Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-176-341-კ-03 29 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ავტოფარეხის მშენებლობისათვის ნებართვის გაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 24 თებერვალს გ. დ-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს და დ. ა-ის მიმართ სარჩელი აღძრა და ავტოფარეხის მშენებლობისათვის ადგილის გამოყოფა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

გ. დ-ე 1987 წლიდან ქ.ბათუმში, ... ცხოვრობდა. მან 2002 წელს ¹5 მიკრორაიონის გამგეობისაგან საცხოვრებელი სახლის საერთო საკუთრების ეზოში ავტოფარეხის მშენებლობაზე ნებართვის გაცემა მოითხოვა. ქ.ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობის ¹01-21/12 წერილით გ. დ-ეს ეცნობა, რომ არქიტექტურის განყოფილების მიერ ტექნიკურ კომისიაზე აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში გ. დ-ის თხოვნა დაკმაყოფილდებოდა.

მოსარჩელემ წერილის მიღების შემდეგ, 2002წ. ივნისის თვეში ავტოფარეხის მშენებლობისათვის ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სამმართველოს მიმართა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. ამ პერიოდში მისმა მეზობელმა დ. ა-ემ, მასთან შეუთანხმებლად, მის მიერ ავტოფარეხის მშენებლობისათვის მიტანილი ხრეში გადაყარა და ქ.ბათუმის არქიტექტურის სამმართველოს მიერ კანონის მოთხოვნების უგულებელყოფით გაცემული ავტოფარეხის მშენებლობის პროექტის საფუძველზე საკუთარი ავტოფარეხის მშენებლობა დაიწყო. ამასთან, ზემოაღნიშნული საკითხი ქ.ბათუმის მერიის ტექნიკური კომისიის სხდომაზე განხილული არ ყოფილა, რის გამოც დარღვეულ იქნა «მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10, მე-12, მე-15, მე-17, მე-18, 27-ე და სხვა მუხლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. დ-ემ ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ დ. ა-ეზე გაცემული ავტოფარეხის მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა, აგრეთვე დ. ა-საგან მისთვის მიყენებული ზიანის 45 ლარის (ხრეშის ღირებულება) და 200 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში (საადვოკატო მომსახურების თანხა) ანაზღაურება მოითხოვა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას ქ.ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ 2002წ. 4 დეკემბრის ¹83 ნებართვის საფუძველზე და ქ.ბათუმის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებით ავტოფარეხის მშენებლობისათვის 6,68 კვ.მ ფართი გამოეყო.

ბათუმის საქალაქო სასამრთლოს 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით გ. დ-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გ. დ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტი მიიჩნევდა, რომ სასამართლომ მისი მოთხოვნები უგულებელყო და არსებითად არ განიხილა. მოსარჩელის მოსაზრებით, ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველომ სასამართლო პროცესზე გამოცხადებას თავი შეგნებულად აარიდა, რადგან მათ მიერ გაცემული ნებართვის სიყალბე არ დამტკიცებულიყო.

ქ.ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს წარმომადგენელმა და სასამართლოს მიერ მოწვეულმა არქმშენინსპექციის წარმომადგენელმა 2003წ. 26 ივნისის სასამართლო სხდომაზე აღნიშნეს, რომ დ. ა-ეზე გაცემული ავტოფარეხის მშენებლობის ნებართვა კანონიერი იყო, რადგან იგი კანონის სრული დაცვით იქნა გაცემული და ხელს არქმშენინსპექციის უფროსი და ქალაქის მთავარი არქიტექტორი აწერდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 26 ივნისის განჩინებით გ. დ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქ.ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ გაცემული ¹83 ნებართვა კანონიერი იყო, ვინაიდან მას ქალაქის მთავარი არქიტექტორი და არქმშენინსპექციის უფროსი აწერდა ხელს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხრეშის გადაყრის და ზიანის ანაზღაურების თაობაზე დასაბუთებული არ იყო, რადგან მოპასუხეს დადგენილი წესით მიღებული ნებართვის საფუძველზე ხრეშის გადაადგილების უფლება ჰქონდა, რათა მშენებლობა ეწარმოებინა.

აღნიშნული განჩინება გ. დ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ ქ.ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს ¹83 ნებართვა გადასწორებული იყო და სხვა პროექტიდან გამომდინარეობდა, რადგან ვინმე ა-ეს სადავო ტერიტორიაზე აშენებული ჰქონდა ავტოფარეხი, რომელიც გაასხვისა, ხოლო შემდეგ კი თავისი მოგვარე დ. ა-ის სახელზე გადაასწორა ¹83 ნებართვა, რათა მეორე ავტოფარეხი აეშენებინა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ გურამ დიასამიძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 26 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არამართებული გამოყენებითა და მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე საქმეზე არასწორი განჩინება მიიღო.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღებისას უნდა გამოეყენებინა «არქიტექტურული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი, ასევე კანონი «მიწის რეგისტრაციის შესახებ”, კერძოდ, ის ნორმები, რომლებიც მშენებლობის დაწყებისათვის ნებართვის გაცემას არეგულირებენ.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ დ. ა-ეზე გაცემული ავტოფარეხის მშენებლობის ნებართვა ისე ჩათვალა კანონიერად, რომ მხოლოდ ქ.ბათუმის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოსა და არქმშენინსპექციის წარმომადგენელთა განმარტებებს დაეყრდნო. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ გამოურკვევია, იყო თუ არა განხილული მერიის ტექკომისიის სხდომაზე დ. ა-ისათვის ავტოფარეხის მშენებლობის ნებართვის საკითხი, ასევე შეეძლო თუ არა ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს დ. ა-სათვის ავტოფარეხის მშენებლობის ნაბართვის გაცემა, მაშინ როცა ამავე სამმართველოში უკვე წარდგენილი იყო გ. დ-ის განცხადება იმავე მოთხოვნით. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დაცული იქნა კი გ. დ-ის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოიყენოს «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს შეეძლო ასკ-ს მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა და შეფასება. კერძოდ, თუ სააპელაციო სასამართლო ქ.ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოს მიერ დ. ა-ეზე გაცემული ავტოფარეხის მშენებლობის ნებართვაში ეჭვს შეიტანდა, მას სრული უფლება ჰქონდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებათა გამოთხოვის გზით დაედგინა კანონიერად იქნა თუ არა გაცემული ზემოთ მითითებული ნებართვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. დ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 26 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.