Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-162-333-კ-03 31 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: დღგ-ს ჩათვლა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 3 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოსარჩელე ი/მეწარმე რ. ს-ემ მოპასუხე ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა 2002წ. 1 ოქტომბრის მდგომარეობით ბიუჯეტის და სახელმწიფო ფონდის სახით გადასახადებისა და საჯარიმო სანქციის თანხის 2167 ლარის ოდენობით დარიცხვის გაუქმება.

მოსარჩელე ი/მეწარმე რ. ს-ე სარჩელში მიუთითებდა, რომ იგი არის ინდივიდუალური მეწარმე და აქვს პურის საცხობი. ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ დააკისრა საბიუჯეტო გადასახდელისა და საჯარიმო სანქციის სახით 2167 ლარის გადახდა. მან პროდუქციის შეძენისას პროდუქციის ღირებულებასთან ერთად გადაიხადა დამატებული ღირებულების გადასახადი, რის გამოც მიიჩნევდა, რომ ასეთი უნდა დაკისრებოდა არა მას, არამედ გამყიდველებს.

საქმის განხილვისას ქუთაისის საოლქო სასამართლოს ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსმა, გ. ქ-ემ მიმართა შუამდგომლობით, საქმეში მოპასუხედ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ჩაბმის თაობაზე, რადგანაც სასარჩელო განცხადებაში მოცემული დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლები გაუქმდა საგადასახადო დეპარტამენტის შეტყობინების საფუძველზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გადახდილად ჩაითვალა მის მიერ დღგ-ს სახით გადახდილი 1558,81 ლარი და გაუქმდა ინდივიდუალური მეწარმე რ. ს-ისათვის დღგ-ს ჩათვლების გაუქმება და საურავის დარიცხვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ რ. ს-ის მიერ დღგ-ს ჩათვლები განხორციელებული იყო ანგარიშ-ფაქტურებით, ე.ი. დოკუმენტებით, რომლითაც დასტურდება დღგ-ს გადახდევინების ფაქტი. საგადასახადო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად დღგ-ს, როგორც არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში შეტანის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს, ამდენად მოსარჩელეს დღგ-ს ჩათვლა განხორციელებული ჰქონდა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.

საქალაქო სასამართლოს აზრით, მომწოდებლის მხრიდან სახელმწიფოს წინაშე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობა ვერ გახდება მყიდველისათვის გადასახადების დარიცხვის საფუძველი, შესაბამისად მოსარჩელეს სრული უფლება ჰქონდა ჩაეთვალა მომწოდებლისათვის გადახდილი დღგ-ს თანხა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია საურავი, რადგან საურავი გადაიხადა მხოლოდ დღგ-ს დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში.

2003წ. 27 მარტს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ს ჩათვლას ექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა. აღნიშნულ შემთხვევაში კი, საგადასახადო დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე მოსარჩელეს მიერ დღგ-ს გადასახადი საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი არ იყო.

აპელანტის აზრით, მოსარჩელეს უნდა ეკისრა მტკიცების ტვირთი და დაემტკიცებინა, რომ მის მიერ ჩატარებული ოპერაცია უსაქონლო და ფიქტიური ხასიათის არ ყოფილა, რადგანაც სადავო გახადა მის მიერ წარდგენილ დღგ-ზე ჩათვლების გაუქმება, ხოლო სასამართლოს არ მოუთხოვია მტკიცებულებების წარდგენა.

აპელანტმა ასევე მიუთითა, რომ პროცესში თანამოპასუხედ არ იქნა ჩაბმული ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტემენტი, რომლის წერილიც გახდა საფუძველი ინდ/მეწარმე ,,რ. ს.” ჩათვლის გაუქმებისა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოსათვის წარდგენილი შესაგებელით რ. ს-ემ მოითხოვა არ დაკმაყოფილებულიყო აპელანტის მოთხოვნა და უცვლელად დაეტოვებინათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ინდ. მეწარმე ,,რ. ს.’’ სარჩელი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საგადასახდო კოდექსის მიხედვით დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება 4 ეგზემპლარად, რომლის I და III პირები წარედგინება მყიდველს, ხოლო II და IV პირები რჩება გამყიდველს. ამასთან, ანგარიშ-ფაქტურის IV პირს გამყიდველი წარუდგენს საგადასახადო ორგანოებს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად. საოლქო საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის განმარტებით, ანგარიშ-ფაქტურების მე-4 ეგზემპლარები ყალბი არაა, ისინი წარდგენილი და დეკლარირებულია, მაგრამ ბიუჯეტში თანხა არაა გადახდილი. საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის მიხედვით კი დღგ-ს ჩათვლას ექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა. გამომდინარე აღნიშნულიდან სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან არ იყო გადახდილი გამყიდველთა მიერ საქართველოს ბიუჯეტში დღგ-ს თანხა, შესაბამისად არ შეიძლება განხორციელებულიყო რ. ს-ის მიმართ დღგ-ს ჩათვლა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდ. Mმეწარმე რ. ს-ემ და ითხოვა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება არასწორია, ვინაიდან კანონი, რომელიც მას საფუძვლად დაედო, არასწორადაა განმარტებული.

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის მიხედვით დღგ-ს ჩათვლას ექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს თანხა, მაგრამ კასატორის აზრით აქ გადაუწყვეტელია როდის უნდა განხორციელდეს ეს ჩათვლა: ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის სათანადოდ გაფორმებისთანავე თუ საგადასახადო დეპარტამენტიდან დღგ-ს გადახდის შესახებ ინფორმაციის ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში მიღების შემდეგ. Kკასატორი აღნიშნავს, რომ II ვარიანტს თვით საგადასახადო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილი გამორიცხავს, რომლის მიხედვითაც მყიდველი და გამყიდველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს წარუდგენენ საგადასახადო ორგანოებს ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა. აქედან გამომდინარე კასატორს მიაჩნია, რომ იგი უნდა ელოდოს, შეასრულებს თუ არა გამყიდველი კანონის ამ მოთხოვნას, ამის შემდგომ საგადასახადო დეპარტამენტის ოფიციალურ დასტურს გამყიდველის მხრიდან დღგ-ს გადახდასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდგომ წარადგინოს საგადასახადო ინსპექციაში თავისი ანგარიშ-ფაქტურები. Kკასატორის აზრით, სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამ პოზიციაზე დგას და თუ ეს კანონშესაბამისია, მაშინ 115-ე მუხლის პირველ ნაწილში ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი იმ მითითებით, რომ ანგარიშ-ფაქტურების არ წარდგენა საგადასახადო დეპარტამენტიდან დასტურის მიღებამდე არ წარმოადგენს კანონდარღვევას და მყიდველს არ დაერიცხება ჯარიმა და საურავები.

კასატორს მიაჩნია, რომ ვიდრე ეს საკანონმდებლო ცვლილება არ მომხდარა, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა ჩაითვალოს უკანონოდ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ რ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას სრულყოფილად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, ამასთან, საქმეში მონაწილეობის მისაღებას არ მიიწვია პირები, რომლებიც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილენი არიან.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც საქმეში არსებული ქუთაისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის შუამდგომლობიდან ირკვევა, სადავო დღგ-ს ჩათვლები გაუქმებული იქნა საგადასახადო დეპარტამენტის შეტყობინების საფუძველზე, ხოლო საქმეში არსებული სააპელაციო სასამართლოს მიმართვაზე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის პასუხიდან ირკვევა, რომ ცალკეული ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით მათი გამომწერების მიერ გადასახადების გადახდის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო დეპარტამენტს არ მოუპოვებია და მისი მიღება საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება საოლქო საგადასახადო ინსპექციებიდან. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია ეს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტი და გადაწყვეტილება არ უნდა დაეფუძნებინა გამოუკვლეველ მტკიცებულებებზე.

ამავე დროს საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და შეაგროვის მტკიცებულებანი, ხოლო მე-16 მუხლის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩააბას ის პირები, რომლებიც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილენი არიან. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში მესამე პირებად უნდა ჩააბას ის იურიდიული და ფიზიკური პირები, კერძოდ, შპს “გ.”, სს “ქ.”, ფიზიკური პირი რ. ს-ე, რომლებისგანაც მოსარჩელემ, ი/მეწარმე რ. ს-ემ საქმეში წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების თანახმად შეიძინა ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული პროდუქცია, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, რადგან ამ უკანასკნელთა საქმეში მონაწილეობა ნათელს მოჰფენს და შესაძლებელს გახდის იმ საკითხების გარკვევას, თუ რამდენად საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა, ხომ არ მომხდარა აღნიშნული იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სადავო დღგ-ს თანხების ბიუჯეტში შეტანა, ან ხომ არ ირიცხება მათ ბარათებზე საგადასახადო ორგანოებში დავალიანების სახით ის თანხები, რაც მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მათი საქმის განხილვაში მონაწილეობა არსებითი მნიშვნელობისაა და მათ გარეშე შეუძლებელია კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 408-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორის რ. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.