849აპ. 13 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ა-სა და ნ. ფ-ის დამცველი ადვოკატების _ ზ. რ-სა და თ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 აპრილის განაჩენით: გ. ა-ნი, და ნ. ფ-ვი, მსჯავრდებულ იქნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ბრალეულად ჩადენისათვის, რის გამოც მათ სასჯელის ზომად შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა, თითოეულს _ 7 (შვიდი) წლის ვადით.
მათვე იმავე განაჩენით, სამოქალაქო სარჩელის საფუძველზე, სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულის სასარგებლოდ 3238 (სამიათას ორას ოცდათვრამეტი) ლარისა და 760 (შვიდას სამოცი) აშშ დოლარის საქართველოს ეროვნული ვალუტით გადახდა.
განაჩენის მიხედვით, გ. ა-სა და ნ. ფ-ვს მსჯავრი დაედოთ ყაჩაღობის ჯგუფურად ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004 წლის 13 სექტემბერს გ. ა-ნი და ნ. ფ-ვი დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ გამოძიებით დაუდგენელ ორ სხვა პირს და შეუთანხმდნენ მათ, ერთად ჩაედინათ ყაჩაღური თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი იმავე ღამეს ერთად მივიდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილი-3, ---ის მე-19 კორპუსთან, სადაც შენიშნეს ფეხით მიმავალი ლ. ქ-ლი და მისი არასრულწლოვანი შვილი ი. კ-ძე. დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე ისინი თავს დაესხნენ მათ, რა დროსაც დანის დემონსტრირებითა და მოკვლის მუქარით ლ. ქ-ლს, მიაყენეს რა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, გასტაცეს ხელჩანთა, რომელშიც პირად საბუთებთან ერთად იდო კულონი ვერცხლის ძეწკვით, ღირებული 50 ლარად, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. გ. ა-ნი და ნ. ფ-ვი იმავე ღამეს დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ გ. ა-მა და ნ. ფ-მა. საჩივრებით ისინი ითხოვდნენ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ მათ არ ჩაუდენიათ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედება, ხოლო განაჩენი ეყრდნობა საპროცესო ნორმების დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. სააპელაციო საჩივრები განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2006 წლის 6 ივლისის განაჩენით, არ დააკმაყოფილა რა აპელანტთა მოთხოვნა, უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს მიერ მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულების _ გ. ა-სა და ნ. ფ-ის დამცველებმა, ადვოკატებმა _ ზ. რ-მა და თ. ს-მა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართილს საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვენ მსჯავრდებულთა გამართლებასა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მათ არ ჩაუდენიათ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. კასატორები თავიანთ საჩივარში მიუთითებენ შემდეგ მოტივებზე: გ. ა-სა და ნ. ფ-ის დაკავებისას დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონით დადგენილი მოთხოვნები; მსჯავრდებულთა ალიბი უსაფუძვლოდ უარყვეს სასამართლოებმა; სასამართლო გამოძიება წარიმართა ცალმხრივად, ბრალდების ტენდენციით; სასამართლოებმა უსაფუძვლოდ გაიზიარეს დაზარალებულთა ჩვენებები და არ მიიღეს მხედველობაში ამ ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობები; წინააღმდეგობრივია ბრალდების მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ შეესაბამება რეალურ გარემოებებს; განაჩენები ეყრდნობა საპროცესო კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს, რის გამოც მიაჩნიათ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განაჩენი გ. ა-სა და ნ. ფ-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს და ისინი გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულთა მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გასაჩივრებული განაჩენის თაობაზე, ვინაიდან, საქმეში არსებული მასალების ობიექტური ანალიზიდან გამომდინარე, აღნიშნული პოზიცია ვერ იქნება მიღებული მისი უსაფუძვლობის გამო. საკასაციო საჩივარში მითითებულია გ. ა-სა და ნ. ფ-ის დაკავებისას დაშვებული ცალკეული საპროცესო დარღვევის შესახებ, რის გამოც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დარღვევა გავლენას ვერ მოახდენს მათ ბრალეულობაზე, ვინაიდან არსებობს საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურებულია მსჯავრდებულთა მიერ სასამართლოს განაჩენით მათთვის შერაცხული ქმედების ჩადენა.
ამასთან, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ალიბი, რომლის მიხედვითაც დანაშაულის შემთხვევის დროს გ. ა-ნი და ნ. ფ-ვი სხვა ადგილზე იმყოფებოდნენ, დროის თვალსაზრისით, აშკარად არ შეესაბამება ფაქტობრივ ვითარებას, რადგან ალიბში წარმოდგენილი გარემოებები სინამდვილის შესაბამისი რომ ყოფილიყო, მაშინ დანაშაულის შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულების აღმოჩენა და დაკავება საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა.
სასამართლო გამოძიებისას დაიკითხნენ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მოწმეები, ხოლო სასამართლოს მიერ მათი ჩვენებების გაზიარება თუ უარყოფა მოხდა მათი საფუძვლიანობისა და სხვა უტყუარ მტკიცებულებებთან შესაბამისობის გათვალისწინებით. შეიძლება იგივე ითქვას დაზარალებულთა ჩვენებების თაობაზეც, რომლებშიც არსებითად სწორად არის ასახული მომხდარი შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები. ამიტომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულთა უდანაშაულოდ ცნობისა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე მოკლებულია რეალურ საფუძველს.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის ზომებს, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი განსაზღვრულია გ. ა-სა და ნ. ფ-ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, ქმედების ჩადენისას მათ მიერ გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც სავსებით პასუხობენ სასჯელის მიზნებს, სამართლიანია და ვერ ჩაითვლებიან ზედმეტად მკაცრად, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები გავლენას ახდენს მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე, კერძოდ, აღნიშნული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა გ. ა-სა და ნ. ფ-ის მიერ ჩადენილი ქმედებისათვის, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა. აღნიშნულის შესაბამისად, გ. ა-სა და ნ. ფ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მსჯავრდებულების _ გ. ა-სა და ნ. ფ-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ გ. ა-სა და ნ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ. რ-სა და თ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულების _ გ. ა-სა და ნ. ფ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ გ. ა-სა და ნ. ფ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.