Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-173-340-კ-03 27 ნოემბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. ბათუმში, ... მდებარე ერთოთახიანი კომუნალური ბინა ირიცხებოდა ნ. თ-ის ოჯახის სახელზე, რომელმაც ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990წ. 21 მარტის ¹169 გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნული ბინა გაუცვალა კ. ვ-ის ოჯახს, თუმცა ეს უკანასკნელი ბინაში საცხოვრებლად არ გადასულა.

სამისამართო ბიუროს 2001წ. 11 დეკემბრის ცნობის მიხედვით, ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინაში 1989წ. 21 ივნისს ჩაეწერა მოწინააღმდეგე მხარე _ ჟ. ლ-ე, ხოლო ¹... მიკრორაიონის გამგეობის ცნობის თანახმად, აღნიშნული ჩაწერა განხორციელდა 1991წ. 16 მაისს. მონაცემები, რის საფუძველზეც განხორციელდა ჟ. ლ-ის მითითებულ ბინაში ჩაწერა, გამგეობას არ მოეპოვება.

1992წ. 23 დეკემბერს ჟ. ლ-ემ მოახდინა სადავო ბინის პრივატიზება.

ქ. ბათუმის მერიამ, იმ მოტივით, რომ ჟ. ლ-ის მიერ ბინის პრივატიზაციით დაირღვა “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილება, 2002წ. 18 დეკემბერს სარჩელი აღძრა ბათუმის სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმში ... მდებარე ბინის პრივატიზაციის შესახებ ჟ. ლ-ესა და ¹2 საბინაო საექსპლუატაციო კანტორას შორის 1992წ. 23 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბინების პრივატიზაციის შესახებ ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, მოქალაქეს მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში გადაეცემოდა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობით, ასევე საჭირო იყო მოქალაქის განცხადება იმ ორგანიზაციის ან დაწესებულების მიმართ, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი ფართი, რაც არ იქნა დაცული ჟ. ლ-ის მიერ ბინის სადავო პრივატიზებისას.

ბათუმის მერიის სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა _ ჟ. ლ-ემ და ნოტარიუსმა მ. მ-ემ. მოპასუხეებმა კანონიერად მიიჩნიეს განხორციელებული ბინის პრივატიზაცია. ნოტარიუსის განმარტებით, პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო სათანადო დოკუმენტაციის, კერძოდ, ფორმა ¹1-ის, საბინაო საექსპლოატაციო ბიუროს მიერ გაცემული ოჯახის შემადგენლობისა და ფართობის შესახებ ცნობის საფუძველზე. ხოლო ჟ. ლ-ე მიუთითებდა, რომ ნ. თ-ესა და კ. ვ-ს შორის მოხდა არა სადავო ბინის გაცვლა, არამედ ნ. თ-ემ იყიდა კ. ვ-ისაგან ბინა და მისივე თანხმობით ჩაეწერა ბინაში ჟ. ლ-ე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის მერიამ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის განჩინებით ქ. ბათუმის მერიას უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ჟ. ლ-ე სადავო ბინაში ჩაეწერა 1991წ. 16 მაისს და ფორმა ¹1-ით გატარდა რეგისტრაციაში ბათუმის მერიის ¹1 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორაში, ხოლო 1992 წელს ამავე კანტორის მიერ გაცემული ცნობებისა და ¹1 საბინაო საექსპლოატაციო კანტორის წარმომადგენლის თანხმობით მოხდა ბინის პრივატიზება. სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, ვინაიდან საბინაო საექსპლოატაციო კანტორა არის ქ. ბათუმის მერიის ქვედანაყოფი, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს სადავო პრივატიზების მომენტიდან, რადგან ბათუმის მერიისათვის პრივატიზების შესახებ იმთავითვე იყო ცნობილი. პრივატიზაციის განხორციელებისას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა ხანდაზმულობის 3 წლიან ვადას, ხოლო ამჟამად მოქმედი სკ-ს 129-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი, ხოლო 144-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ხანდაზმულობის გასვლის შემთხვევაში, ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, პალატამ ხანდაზმულად მიიჩნია ქ. ბათუმის მერიის სარჩელი.

სააპელაციო პალატამ ნოტარიუსის განმარტებაზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ პრივატიზების ხელშეკრულება დაიდო ორივე მხარის თანხმობით და მოსარჩელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება პრივატიზაციის გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ, ხოლო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილების 4-7 პუნქტების შესაბამისად ჟ. ლ-ეს უფლება ჰქონდა მოეხდინა ბინის პრივატიზაცია. ამრიგად, სააპელაციო პალატამ ხანდაზმულობასთან ერთად, ქ. ბათუმის მერიის სარჩელი უსაფუძვლოდაც მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ და იგივე მოტივით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, ასევე საქმეზე არსებითად ახალი გადაწყვეტილების გამოტანით პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

მიუხედავად დადგენილი წესით კასატორის – ქ. ბათუმის მერიისა და ნოტარიუს მ. მ-ის საკასაციო სასამართლოში გამოძახებისა, მხარეები სასამართლოში არ გამოცხადდნენ, ამიტომ საკასაციო საჩივარი განხილული იქნა მათი დასწრების გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილისა.

მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხე) ჟ. ლ-ემ საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მოწინააღმდეგე მხარის ჟ. ლ-ის განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) ჟ. ლ-ე ქ. ბათუმში, ... მდებარე კ. ვ-ის სადავო ბინაში ჩაეწერა 1991წ. 16 მაისს. 1992წ. 23 დეკემბერს ქ. ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ¹.... საბინაო-საექსპლოატაციო კანტორის წარმომადგენელსა და ჟ. ლ-ეს შორის გაფორმდა სადავო ერთოთახიანი ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე. კასატორმა ქ. ბათუმის მერიამ 1992წ. 23 დეკემბერს განხორციელებული ბინის პრივატიზების ბათილად ცნობაზე სასამართლოში სარჩელი აღძრა 2002წ. 18 დეკემბერს, სადავო გარიგების დადებიდან 10 წლის შემდეგ.

სადავო გარიგების _ ბინის პრივატიზების დადების მომენტისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ დავებზე შეადგენდა 3 წელს იმ მომენტიდან, როცა მხარისათვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო ცნობილი მისი უფლების დარღვევის შესახებ. ჟ. ლ-ესთან დადებული ბინის სადავო პრივატიზების კონტრაჰენტია ქ. ბათუმის ადგილობრივი მმართველობის (ამჟამად მერია) ¹1 საბინაო-საექსპლოატაციო კანტორა, რომელიც იმჟამად წარმოადგენდა და ახლაც არის ქ. ბათუმის მერიის სამსახური და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. ამიტომ სადავო გარიგების დადების შესახებ მოსარჩელე ქ. ბათუმის მერიისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო გარიგების დადების მომენტიდანვე და სარჩელი ხანდაზმულია. ხოლო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 84-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გადაცილებით სარჩელის აღძვრა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. რის გამოც საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ხანდაზმულობის მოტივით ქ. ბათუმის მერიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს, რადგან პალატამ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი დადგენა-შეფასებითა და კანონის მართებული გამოყენებით გამოტანა კანონიერი გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი, სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო პალატის აზრით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 261 მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 39-ე მუხლით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის განჩინება.

3. ქ. ბათუმის მერიას საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.