Facebook Twitter

¹ბს-17-222-კ-03 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

სოფ. ......-ის საკრებულოს 1998წ. 28 დეკემბრის ¹9 განკარგულებით, კასატორი ნ. კ-ე 1999წ. 1 იანვრიდან დაინიშნა საქმის მწარმოებლად და დაევალა მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების წარმოება. ზესტაფონის რაიონის სოფ. ......-ის გამგებლის 2002წ. 24 ივნისის ¹2 ბრძანებით, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა ნ. კ-ე, გამგეობის 8 თანამშრომელთან ერთად, მაგრამ გამგებლის განმარტებით აღნიშნულ ბრძანებას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან იგი გაუქმდა მისივე ბრძანებით. 2002წ. 18 ნოემბერს სოფ. ......-ის გამგებელმა კვლავ გამოსცა ახალი ბრძანება, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 101-ე მუხლის საფუძველზე, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო, ნ. კ-ის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ.

2002წ. 2 დეკემბერს ნ. კ-ემ სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და შემდეგი მოტივით მოითხოვა სოფ. ......-ის გამგებლის 2002წ. 18 ნოემბერის ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2002წ. 2 ივნისს, ზესტაფონის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა მისი შვილი რ. ჯ-ი, თვითონ კი ლეიბორისტული პარტიის კომისიის წევრი იყო. არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა ვ. თ-ე და გახდა სოფ. ......-ის გამგებელი. ვ. თ-ე მას თხოვდა დაეწერა განცხადება და დაეტოვებინა სამსახური იმ მოტივით, რომ მისი შვილი იყო კანდიდატი, რაზეც ნ. კ-ემ უარი განაცხადა.

2002წ. 24 ივნისს გამგებელმა ვ. თ-ემ გამოსცა ბრძანება ნ. კ-ისა და სხვა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ. რამოდენიმე დღის შემდეგ კი, ვ. თ-ემ თანამშრომლებს დართო ნება მუშაობის გაგრძელებაზე. 2002წ. 17 ივლისს ვ. თ-ემ ......-ის საკრებულოსა და გამგებლის აპარატის უფროსის თანამდებობაზე დანიშნა ნ. დ-ე, რომელსაც დაევალა ნ. კ-ის მოვალეობის შესრულება. 2002წ. 26 სექტემბრიდან მოსარჩელეს აეკრძალა მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელება. 2002წ. 1 ოქტომბერს ნ. კ-ე გავიდა შვებულებაში 45 კალენდარული დღით, ხოლო 2002წ. 18 ნოემბერს, სამსახურში დაბრუნებისას ნ. კ-ეს გამგებელმა ვ. თ-ემ გადასცა ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. შრომის წიგნაკში კი, მოსარჩელის განმარტებით, გათავისუფლების თაობაზე ჩანაწერი არ გაკეთებულა, მისთვის ასევე არ მიუციათ 3 თვის გასასვლელი დახმარება, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილი, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 108-ე, 109-ე, 110-ე, 41 და 89-ე მუხლები. აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, მოითხოვა ბრძანების გაუქმება და თანამდებობაზე აღდგენა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ და მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის არსებითად განხილვა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მარტის განჩინებით, ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი საფუძვლით უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 იანვრის გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ნ. კ-ე არის 62 წლის. “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება მამაკაცისათვის 65 წლით, ქალისათვის კი 60 წლით. ამავე კანონის 101-ე მუხლით მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ასაკის გამო, კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ადმინისტრაციას შეუძლია ასაკის გამო გაათავისუფლოს პირი სამსახურიდან, მაგრამ ვალდებული არაა. მართალია, “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 101-ე მუხლში მითითებულია, რომ პირი ასაკის გამო შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს ნ. კ-ის ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციის მოქმედების არამართლზომიერებას. პალატის აზრით, ადმინისტრაციას უფლება აქვს პირი გაათავისუფლოს სამსახურიდან ასაკის გამო, რაც სამართლებრივად არ ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგოდ.

“საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-ე გაფრთხილებული იყო გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე, კერძოდ შვებულებაში წასვლის წინ, რაზედაც თავად მიუთითა მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე და განმარტა, რომ გათავისუფლების შესახებ გაფრთხილებული იყო 18, 24 და 30 ივნისს.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება მისი შვებულებაში ყოფნის დროს მისი გათავისუფლების შესახებ. მოსარჩელეს შვებულება დაუმთავრდა 2002წ. 14 ნოემბერს, ხოლო გათავისუფლდა 18 ნოემბერს. შვებულების ბრძანებაში მითითება, რომ კ-ეს მიეცა შვებულება 45 სამუშაო დღე, მოპასუხის განმარტებით შეცდომაა, ნ. კ-ე შვებულებაში იყო 45 კალენდარული დღით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ნ. კ-ის განმარტება მოპასუხის მიერ პოლიტიკური მოტივით მისი გათავისუფლების შესახებ, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ და მოითხოვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 იანვრის გადაწყვეტილებისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 21 მარტის განჩინების გაუქმება და სამსახურში აღდგენა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კასატორმა მიიჩნია უსაფუძვლოდ და არაკანონიერად შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, შკკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს უნდა ეცნობოს პერსონალურად ორი თვით ადრე მაინც, რაც მუშაკის მიერ დადასტურებულ უნდა იქნეს ხელმოწერით. აღნიშნული მოთხოვნა დარღვეულ იქნა გამგეობის მიერ. ასევე არ იქნა გათვალისწინებული “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, გამგეობის მიერ არ მომხდარა აგრეთვე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლით გათვალისწინებული შრომის წიგნაკში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება.

მოწინააღმდეგე მხარემ – ზესტაფონის რაიონის სოფ. ......-ის გამგებელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება. მოწინააღმდეგე მხარის აზრით, არასწოროა შკკ-ს 422-ე მუხლის პირველ ნაწილზე კასატორის მითითება, რადგან კასატორი გათავისუფლებულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 50-ე და 101-ე მუხლების საფუძველზე და ამავე კანონის 108-ე მუხლი გათავისუფლების შესახებ მუშაკის წერილობით შეტყობინებას არ ითვალისწინებს, ხოლო ზეპირი ფორმით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ცნობილი იყო კასატორისათვის, რასაც თავად კასატორიც არ უარყოფს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებას კასატორი ასაჩივრებს იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვისას არ გამოიყენა შკკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს პერსონალურად უნდა ეცნობოს ორი თვით ადრე მაინც, რაც კასატორის აზრით, მოპასუხის მიერ არ იქნა დაცული სამსახურიდან მისი დათხოვნის დროს. საკასაციო პალატა აღნიშნულ მოტივს, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ვინაიდან კასატორ ნ. კ-ეს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ამიტომ სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რაც სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 21 მარტის სხდომის ოქმშიც დაფიქსირებულია კასატორის განმარტების სახით, რომ სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ კასატორი წინასწარ იყო გაფრთხილებული 2002წ. 24 და 30 ივნისს, ხოლო გათავისუფლების შესახებ მისი ბრძანება გამოიცა კასატორის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, 2002წ. 18 ნოემბერს ასევე უტყუარად დადასტურებულია, რომ კასატორი ნ. კ-ე არის 62 წლის. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 101-ე მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან ასაკის გამო. ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ქალისათვის სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრება 60 წლით და კასატორი ნ. კ-ეც სწორედ აღნიშნული ნორმების საფუძველზე, საპენსიო ასაკის მიღწევის გამო იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. ამავე კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ “მოხელეს ერთი თვით ადრე უნდა ეცნობოს ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ”, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დაცულია მოპასუხე სოფ. ......-ის გამგეობის მიერ, რადგან როგორც სააპელაციო სასამართლოსათვის მიცემული კასატორის განმარტებებით გაირკვა, მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მისთვის ცნობილი ყოფილა 2002წ. 24, 30 ივნისიდან.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ შკკ-ს 422-ე მუხლის გამოუყენებლობას, საკასაციო პალატა კასატორის ამ არგუმენტს, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს, რადგან კასატორი ნ. კ-ე იყო საჯარო მოსამსახურე, სააპელაციო სასამართლომ საჯარო მოსამსახურესთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტისას მართებულად იხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით ანუ სწორად გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კასატორის მიერ მითითებული შკკ, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან სწორედ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი აწესრიგებს საქართველოში საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის მდგომარეობას, მისი სამსახურში მიღება-დათხოვის წესს და კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ურთიერთობა, რაც საჯარო სამსახურის შესახებ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შრომის კანონთა კოდექსით. ვინაიდან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 108-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია გათავისუფლების შესახებ მოხელის ერთი თვით ადრე გაფრთხილების წესი, რაც სოფ. ......-ის გამგეობის მიერ დაცულია კასატორის გათავისუფლების დროს, ამიტომ შკკ-ს 422-ე მუხლის გამოუყენებლობაზე კასატორის მითითება უმართებულოა და საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზეც, რომლის მიხედვით: “ასაკის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში მოხელეს ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით”. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან სამსახურიდან გათავისუფლების დროს მისთვის არ მიუციათ ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული 3 თვის კომპენსაცია და არც სააპელაციო სასამართლოს დაუკმაყოფილებია მისი კანონიერი მოთხოვნა, რასაც საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამავე კანონის 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება (დათხოვნის შემდეგ კომპენსაციის სახით 3 თვის თანამდებობრივი სარგოს მიცემის შესახებ) შეჩერებულია 2004წ. 1 იანვრამდე, ამიტომ აღნიშნული მოტივით სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება უსაფუძვლოა.

კასატორის მითითებით, სამსახურიდან მისი დათხოვის შემდეგ გამგეობის მიერ არ მომხდარა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება შრომის წიგნაკში, რაც საკასაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველს. პალატა მიუთითებს მოპასუხე სოფ. ......-ის გამგეობას, რომ სამსახურიდან მოხელის გათავისუფლების შესახებ შრომის წიგნაკში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერები გათავისუფლების თარიღის აღნიშვნით, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამის მუხლსა და პუნქტზე მინიშნებით სამსახურიდან გათავისუფლების ფორმულირება შრომის წიგნაკში შეიტანება მხოლოდ მოხელის მოთხოვნით.

ამდენად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს ნ. კ-ის საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მარტის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებზე მითითებულ დარღევებს ადგილი არ ჰქონია, სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მართებულად არ გამოიყენა შკკ, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.