Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-165-336-კ-03 9 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: საბიუჯეტო დავალიანების გადახდევინება.

აღწერილობითი ნაწილი:

ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ 2002წ. 7 მარტს განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოვალე შპს «კ.» მიმართ გადახდის ბრძანების მიღების შესახებ.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ დავალიანების მქონე – შპს «კ.» ერიცხება ბიუჯეტის დავალიანება 38052 ლარის ოდენობით. მიუხედავად მრავალჯერ გაფრთხილებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარებისა მოვალე შპს «კ.» მასზე რიცხული დავალიანება არ გადაიხადა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბ. გ-ამ 2002წ. 28 მარტს გასცა გადახდის ბრძანება.

შპს «კ.» გენერალური დირექტორის პროტესტის საფუძველზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის განჩინებით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 მარტის გადახდის ბრძანება ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის განცხადების გამო შპს «კ.» მიმართ თანხის გადახდევინების თაობაზე და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი შპს «კ.» სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 38052 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «კ.» გენერალურმა დირექტორმა და მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ როგორც ძირითადი დავალიანების გადაუხდელობა, ასევე საურავების დარიცხვა გამოწვეული იყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის «ფოთის ნავსადგურის” მიზეზით, რომელიც პროცესში მონაწილეობდა მესამე პირის და არა მოპასუხის სახით. აპელანტის განმარტებით «ფოთის ნავსადგურის» ბრალეულობა მდგომარეობდა იმაში, რომ მისი უკანონო ქმედებით – კერძოდ, დაუსაბუთებელი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად შპს «კ.» ქონებაზე ყადაღის დადების შედეგად აპელანტისათვის შეუძლებელი გახდა გადასახადების გადახდა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია საურავების დარიცხვა.

ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციისათვის შპს «კ.» დირექტორის მიერ არაერთხელ იყო შეთავაზებული დაფიქსირებული გადასახადის გადახდის მიზნით მათ საკუთრებაში არსებული ქონება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილის განჩინებით შპს «კ.» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ აპელანტი აღიარებდა შედარების აქტით შპს «კ.» დარიცხულ ვადაგადაცილებულ საბიუჯეტო დავალიანებას ნარჩენ თანხაზე – 13872,99 ლარი.

აპელანტი ცნობდა მოთხოვნის ძირითადი თანხის 13872,99 ლარის ანაზღაურების ნაწილში, მაგრამ თანახმა იყო დავალიანების ნატურით – სამრეწველო საქონლით ანაზღაურებაზე, ვინაიდან ფულადი თანხით ისინი ვალის ანაზღაურებას ვერ მოახერხებენ სახსრების უქონლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «კოლხეთმა», რომელმაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი მიუთითებს, რომ შპს «კ.» აღიარებდა დავალიანებას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 13872 ლარის ოდენობით, ხოლო საურავის დარიცხვა უკანონოდ მიაჩნდა იმ მიზეზით, რომ გადასახადის გადახდა საზოგადოებამ ვერ შეძლო საზოგადოების წინააღმდეგ გარკვეული ძალების მიერ ეკონომიკური და ძალისმიერი მეთოდებით შეგნებულად გნახორციელების გამო. საზოგადოებას მოუწყვეს ეკონომიკური დივერსია. ასევე უნომრო (ლევი) საქმით მოინდომეს საზოგადოების ზოგიერთი წევრის დაპატიმრება (შეკვეთით).

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მესამე პირი, გამოცხადებული მხარეების თანხმობით სასამართლომ სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დადგინდა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს რომ შპს «კ.” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

საქმის მასალებით დადგენილია და შპს «კ.” საკასაციო საჩივარშიც აღიარებს დავალიანებას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 13872 ლარის ოდენობით. შპს «კ.” სადავოდ ხდის ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ ძირითად თანხაზე დარიცხული საურავის 24137 ლარის დაკისრებას და მიუთითებს, რომ დავალიანების გადაუხდელობა განპირობებული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანების ძირითად თანხაზე საურავის უკანონოდ დარიცხვის შესახებ არ უნდა იქნეს გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო.

საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი დადგენილი ვადისათვის, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს ვადაზე გადაუხდელი თანხის 0,15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადახდის ვადის დადგენილი თარიღიდან გადასახადის გადახდის თარიღამდე. შპს «კოლხეთს” აღნიშნული ნორმის საფუძველზე დაერიცხა საურავი 24137 ლარის ოდენობით, რის გამოც ქ. ფოთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დარიცხული საურავი არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უკანონოდ, ვინაიდან საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის გადახდა დადგენილ ვადაში. ის გარემოება რომ შპს «კ.” საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე 13872 ლარის ოდენობით დაადგენილ ვადაში არ შეუსრულებია, საქმის მასალებით დადასტურებულია და აღიარებულია მხარის მიერ.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რადგან გადასახადის გადაუხდელობა გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამიტომ იგი უნდა განთავისუფლდეს გადაუხდელ თანხაზე საურავის დარიცხვისაგან და მისი გადახდა უნდა დაეკისროს სსიპ «ფოთის საზღვაო ნავსადგურს”.

საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, აკრძალულია არა საგადასახადო კანონმდებლობით ისეთი საკითხების დარეგულირება, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადით დაბეგვრასთან, რადგან გადასახადის დაბეგვრისას გამოიყენება საგადასახადო კოდექსის დებულებანი, ხოლო საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, რომელთა მიხედვით ეს პირი გადამხდელია და დაუშვებელია კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესათვის დაკისრება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია, შპს «კ.” საკასაციო საჩივარი და მის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «კ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 აპრილის განჩინება;

3. შპს «კ» დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1522,08 ლარის გადახდა;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.