840აპ. 13 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ბ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ ქ. ქ-ის, აგრეთვე დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ბ-ლი, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების (2000 წლის 5 დეკემბრის რედაქცია) შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. იმავე განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ბ-ლს დაეკისრა დაზარალებულისათვის მიყენებული 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ ნ. ბ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2002 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ქ. რუსთავში, მ. ---ს ქუჩის გვერდიგვერდ მდებარე ¹22-ე და ¹24-ე კორპუსების მცხოვრებლებმა ჩაატარეს გაზგაყვანილობის მილების სარემონტო სამუშაოები. აღნიშნულის გამო მოხდა თანხის აკრეფა, რასაც ორგანიზება გაუკეთა ¹24-ე კორპუსში მცხოვრებმა ნ. ბ-მა. 2002 წლის 24 ნოემბერს ნ. ბ-ლი ---ს ქუჩის ¹22-ე კორპუსის პირველი სადარბაზოს წინ შეხვდა მეზობელს, მ. გ-ეს, რომელსაც უსაყვედურა იმის თაობაზე, რომ გაზის მილების შემოსაყვანი თანხის მხოლოდ ნახევარი _ 10 (ათი) ლარი ჰქონდა გადახდილი. ამ ნიადაგზე ისინი შეკამათდნენ, რა დროსაც ნ. ბ-მა მოხუც ქალს დაუწყო ლანძღვა-გინება, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ამის გამო აღშფოთება გამოხატა რა მ. გ-ემ, მას სახის არეში ხელი გაარტყა ნ. ბ-მა და ამით განზრახ მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, მარცხენა ყვრიმალის მიდამოს რბილი ქსოვილის შესიებისა და სისხლნაჟღენთების სახით. ამ პერიოდში ეზოში ჩავიდნენ საერთო მეზობლები _ დედა-შვილი, ს. დ-ნი და ს. დ-ნი. ნ. ბ-ლი მათზეც განაწყენებული იყო, რადგან ისინი მისგან ითხოვდნენ გაზგაყვანილობის მილების რემონტისათვის გაღებული 20 ლარის უკან დაბრუნებას. ნ. ბ-მა დედა-შვილ დ-ბსაც დაუწყო ლანძღვა-გინება, იხმარა უწმაწური სიტყვები მათი ახლობლების მისამართით. იგი ამასაც არ დასჯერდა, გააგრძელა თავისი ხულიგნური მოქმედება, ჯერ ხელი გაარტყა ს. დ-ნს, ხოლო შემდეგ შვილის საშველად წამოსულ ს. დ-ნს გადაუგრიხა ხელი, რითაც განზრახ მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ნ. ბ-ის ასეთი ხულიგნური ქმედება გრძელდებოდა დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში, რითაც უხეშად დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატავდა აშკარა უპატივცემულობას საზოგადოებისადმი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. ბ-მა და დაზარალებულ მ. გ-ის წარმომადგენელმა ნ. გ-ემ. აპელანტი ნ. ბ-ლი საჩივრით ითხოვდა აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და თავის გამართლებას.
აპელანტი ნ. გ-ძე თავისი საჩივრით ითხოვდა განაჩენის შებრუნებას მსჯავრდებულისათვის საუარესოდ, კერძოდ, ნ. ბ-ის მიმართ რეალური სასჯელის _თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას 1 (ერთი) წლის ვადით, ასევე მსჯავრდებულისათვის მორალური ზიანის საზღაურად 3000 (სამი ათასი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის საზღაურად 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდის დაკისრებას.
საჩივრები განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2006 წლის 13 ივლისის განაჩენით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
მსჯავრდებული ნ. ბ-ლი დამნაშავედ ცნო მ. გ-ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჩადენაში, რის გამოც მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე, ხოლო ამ დანაშაულისათვის სასჯელის ზომად განუსაზღვრა ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; მასვე დაზარალებულ მ. გ-სათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დააკისრა 1000 (ათასი) ლარის გადახდა, ხოლო სხვა ნაწილში გარდაბნის რაიონული სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ბ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ქ. ქ-მა, აგრეთვე დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. გ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები _ ნ. ბ-ლი და ქ. ქ-ლი თავიანთი საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ამიტომ მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილიდან 120-ე მუხლზე გადაკვალიფიცირება იყო უკანონო; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არასრულყოფილია და არ შეიძლებოდა მისი მტკიცებულებად მიღება; სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო მტკიცებულებები, რომლებიც მას ამართლებდნენ; ამასთან, საქმეში არ მოიპოვება ისეთი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, გამხდარიყო სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
კასატორი ნ. გ-ძე თავისი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ნ. ბ-ის მიმართ საქმის დაბრუნებას ახალი განხილვისათვის იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ჩაიდინა ხულიგნობა _საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და არა მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ნ. ბ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულისა და მისი დამცველის საჩივრის მოტივს, რომლის მიხედვით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია დაზარალებულის ჯანმრთელობისათვის მსჯავრდებულ ნ. ბ-ის ქმედებით მიყენებული ზიანის ხარისხი, არ შეიძლება მიღებულ იქნეს სარწმუნო მტკიცებულებად, საკასაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულება მოპოვებულია საპროცესო ნორმების შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად და მას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. ამ დოკუმენტით სარწმუნოდ დასტურდება, რომ ნ. ბ-მა ნამდვილად მიაყენა მ. გ-ეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ხოლო საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება ან სხვაგვარი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ დაზარალებულმა ხსენებული დაზიანება მიიღო სხვა ვითარებაში, სხვა დროს და სხვა ადგილზე. აქედან გამომდინარე, ის მტკიცებულებები, რომლებზეც დაცვის მხარე მიუთითებს მსჯავრდებულის გამართლების მიზნით, ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ და ვერ გახდება ამ უკანასკნელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს, ასევე, კასატორ ნ. გ-ის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ნ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უსაფუძვლოდ გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე და რომ აღნიშნული ქმედება არასწორად შეაფასა როგორც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება. საქმის მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებულ ნ. ბ-ის ქმედება ნაკარნახევი და მართული იყო მკაფიოდ გამოკვეთილი პირადი მოტივით კონკრეტული პირის _ დაზარალებულ მ. გ-ის პიროვნების მიმართ. იგი მიზნად არ ისახავდა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და შინაგანად მისი შეგნება არ იყო საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების მოტივის გამომხატველი, რომლის გარეშე ხულიგნური ქმედება არ არსებობს, რის გამოც უნდა დავასკვნათ, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ნ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის ჯარიმის სახით დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა თვლის, რომ იგი წარმოადგენს საკმარის ზომას, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ნ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც სამოქალაქო სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მსჯავრდებულ ნ. ბ-ლს დაეკისრა 1000 (ათასი) ლარის გადახდა დაზარალებულ მ. გ-სათვის მიყენებული მატერიალური ზიანის საზღაურად, ვინაიდან სასამართლოს მიერ განაჩენში ასეთი გადაწყვეტილებისათვის მოტანილი დასაბუთება არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან. ამიტომ სამოქალაქო სარჩელის ნაწილში საქმე უნდა გადაეცეს შეაბამის სასამართლოს აღნიშნული საკითხის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, სათანადო მტკიცებულებების საფუძველზე დაიცვან თავიანთი პოზიციები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის მეოთხე ნაწილითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ბ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ ქ. ქ-ის, აგრეთვე დაზარალებულის უფლებამონაცვლის _ ნ. გ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 13 ივლისის განაჩენი გაუქმდეს სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რომლითაც მსჯავრდებულ ნ. ბ-ლს დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქმე ამ ნაწილში გადაეცეს შესაბამის სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად.
განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ნ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.