Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-19-224-კ-03 18 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ორი სახეობის პენსიის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 2 ოქტომბერს კ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების მიმართ მეორე სახის პენსიის დანიშვნისა და პენსიათა შორის სხვაობის ფონდისათვის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ არის 1925 წელს დაბადებული, 1987 წელს დაენიშნა მოხუცებულების პენსია. იგი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. 2002წ. აპრილში დაენიშნა სამხედრო პენსია 45 ლარის ოდენობით, რის გამოც, მოეხსნა 1987 წელს დანიშნული პენსია. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, მას სამხედრო პენსიასთან ერთად ეკუთვნის მეორე სახის პენსია.

მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა, რომ მან საპენსიო განყოფილებას სამხედრო პენსიის დასანიშნად მიმართა 1998წ. აპრილში, პენსია კი დაენიშნა 2002წ. აპრილიდან.

ზემოაღნიშნული კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი თვლიდა, რომ მას სამხედრო პენსია უნდა ანაზღაურებოდა 1997წ. აპრილიდან 2002წ. აპრილამდე, რაც შეადგენდა 2736 ლარს.

ყოველივე ზემოაღნიშნულზე მითითებით, კ. გ-ი ითხოვდა მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

სოცუზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილებამ თავის წერილობით შესაგებელში სარჩელი არა სცნო და განმარტა, რომ კ. გ-ზე არ შეიძლება გავრცელებულიყო სამხედრო და შს ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯარის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ კანონის მე-60 მუხლის მოქმედება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. გ-ის სარჩელს უარი ეთქვა უსაფუძვლობის მოტივით.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება კ. გ-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში. აპელანტი სააპელაციო საჩივარს აფუძნებდა იმავე გარემოებებს, რასაც სასარჩელო განცხადებას. აქვე იგი აღნიშნავდა, რომ გარდა მეორე სახის პენსიისა და მასზე დანამატისა, იგი მოითხოვდა 2736 ლარს, რაზეც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საერთოდ არ უმსჯელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით კ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა კ. გ-ის მიერ, რომელიც თავის საკასაციო საჩივარს ფაქტობრივად აფუძნებდა იმავე გარემოებებს, რასაც სარჩელსა და სააპელაციო საჩივარს.

შესაბამისად, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 23 თებერვლის განჩინების გაუქმებას, და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

მოწინააღმდეგე მხარის წარმოადგენელმა სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ კასატორი არ წარმოადგენდა ომის მონაწილეს, ვინაიდან ის მუშაობდა ზურგში სალიანდაგო დეპოში და თავისი სტატუსით განეკუთვნებოდა ომის მონაწილესთან გათანაბრებულ პირს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული შეღავათები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძველებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და ვერ იქნება დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ კ. გ-ი არის 78 წელს მიღწეული პირი, რომელსაც არ მიუღია ომში მონაწილეობა და იმ პერიოდში მსახურობდა ამიერკავკასიის რკინიგზაში. 1949 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, რისი დამთავრების გამოც მიენიჭა უმცროსი ოფიცრის წოდება, ომში მონაწილეობის მოტივით მას სამხედრო წოდება არ მიუღია.

მოსარჩელე ითხოვს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათის მასზე გავრცელებას, კერძოდ, უკვე დანიშნულ პენსიასთან ერთად მოხუცებულობის გამო პენსიის ორი მინიმალური (28 ლარი) დანამატით მიღებას. აღნიშნული ნორმის მიხედვით: “ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-45 წლების ომში მოპოვებული ისტორიული გამარჯვების მონაწილეებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 75 წელი და/ან არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, ეძლევათ ორი სახეობის პენსიის _ ომის ინვალიდობის მიხედვით და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) ერთდროულად მიღების უფლება. ამასთან, მათ მოხუცებულობის პენსიაზე დაენიშნებათ დანამატი მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით”.

“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის პირველი მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია მითითებული კანონის სუბიექტები, კერძოდ, კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში ხელშეკრულებით მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ სამხედრო ძალებში, შსს-ს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სხვა სამხედრო სტრუქტურებში, ან ბ) სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებაზე გაწვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის გამო.

საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ მითითებული კანონის 1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ხსენებული აქტი ვრცელდება ომის იმ ვეტერანებზე, რომლებმაც ომის შემდეგ გააგრძელეს სამხედრო სამსახური, აქვთ ოფიცრის წოდება და სათანადო წელთა ნამსახურობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველი მუხლის “ა” და “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა. უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;

ბ. უნდა შეუსრულდეს 75 წელი;

გ. უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელე კ. გ-ი ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რადგან იგი არ წარმოადგენს მითითებული “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეს და არც სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებულ I ან II ჯგუფის ომის ინვალიდს, რის გამოც მასზე ვერ გავრცელდება ამავე კანონის მე-60 მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლი ზოგადი ხასიათისაა, მაგრამ იგი ვრცელდება მხოლოდ ხსენებული კანონის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სუბიექტებზე და მითითებული მუხლით გათვალისწინებული საპენსიო შეღავათის მიღების უფლებაც მხოლოდ ამ კანონის სუბიექტებს აქვთ მინიჭებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მხრიდან განჩინების გამოტანისას ადგილი არ აქვს კანონის არასწორ განმარტებას და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 390-ე, 399-ე 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება