Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-188-347-კ-03 14 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 28 ივნისს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. მ-მა, რომლის საფუძველზეც მოითხოვა შს სამინისტროს 2002წ. 08 აპრილის ¹200 ბრძანების გაუქმება და შს ორგანოების სისტემაში თანამდებობაზე აღდგენა.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:

შს მინისტრის 08.04.2002წ. ¹200 ბრძანების საფუძველზე იგი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების 69-ე მუხლის შესაბამისად, ოფიცრის წოდების დისკრედიტაციისათვის.

ბრძანებას საფუძვლად დაედო 2002წ. 13 მარტს ქ. თბილისში, ... მდებარე ნარკოლოგიურ დისპანსერში მომხდარი კონკრეტული შემთხვევა, კერძოდ, სიმთვრალე-სიფხიზლეზე შესამოწმებლად მიყვანილი ჰყავდათ მისი მეგობარი ს-ი. მ. მ-მა ექიმებს სთხოვა შემოწმება ჩატარებულიყო ობიექტურად. ამის შემდეგ მან დატოვა შენობა და გავიდა ეზოში, რა დროსაც მოულოდნელად მივარდა ძაღლი, რომლისგან თავის დაღწევის მიზნითაც, ტარების უფლებით მქონე ტაბელური იარაღიდან მოსარჩელემ ერთხელ გაისროლა ჰაერში, რის შედეგადაც ძაღლი შეშინდა და გაიქცა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის მიერ ჩატარდა შემოწმება და მარეაბილიტირებელი საფუძვლით გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. სსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად.

მოპასუხე შს სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეული იყო “შს ორგანოებში დისციპლინის შესახებ” წესდების I თავის მე-2 პუნქტის, “პოლიციის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის, “შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-60 მუხლის “კ” პუნქტის, (“დისციპლინის ერთჯერადი უხეში დარღვევისათვის”), 69-ე მუხლის (“შს ორგანოებიდან დათხოვნა პოლიციის სახელის დისკრედიტაციისათვის”), ასევე “დისციპლინური წესდების” მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნები.

მოპასუხეს მიაჩნდა, რომ დარღვეული იყო ასევე გასაჩივრების ვადა.

ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა იმაზე, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს დარღვეული ჰქონდა დათხოვნის თაობაზე გამოცემული ბრძანების გასაჩივრების ვადა.

რაიონულმა სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მართალია, საქმეზე გამოტანილი იყო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის თაობაზე, მაგრამ ამავე დროს მოსარჩელის მიერ ჩადენილი იყო დისციპლინური გადაცდომა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. მ-ის წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში.

აპელანტს მიაჩნდა, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ჩათვალა, რომ სარჩელი შეტანილი იყო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. ბრძანება გათავისუფლების შესახებ მ. მ-ს არ ჩაბარებია. რაიონულ სასამართლოს სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით უნდა გამოეყენებინა შკკ-ს 204-ე მუხლი.

აპელანტის აზრით, მისი ქმედება არ შეიცავდა დისციპლინური გადაცდომის ნიშნებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამიმდინარე, აპელანტი ითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივლისის განჩინებით აპელანტ მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 იანვრის განჩინება.

საოლქო სასამართლოს განჩინება მ. მ-ის მიერ გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება კასატორს მიაჩნდა უკანონოდ და ითხოვდა მის გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვადის ათვლა აღნიშნული მუხლით იწყება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ბრძანების გამოცემის დღიდან. კასატორი თვლიდა, რომ შკკ-ს 204-ე მუხლის თანახმად, შრომის დავის გადასაწყვეტად სასამართლოსათვის მიმართვის ვადა აითვლება დათხოვნის შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, რაც გამოყენებული უნდა ყოფილიყო სასამართლოს მიერ.

2. არასწორია სასამართლოს არგუმენტი, რომ მ. მ-ის ქმედებაში არის დისციპლინური გადაცდომა, რადგან “პოლიციის შესახებ” კანონის მე-13 მუხლის პირველი და მე-7 პუნქტების შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა გამოეყენებინა იარაღი.

ყოელივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 17 ივლისის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას საოლქო სასამართლომ სწორად შეაფასა სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების სამართლებრივი ბუნება და ადასტურებს, რომ მ. მ-თან მიმართებაში, მართებულად იქნა გამოყენებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. მაგრამ, ამასთანავე, საკასაციო სასამართლო არასწორად მიიჩნევს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტებას ხანდაზმულობის ვადის ათვლის თაობაზე. კერძოდ, მითითებული მუხლის შესაბამისად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამართლებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე, მოქმედება. აღნიშნული მუხლი არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას, საიდან უნდა მოხდეს გასაჩივრების ზემოაღნიშნული ერთთვიანი ვადის ათვლა. ამავე კანონის მე-14 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, საჯარო სამსახურთან დაკავშირებით ის ურთიერთობა, რომელიც ამ კანონით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

აღნიშნული დებულების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს შრომის კანონთა კოდექსი, რომლის 204-ე მუხლის პირველი ნაწილიც ხანდაზმულობის ვადის ათვლას პირდაპირ და იმპერატიულად უკავშირებს ბრძანების ჩაბარების მომენტს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული უნდა იქნას გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანების დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი, რაც, თავის მხრივ, სასამართლოს მისცემს სარჩელის შემდგომი ბედის გადაწყვეტის შესაძლებლობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.