Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-18-223-კ-03 29 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: სარჩოს დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. გ-ე-ს-ის რწმუნებით გურიის მხარის შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური და სამართლებრივი დაცვის ასოციაციის დირექტორმა 2002წ. სექტემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის სატყეო მეურნეობის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ დ. გ-ის მეუღლე რ. გ-ე მუშაობდა ოზურგეთის სატყეო მეურნეობაში ფართო მოხმარების საამქროს ...ად, რომელიც 1992წ. 19 აგვისტოს საწარმოში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის შესახებ შედგა სათანადო აქტი ნ-1. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. ¹502 დადგენილების შესაბამისად ღებულობდა ხელფასსა და პენსიას შორის სხვაობას 1997წ. სექტემბრამდე. აღნიშნული სხვაობიდან 1997 წელს მიცემული აქვს 88 ლარი. სატყეო მეურნეობა უარს ეუბნება სარჩოს ანაზღაურებაზე იმ მოტივით რომ გარდაცვლილის შვილის განცხადების საფუძველზე მძიმე ეკონომიკური პირობების გამო ოჯახს დაენიშნა დახმარება და არა პენსია, რაც არასწორი იყო, ვინაიდან სატყეო მეურნეობის დირექტორმა გასცა ცნობა, რომლის თანახმადაც საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 28 ივნისის ¹502 დადგენილების საფუძველზე მის ოჯახს 1992წ. 1 სექტემბრიდან უნაზღაურდება პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობა 3 ლარი. მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვდა 3958 ლარის ანაზღაურებას 2002წ. 1 აგვისტომდე, ხოლო 1 აგვისტოდან ყოველთვიურად 90 ლარის გაცემას. ასევე, ერთდროულად მისაღები თანხის ჩარიცხვას ბანკში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე და ანგარიშის გახსნის ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას.

მოპასუხე, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის სატყეო მეურნეობამ სარჩელი არ ცნო, და განმარტა, რომ რ. გ-ე გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად, მის მიერ თვითნებურად ელექტროსადენის დაგრძელების შედეგად, რაშიც საწარმოს ბრალი არ მიუძღვის. 1997 წელს მისმა შვილმა განცხადებით მიმართა სატყეო მეურნეობას მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო და ითხოვა დახმარება. სატყეო მეურნეობა გარდაცვლილის ოჯახს უხდიდა ყოველთვიურად 3 ლარს, ადამიანური თანაგრძნობის სახით. იმ დროს საწარმო იყო სამეურნეო ანგარიშზე და მისი გადახდის საშუალება ჰქონდა. ამჟამად მწირე სახელმწიფო დაფინანსების გამო არანაირი საშუალება არ გააჩნდა დახმარება გაეწია მოსარჩელისათვის.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-ის წარმომადგენელმა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ს-ის წარმომადგენლის ვ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სატყეო მეურნეობას დ. ს-ე-გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3508 ლარის ერთდროულად, ხოლო 2002წ. 1 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 60 ლარის გადახდა. საბანკო ანგარიშის გახსნასა და გახსნის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნაზე უარი ეთქვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის სატყეო მეურნეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოწინააღმდეგე მხარის დ. ს-ე-გ-ის წარმომადგენელმა ვ. დ-მ, რომელმაც დაურთო მისი მარწმუნებლის განცხადება, რომლითაც დ. სიხარულიძე აუქმებს მის მიერ 2002წ. 10 ივნისის ოზურგეთის სანოტარო ბიუროში გაფორმებულ რწმუნებას ¹I-6II და გურიის მხარის შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური და სამართლებრივი დაცვის ასოციაციის მიერ ამ რწმუნებით ნაკისრ ვალდებულებებს და აცხადებს, რომ ოზურგეთის სატყეო მეურნეობასთან მისი ქმრის რ. გ-ის 1992წ. 9 აგვისტოს დაღუპვის გამო ზიანის ანაზღაურების თაობაზე პრეტენზიები არ გააჩნია.

განცხადება ხელმოწერილია მოქალაქე დ. ს-ის მიერ სოფ. ...ის საკრებულოში 2003წ. 24 აპრილში საკრებულოს გამგებლის თ. ს-ის თანდასწრებით და დამოწმებულია გამგებლის მიერ სათანადო ბეჭდით. ასევე 2003წ. 25 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა თვით დ. ს-ე-გ-მ და აღნიშნა, რომ ოზურგეთის სატყეო მეურნეობის მიმართ ამავე რაიონის სასამართლოში აღძრული ჰქონდა სარჩელი მისი ქმრის _ რ. გ-ის საწარმოში დაღუპვასთან დაკავშირებით ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მხარესთან შეთანხმების გამო უარს აცხადებს თავის სასარჩელო განცხადებაზე და ითხოვს საქმის შეწყვეტას.

ზემოაღნიშნული განცხადება დამოწმებულია ნოტარიულად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს და მოწინააღმდეგე მხარის დ. სი-ე-გ-ის განცხადებას, მიაჩნია, რომ საქმეზე დ. ს-ს-გ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის სატყეო მეურნეობის მიმართ, წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.

ამავე კოდექსის მესამე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სსკ-ს მე-3 მუხლით მინიჭებული დისპოზიციურობის პრინციპით, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ _ ცნოს სარჩელი.

სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-3 მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოწინააღმდეგე მხარის დ. ს-ე-გ-ის განცხადება სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. დ. ს-ე-გ-ის სარჩელზე, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ოზურგეთის სატყეო მეურნეობის მიმართ, წარმოება შეწყდეს;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.