-ას არ ეკუთვნოდა. მოსავალზე დავა სოფლის ხელმძღვანელობას შეეძლო, რადგან სადავო ნაკვეთი სოფლის სარეზერვო ფონდს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ჩ-ამ და სოფ..... თემის საკრებულოს თავმჯდომარემ აბესალომ დადიანმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
ა. ჩ-ას მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის მიხედვით, თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სხვა პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად გამოცხადდება, ამ მუხლის მე-5 ნაწილში გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადებით მიყენებული ზიანი.
კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის საგანს და მ. ხ-ას ნება დართო, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა მოეთხოვა. Aამასთან, მ. ხ-ა არასათანადო მოპასუხეა, რადგან მას არანაირად არ ეხებოდა სადავო ადმინისტრაციული აქტი.
კასატორები აგრეთვე მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ა. ჩ-ასა და სოფ.... თემის საკრებულოს თავმჯდომარის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებითა და საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ რაიონულმა სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლი, რომელის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ა. ჩ-ას ნამდვილად არ მოუთხოვია 1996წ. 20 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის დადასტურება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 6 თებერვლის ¹128 დადგენილების მეორე მუხლის შესაბამისად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გაცემა უნდა განხორციელებულიყო 1992წ. 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. სამისამართო ბიუროს ცნობით კი მოსარჩელე სოფ..... 1992წ. 15 აგვისტოს ჩაეწერა. იგი მიუთითებდა, რომ სოფ..... 1991 წლიდან არის კომლად რეგისტრირებული, მაგრამ მან ვერ წარმოადგინა და მოპოვებულიც ვერ იქნა საამისო კანონიერი მტკიცებულება. მართალია, 2000წ. 23 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფ..... საკრებულოს სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება 1991წ. სხდომის ოქმის აღდგენილად და კანონიერად ჩათვლის თაობაზე, მაგრამ გადაწყვეტილებაში არ იქნა მითითებული თვე და რიცხვი, საფუძვლები, რომ კომლად აყვანა კანონიერი გზით მოხდა, მასში აგრეთვე მითითებული არ იყო, შეიძლებოდა თუ არა იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩაუწერელი და სოფლად არამაცხოვრებელი ყოფილიყო საკოლმეურნეო კომლი. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ ა. ჩ-ას სახელზე 1996წ. 20 მაისის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არ იყო შედგენილი და რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით, აღნიშნულ აქტს ხელს არ აწერდა და არ ადასტურებდა სოფ.კოკის თემის საკრებულოს თავმჯდომარე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა, რომ ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით მიწის ნაკვეთი არც ა. ჩ-ას და არც მ. ხ-ას საკუთრებას არ წარმოადგენდა, საფუძველს იყო მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 200 კგ. თხილის ნატურით დაკისრების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო, ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მ. ხ-ას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რომლითაც ეს უკანასკნელი სოფ.კოკის თემის საკრებულოს 2000წ. 23 მაისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვდა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მეორე ნაწილი და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ მალხაზ ხუნჯგურია მოცემულ საქმეში არასათანადო მხარეს წარმოადგენს და მას არანაირად არ ეხება სადავო ადმინისტრაციული აქტი, რადგან სსკ-ს მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ა. ჩ-ამ თავის სასარჩელო განცხადებაში თვითონვე დაასახელა მ. ხ-ა მოპასუხედ, რაც საფუძველს მოკლებულს ხდის კასატორის მოსაზრებას მ. ხ-ას არასათანადო მხარედ მიჩნევის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არარსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ჩ-ასა და სოფ..... თემის საკრებულოს თავმჯდომარის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.