Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-163-334-კ-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მინიჭება.

აღწერილობითი ნაწილი:

1998წ. 23 იანვარს ბაღდათის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ჟ. მ-მა, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მოპასუხე ბაღდათის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გამგეობისაგან 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის მის სახელზე დაკანონება.

ჟ. მ-ი თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელე ცხოვრობს ბაღდათის რაიონის სოფ. .... იგი მიეკუთვნება პირველი კატეგორიის კომლს და ეკუთვნის 0,75 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. მიწის რეფორმის კომისიამ რეფორმამდე მასზე გაპიროვნებული ვენახი მიუზომა სხვა პირს, ხოლო მას 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი მიუზომა სახლის ეზოს მოსაზღვრედ. აღნიშნული 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი ზონარგაყრილ წიგნში რეგისტრირებული აღმოჩნდა ნ. ლ-ის სახელზე, რის გამოც წითელხევის საკრებულომ გააუქმა ამ ნაკვეთის მიზომვა და მოსარჩელეს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, სახლიდან 10 კმ-ის მოშორებით მიუზომა 0,25 ჰა, რითაც შეივსო პირველი კატეგორიის კომლისთვის დადგენილი ნორმა, რაც მოსარჩელეს მიაჩნდა უკანონოდ და ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 1998წ. 4 თებერვლის გადაწყვეტლებით სარჩელი დაკმაყოფილდა. K ჟ. მ-ს დაუკანონდა 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი.

2001წ. 28 სექტემბერს ამავე სასამართლოს განცხადებით მიმართა ბაღდათის რაიონის სოფ. ... მცხოვრებმა ს. მ-ემ და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მოითხოვა ბაღდათის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. მოთხოვნის საფუძვლად მითითებული იყო, რომ სადავო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთში შედიოდა 0,02 ჰა ფართობის გზა, რომელიც განმცხადებელს 1986 წლიდან გადაცემული ჰქონდა სარგებლობის უფლებით, ხოლო 1997 წელს მიწის მიღება-ჩაბარების ¹0544 აქტის საფუძველზე გამოცხადდა მის საკუთრებად. სასამართლომ ისე განიხილა და დააკმაყოფილა ჟ. მ-ის სარჩელი, რომ საქმეში მხარედ ჩაბმული არ ჰყოლია ს. მ-ე.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 სექტემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 1998წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილება და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

2001წ. 10 ოქტომბერს სასამართლოს წარედგინა ნ. ლ-ისა და ს. მ-ის სასარჩელო განცხადებები ჟ. მ-ის მიმართ ხეხილის ნარგავების განადგურებით, ქვევრების დაზიანებითა და გზის გაფუჭებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და მიწის ნაკვეთის დაბრუნების მოთხოვნით.

2001წ. 11 ოქტომბერს სასამართლოს განჩინებით მ. ლ-ე საქმეში ჩაება თანამოსარჩელედ.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს. მ-ის სარჩელი; გაუქმდა წითელხევის საკრებულოს მიერ Kჟ. მ-ზე 1997წ. 20 დეკემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ¹1054. სადავო მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა ს. მ-ესა და თანამოსარჩელე მ. ლ-ეს. ჟ. მ-ს ს. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 400 ლარის, ხოლო ნ. ლ-ის სასარგებლოდ _ 450 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. მ-მა. აპელანტი ითხოვდა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებასა და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას. აპელანტი მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ბაღდათის მიწის რეფორმის კომისიის 1995წ. 5 აპრილის ოქმი, რომლითაც ს. მ-ეს მიეცა გზა და აპელანტს დაუკანონა 0,10 ჰა სადავო ფართი. უგულებელყოფილ იქნა მიწის მიღება-ჩაბარების აქტი. მ. ლ-ის ქვევრები უვარგისი და გაუქმებული იყო, ხოლო ხეხილი გაშენებული იყო მასზე განპირობებულ ნაკვეთში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით ჟ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2001წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჟ. მ-ის სარჩელი 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის დაკანონების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ჟ. მ-ს ჩამოერთვა ნ. ლ-ის კუთვნილი 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი, საიდანაც 0,08 ჰა გადაეცა ნ. ლ-ეს, ხოლო 0,02 ჰა _ ს. მ-ეს; ჟ. მ-ის მიწის მიღება-ჩაბარების ¹1054 აქტში შევიდა ცვლილება; აღნიშნული აქტიდან ამოირიცხა ნ. ლ-ის კუთვნილი 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი; ჟ. მ-ს დაეკისრა ს. მ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 200 ლარის გადახდა; ნ. ლ-ის შეგებებული სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟ. მ-მა. აპელანტი საჩივარში აღნიშნავდა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ბაღდათის რაიონის მიწის რეფორმის კომისიის 1995წ. 5 აპრილის ¹1 ოქმი, რომლის თანახმადაც, ს. მ-ეს მიეცა გზა _ სადავო 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის სამხრეთით. რადგან 0,10 ჰა მიწის ნაკვეთი ამ აქტით მიეკუთვნა ჟ. მ-ს, ხოლო ს. მ-ისათვის გამოყოფილი გზა კი ამ ნაკვეთს ჰყოფდა 2 ნაწილად, გზა ურთიერთშეთანხმებით გადატანილ იქნა სამხრეთით. აპელანტმა თავისი ხარჯებით აიღო გზაზე მ-ის მიერ დაყრილი მე-4 მანქანა ხრეში და გადაიტანა სამხრეთით, სადაც ს. მ-ეს სანაცვლოდ გამოეყო შესაბამისი ნაკვეთი. ამდენად, მას ს. მ-ისათვის მატერიალური ზიანი არ მიუყენებია. უკანონოა ნ. ლ-ისათვის 0,10 ჰა მიწის ნაკვეთის მიკუთვნება, რადგანაც იგი უკვე ფლობს ზღვრულ ნორმას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით ჟ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება ჟ. მ-ზე ს. მ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის, 200 ლარის, გადახდის დაკისრების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ რამდენადაც სადავო 0,10 ჰა წარმოადგენდა ნ. ლ-ის საკარმიდამო ნაკვეთს, ამასთან, არ იყო გაუქმებული ნ. ლ-ის კომლი, ეს ნაკვეთი არ შეიძლებოდა შესულიყო სარეფორმო მიწის ფონდში და გადასცემოდა ჟ. მ-ს.

,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების Aშესახებ” კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996წ. 22 მარტის ¹66 დადგენილების მე-2 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, 1992 წლამდე საქართველოს მოქალაქეთა კომლების, ოჯახების კანონიერ სარგებლობაში არსებული სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები ცხადდებოდა მათ კერძო საკუთრებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია ნ. ლ-ის სარჩელი 0,10 ჰა მიწის დაბრუნების შესახებ და იგი სწორადაა დაკმაყოფილებული ბაღდათის რაიონული სასამართლოს მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 13 მაისის გადაწყეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. მ-მა.

კასატორს მიაჩნდა, აღნიშნული გადაწყვეტლება იყო უკანონო და ექვემდებარებოდა გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, რომ არ შეიძლება დარღვეულად ყოფილიყო მიჩნეული მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-11 პუნქტი, რადგან კასატორზე მიწა გაცემული იყო. სოფ. .... ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ, რაც დასტურდებოდა მიწის მიღება-ჩაბარების აქტზე ადგილობრივი მმართველობის ორგანოს წარმომადგენელთა ხელმოწერებით.

განსახილველი საქმის ადმინსტრაციული ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო გამოეყენებინა ინკვიზიციურობის პრინციპი და გამოეკვლია, 1994 წლამდე ხომ არ არსებობდა რაიმე სახის გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორს მიკუთვნებული ექნებოდა სადავო მიწის ნაკვეთი.

სასამართლომ არ გამოიკვლია ნ. ლ-ეს გადაწყვეტილების მიღების მომენტში ჰქონდა, თუ არა მიწის ზღვრული ნორმა და წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ არ მიმართა მიწის სარეფორმო კომისიას 1998 წლამდე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

მოწინააღმდეგე მხარემ და მესამე პირმა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს და ითხოვეს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საოლქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებს, სასამართლოს მიერ სრულადაა გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები და ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. კერძოდ, საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს განმარტებას ბაღდათის რაიონის მიწის სარეფორმო კომისიის ¹1 და ¹7 ოქმებთან მიმართებაში და ადასტურებს, რომ აღნიშნული აქტები არ წარმოადგენენ ჟ. მ-ისათვის მიწის მიკუთვნების სამართლებრივ საფუძველს.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹48 დადგენილების მე-11 მუხლის შესაბამისად, მიწის გაცემას ახდენს სოფლის მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწის აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.

ამდენად, საოლქო სასამართლოს შეფასება მითითებულ ნაწილში მართებულია და ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

უდავოა და აღნიშნულს ადასტურებს თავად კასატორიც, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ნ. ლ-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განთავსებული იყო მისი საცხოვრებელი სახლი. “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენლების მე-5 მუხლის შესაბამისად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადაეცემათ კერძო საკუთრებაში.

ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთი ზემოაღნიშნული დებულების შესაბამისად, გამოცხადებულია ნ. ლ-ის საკუთრებად. საკუთრების უფლების კონსტიტუციურობის პრონციპიდან გამომდინარე კი დაუშვებელია, მითითებული მიწის ნაკვეთი ნ. ლ-ის მფლობელობიდან გამოვიდეს მისი ნების გარეშე.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მოცემულ ნაწილში მართებულია და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირვანდელი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 16 მაისის ¹327 ბრძანებულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის საკმარის საფუძველს წარმოადგენს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი.

საქმეში წარმოდგენილია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის შესაბამისადაც, სადავო ნაკვეთი გადაცემულია ნ. ლ-ეზე. აღნიშნული აქტი არ წარმოადგენს სასამართლო მსჯელობის საგანს და არც ერთი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ არის ქცეული. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლის დებულებიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მიწის ნაკვეთი რომელზეც 1996 წელს გაცემულია მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, არ შეიძლება იქცეს მიწის ნაკვეთის შევსების წყაროდ.

აქვე საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემული ეტაპისათვის სასამართლო განხილვის საგანს წარმოადგენს ზემოაღნიშნული სადავო მიწის მიკუთვნების კანონიერების საკითხი, რის გამოც, სასამართლო, სსკ-ს დებულებებიდან გამოდინარე, მოკლებულია უფლებას, შევიდეს ნ. ლ-ისათვის შევსების წესით გაცემული მიწების კანონიერების საკითხის განხილვაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მაისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.