გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-183-346-კ-03 3 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, საპენსიო დანამატის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 10 დეკემბერს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ი. შ-ემ მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.
სარჩელში მითითებული იყო, რომ 1910წ. 1 მაისს დაბადებული, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, პირველი ჯგუფის ინვალიდი, მრავალი სამხედრო და სამოქალაქო ჯილდოს მფლობელი ი. შ-ე 1946წ. 18 აგვისტოდან იღებდა ინვალიდობის პენსიას, ხოლო 1999წ. 2 თებერვლიდან _ პენსიას მოხუცებულობის გამო.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2002წ. 15 ოქტომბერს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს ი. შ-ემ მიმართა განცხადებით, რომლითაც ითხოვა პენსიაზე კუთვნილი დანამატის გაცემა.
მოსარჩელის განმარტებით, ფონდიდან მიიღო წერილობითი პასუხი, რომელშიც ეწერა, რომ პენსიის გადიდება უნდა განხორციელებულიყო საქართველოში ასაკის გამო მინიმალური პენსიის ოდენობის განმსაზღვრელი კანონის მიღების შემდეგ, ხოლო, ვინაიდან საქართველოში ასეთი კანონი მიღებული არ იყო, ი. შ-ის თხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ აღნიშნული პასუხი იყო არადამაკმაყოფილებელი, რადგანაც “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ასაკის გამო მინიმალური პენსიის ოდენობა დადგენილიყო საქართველოს კანონმდებლობით, ხოლო “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა მოიცავს, როგორც საკანონმდებლო აქტის, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ერთობლიობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული საკითხი შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო, როგორც საკანონმდებლო, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული საკითხის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტი არ არსებობდა, მაგრამ, რადგანაც საქართველოში მინიმალური პენსია შეადგენდა 14 ლარს, ამიტომ სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს უნდა ეხელმძღვანელა ამ საფუძვლით და ადმინისტრაციული წარმოების გზით უნდა დაეკმაყოფილებინა ი. შ-ის მოთხოვნა, რაც არ განუხორციელებია და შესაბამისად, ი. შ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად, სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2002წ. 16 ოქტომბრის ¹29366 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა; “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, ი. შ-ისთვის ინვალიდობის პენსიაზე დანამატის მიცემა; ამავე კანონის 41-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად, ი. შ-ისთვის კუთვნილ პენსიაზე მომატების მიცემა; ამავე კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელისთვის მოხუცებულობის პენსიაზე შესაბამისი დანამატის მიცემა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ი. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საპენსიო დანამატის გადახდა 9 ლარისა და 33 თეთრის ოდენობით, ხოლო ამავე კანონის 41-ე მუხლის “დ” პუნქტის თანახმად _ 14 ლარი 2003წ. თებერვლიდან; ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის გადახდა; ამავე კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ი. შ-ეს მოხუცებულობის პენსიაზე დაემატა ორი მინიმალური პენსიის ოდენობა _ 28 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ემ და გადაწყვეტილების გაუქმების ძირითად საფუძვლებად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
1. რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმში არ არის ასახული მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტებები და მათი პაექრობის შინაარსი, როგორც ამას მოითხოვს სსკ-ს 288-ე მუხლის “თ” და “კ” ქვეპუნქტები;
2. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას არ გააჩნია სამოტივაციო ნაწილი. მოსარჩელეს კი არც ზეპირად და არც წერილობით არ განუცხადებია, რომ ეთანხმებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და უარს ამბობდა გასაჩივრებაზე;
3. სასამართლომ არ გადაწყვიტა ი. შ-ის მოთხოვნა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2002წ. 16 ოქტომბრის ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო შეცდა, როდესაც ი. შ-ის პენსიაზე დანამატის გაცემა მოპასუხეს დააკისრა 2003წ. 1 თებერვლიდან და არა _ 2002წ. 1 ნოემბრიდან, როგორც ეს დადგენილია “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის პირველი წინადადებით, რადგანაც მოსარჩელის პენსიაში ცვლილების შეტანა უნდა განხორციელებულიყო მას შემდეგ, რაც მან 2002წ. 15 ოქტომბერს განცხადებით მიმართა მოპასუხეს.
აპელანტი აღნიშნავდა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ადრინდელ და ახლანდელ პენსიებს შორის სხვაობის გადახდა მხოლოდ ინვალიდობისთვის პენსიის ნაწილში, ხოლო მოხუცებულობის პენსიის ნაწილში არ დაკისრებია, რაც არასწორია. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ადრინდელ და ახლანდელ პენსიებს შორის სხვაობის გადახდა წარსული დროისთვის, როგორც ინვალიდობისთვის პენსიის ნაწილში, ისე _ პენსიისთვის მოხუცებულობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2002წ. 16 ოქტომბრის ¹29366 წერილი; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის საპენსიო დანამატის დანიშვნა როგორც ინვალიდობით, ისე მოხუცებულობის პენსიაზე, 2001წ. 1 ნოემბრიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა. კასატორმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლზე დაყრდნობით, რომელიც ითვალისწინებს ამ კანონის საფუძველზე დანიშნული პენსიის დანამატის 12 თვის უკან დახევით გაცემას დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში. იგი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას და ეხება მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურებიდან დანიშნულ პენსიებს. იგი არ შეიძლება გავრცელდეს სამოქალაქო ხაზით დანიშნულ პენსიაზე, რომელიც ჯერ კიდევ ინიშნება 1990წ. კანონით “მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”. ამ კანონის თანახმად, პენსიაზე დანამატის გაცემა 12 თვის უკან დახევით გათვალისწინებული არ არის. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-60 მუხლი ითვალისწინებს შეღავათს ძალოვანი უწყებებიდან და სამოქალაქო ხაზით დანიშნული ომის ინვალიდობისა და ასაკის პენსიების ერთდროულად გაცემას. ამდენად, ი. შ-ეს ასაკით პენსიაზე (14 ლარი) დანამატი უნდა მიეცეს არა 12 თვის უკან დახევით, არამედ მიმართვის დღიდან, ე.ი. სასამართლოში ან საპენსიო ორგანოში მიმართვის დღიდან. სასამართლომ ი. შ-ის 2002წ. 15 ოქტომბრის განცხადება არასწორად მიიჩნია ორივე სახის პენსიაზე დანამატის დანიშვნის მოთხოვნად. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ასაკის პენსია ი. შ-ეს დანიშნული აქვს და ღებულობს ფონდის რაიონული ფილიალის მხრიდან და არა ფონდის სათავო ოფისში. ფონდის სათავო ოფისში წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულია, რომ დაენიშნოს კუთვნილ პენსიაზე დანამატი, მასში აღნიშნული არ არის, რომ იგი ღებულობს ორი სახის პენსიას. ამდენად, ი. შ-ეს ასაკის პენსიაზე დანამატი უნდა დაენიშნოს არა 2001წ. 1 ნოემბრიდან, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიმართვის დღიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. გადაწყვეტილების გაუქმება ი. შ-ის მიმართ ასაკის პენსიაზე 28 ლარიანი დანამატის 2001წ. 1 ნოემბრიდან დანიშვნის ნაწილში და აღნიშნულის მათზე დაკისრება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მიმართვის დღიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო საჩივრიდან ირკვევა, რომ კასატორი სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს 2001წ. 1 ნოემბრიდან დაეკისრა მოსარჩელე ი. შ-ის სასარგებლოდ დანამატის დანიშვნა მოხუცებულობის პენსიაზე 28 ლარის ოდენობით. კასატორი ითხოვს აღნიშნული ოდენობის დანამატის გადახდის ფონდისთვის დაკისრებას ი. შ-ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მიმართვის დღიდან ანუ 2002წ. 10 დეკემბრიდან. სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილებში კასატორს არ გაუსაჩივრებია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლი (თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს) ეხება მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურებიდან დანიშნულ პენსიებს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული კანონის 50-ე მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს არაძალოვანი უწყებებიდან დანიშნულ პენსიებთან მიმართებაში. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმის საფუძველზე ი. შ-ეს ასაკის პენსიაზე დანამატი 28 ლარი უნდა მიეცეს 2001წ. 1 ნოემბრიდან ანუ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის მიმართვიდან ერთი წლით უკან დახევით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.