Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-164-335-კ-03 23 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საპენსიო შეღავათის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 25 დეკემბერს კასატორმა ო. ს-ამ სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონული განყოფილების, ამჟამად სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის მიმართ და მოითხოვა ორი სახეობის პენსიის დანიშვნა 28 ლარის ოდენობით, თანახმად «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» 1996წ. 16 ოქტომბრის კანონის მე-60 მუხლისა.

მოსარჩელის მითითებით, იგი არის სამამულო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირი, 87 წლის, მეორე ჯგუფის ინვალიდი, მარტოხელა. წლების მანძილზე მუშაობდა ფოსტის დამტარებლად. სოფელში საქონლის დაჯახების შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებისა და დასახიჩრების გამო, 1974 წლიდან დაენიშნა ინვალიდობის პენსია. სამამულო ომის პერიოდში, შრომითი მამაცობისათვის მიღებული აქვს მედალი, რის საფუძველზეც ჩაითვალა ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირად და 1978წ. 17 ივნისიდან იღებს პენსიას 35 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნებს ორი სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ და უსაფუძვლოდ ეთქვა უარი ორი სახეობის პენსიის დანიშვნაზე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალის მიერ.

ო.სტურუას სარჩელი არ ცნო მოპასუხემ – სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის ფილიალმა. მოპასუხემ გაიზიარა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, თუმცა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ინვალიდობა ომში არ მიუღია. 1996წ. 16 ოქტომბრის კანონი კი, რის საფუძველზეც მოსარჩელე ითხოვს ორი სახეობის პენსიის დანიშვნას, ვრცელდება მხოლოდ სამხედრო ძალების, შინაგან საქმეთა, უშიშროების ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე და ომის ინვალიდებზე.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 იანვრის გადაწყვეტილებით ო.ს-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და მოთხოვნის დაუსაბუთებლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ო.ს-ს მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინებით ო.სტურუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 იანვრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ო. ს-ა არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და დანიშნული აქვს პენსია 35 ლარის ოდენობით. პალატამ განმარტა, რომ «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» 1996წ. 16 ოქტომბრის კანონის პირველი მუხლის «ა» და «ბ» პუნქტები განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული კანონის მოქმედება და ასეთებად ასახელებს სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგ პირებს: ოფიცრებს, ზევადიან ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით მიღებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობდნენ სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ჯარებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სხვა სამხედრო სტრუქტურებში ან სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებაზე გაწვეულ პირებს (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრებს მარჩენალის დაკარგვის გამო.

სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ 1996წ. 16 ოქტომბრის კანონი ვრცელდება ომის იმ ვეტერანებზე, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა.

რაც შეეხება კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებულ საპენსიო შეღავათებს, აღნიშნული უფლება, სააპელაციო სასამართლოს აზრით, აქვთ მხოლოდ ამავე კანონის პირველი მუხლის «ა» და «ბ» პუნქტებით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც არიან 1941-45 წლების სამამულო ომის მონაწილენი, შეუსრულდათ 75 წელი, აქვთ ოფიცრის წოდება ან სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ ომის პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდებს. სააპელაციო პალატის მითითებით კი, ო.ს-ა არ მიეკუთვნება ამ პირთა ან მათთან გათანაბრებულ პირთა კატეგორიას, რის გამოც სარჩელი მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო.ს-ამ და მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 16 მაისის განჩინების გაუქმება, ასევე ორი სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასატორის აზრით, იგი აკმაყოფილებს ორი სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ კანონის მოთხოვნებს, რომელიც არ ითვალისწინებს, რომ პირს უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ს-ას საკასაციო საჩივარი საპენსიო შეღავათის, ორი სახეობის პენსიის დანიშვნის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ო. ს-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ორი სახეობის პენსიის დანიშვნას “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996წ. 16 ოქტომბრის კანონის მე-60 მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად: “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნება დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.

2. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ო. ს-ა არის მეორე ჯგუფის ინვალიდი და იღებს პენსიას 35 ლარის ოდენობით, მაგრამ ინვალიდობა კასატორს დაუდგინდა 1974 წელს, საქონლის დაჯახებით მიღებული ხერხემლის დაზიანების გამო, რასაც თავადაც ადასტურებს. კერძოდ, საქმეში არსებული 2003წ. 24 იანვრით დათარიღებული წერილის თანახმად, ო. ს--ა მუშაობდა ფოსტის დამტარებლად და სწორედ ამ პერიოდში მიღებული სხეულის დაზიანების გამო იქნა ცნობილი მეორე ჯგუფის ინვალიდად, ხოლო ომის პერიოდში მუშაობდა კოლმეურნეობაში და სურსათით ამარაგებდა ფრონტს. კასატორს შრომითი მამაცობისათვის მიღებული აქვს მედლები, რის საფუძველზეც მიჩნეულ იქნა ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირად. ამდენად, კასატორს ინვალიდობა დადგენილი აქვს ომის შემდეგ, იგი არ არის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის «ბ” პუნქტითა და მე-19 მუხლის «ა” პუნქტით გათვალისწინებული ომის ინვალიდი, ანუ კასატორი არ არის სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურე ან სამხედრო ტრავმის შედეგად დაინვალიდებული პირი, რის გამოც საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ო. ს-ა არ მიეკუთვნება იმ პირთა წრეს, ვისზედაც ვრცელდება “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონი და შესაბამისად, მასზე ვერც ამ კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002წ. 25 ნოემბრისა და 27 დეკემბრის განმარტებების თანახმად, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის _ ინვალიდობის პენსიასთან ერთად მოხუცებულობის პენსიის მიღების უფლების გავრცელებისათვის, ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;

ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;

გ) უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს ომის ინვალიდი.

კასატორი ო. ს-ა, მართალია, არის 87 წლის, 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირი, მაგრამ არა აქვს ოფიცრის წოდება, არც სამხედრო მოსამსახურეს წარმოადგენდა და არც ომში მიუღია ინვალიდობა, ამიტომ იგი არ არის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონით საპენსიო უზრუნველყოფას დაქვემდებარებული პირი და შესაბამისად, მასზე ვერც ამ კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათი გავრცელდება. ამიტომ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ო. ს-ას საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. ს-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 მაისის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.