Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-200-352-კ-03 14 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: აბაშის რაიონის საკრებულოს 2000წ. 20 აპრილის ¹6 დადგენილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 23 სექტემბერს აბაშის რაიონის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა რაიონულმა საბჭომ სარჩელი აღძრა აბაშის რაიონულ სასამართლოში, აბაშის რაიონის საკრებულოსა და აბაშის კომუნალური მეურნეობის საწარმოო კომბინატის მიმართ, აბაშის რაიონის საკრებულოს 2000წ. 20 აპრილის ¹6 დადგენილებისა და მისგან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

აბაშის საკრებულოს აღნიშნული დადგენილებით აბაშის საკრებულოს მდივანს – რ. ხ-ს გამოეყო ოროთახიანი 39,1 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა ქ. აბაშაში, ... მდებარე 50-ბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ყოფილი ინვალიდების მაღაზია. რ.ხ-მა 2001წ. 19 ივლისს მოახდინა მისთვის გამოყოფილი ბინის პრივატიზება.

მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აბაშის საკრებულოს უფლება არ ჰქონდა გამოეყო აღნიშნული ფართი რ. ხ-ისათვის, რადგან 1980 წლიდან, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სადავო ფართი გამოყოფილი იყო ომის, შრომის, სამხედრო ძალების ვეტერანებისა და ინვალიდების საბჭოსათვის. აბაშის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის ¹21 ოქმის თანახმად, 1978წ. 27 ოქტომბერს აბაშის საბინაო კომუნალური მეურნეობის სამინისტროს 50-ბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინები განაწილდა მოსახლეობაზე, მხოლოდ სახლის პირველ სართულზე მდებარე ერთოთახიანი ბინა ¹2 არ იქნა განაწილებული. აღნიშნული ბინა 1981 წლიდან 1997 წლამდე იჯარით იყო გამოყოფილი, სადაც ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭოს მომსახურების მიზნით გახსნილი იყო სპეციალიზებული მაღაზია. მოსარჩელის განმარტებით, მაღაზიას ხელმძღვანელობდა ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა რაიონული საბჭო. სწორედ ამ უკანასკნელის მიერ მოხდა საცხოვრებელი ბინის მაღაზიად გადაკეთება და ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მონაცემებით, რ. ხ-ის მიერ ბინის პრივატიზებამდე, ბინა ირიცხებოდა ომის ვეტერანთა და ინვალიდთა საბჭოს სახელზე. გარდა სავაჭრო მომსახურებისა, ომის, შრომისა და სამხედრო ძალების რაიონული საბჭოს საოფისე ფართის სივიწროვის გამო, ქალაქის ცენტრში არსებული მაღაზიის შენობაში ინვალიდებისათვის ეწყობოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, წყდებოდა ორგანიზაციული საკითხები.

1999 წელს, როდესაც მიმდინარეობდა ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინების პრივატიზება, ვეტერანთა საბჭომ ფართის პრივატიზების მოთხოვნით მიმართა ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს, მაგრამ პრივატიზებაზე უარი ეთქვათ. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ აღნიშნულით დაირღვა სკ-ს 169-ე მუხლი, რადგან ვეტერანთა საბჭო ბინით სარგებლობდა წლების მანძილზე, გაწეული ჰქონდა გარკვეული ხარჯები, რის გამოც ვეტერანთა საბჭოს ჰქონდა სადავო ბინის უპირატესი შესყიდვის უფლება. მოსარჩელის აზრით, რ. ხ-ისათვის ბინის გამოყოფა მოხდა უკანონოდ, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საკრებულოს 2000წ. ¹6 დადგენილება.

ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა რაიონული საბჭოს სარჩელი არ ცნო მოპასუხემ – აბაშის კომუნალური მეურნეობის კომბინატმა და შესაგებელით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. კერძოდ, მოპასუხემ განმარტა, რომ 1978 წელს ქ. აბაშაში, ... აშენებული 50-ბინიანი საცხოვრებელი სახლი გადაეცა აბაშის კომუნალური მეურნეობის საწარმოო კომბინატს. 80-იან წლებში აბაშის რაიკოოპერატივს დაევალა აბაშის რაიონში მცხოვრები ინვალიდებისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა, რის საფუძველზეც 1981 წელს აბაშის კომუნალური მეურნეობის კომბინატის ბალანსზე რიცხული სადავო ბინა იჯარით იქნა გამოყოფილი, 1997 წელს კი შეწყვიტა რა მაღაზიამ ფუნქციონირება, სადავო ფართი კვლავ დაუბრუნდა კომუნალური მეურნეობის კომბინატს, ხოლო 2000წ. 20 აპრილს, საკრებულოს დადგენილების საფუძველზე, ბინა საცხოვრებლად გამოეყო რ. ხ-ს. მოპასუხის მითითებით, სადავო ბინა არ ეკუთვნოდა ვეტერანთა საბჭოს, რადგან ბინას იჯარით ფლობდა რაიკოოპერატივი და გამოყენებული იყო ყველა კატეგორიის ინვალიდთა სპეციალიზებულ მაღაზიად.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა აბაშის რაიონის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭოს მიერ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით აბაშის რაიონის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვეტერანთა საბჭოს სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი აბაშის რაიონის საკრებულოს 2000წ. 20 აპრილის ¹6 დადგენილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ აბაშის ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის ცნობის თანახმად, ... მდებარე ბინაში გახსნილი იყო ომის ვეტერანთა და ინვალიდთა მაღაზია, ომისა და შრომის ვეტერანთა საბჭოს მომსახურეობის მიზნით. ვეტერანთა მაღაზია გაიხსნა 1981წ. 5 აგვისტოს. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ფართი იყო კომუნალური მეურნეობის ბალანსზე, იგი დაკავებული ჰქონდა ვეტერანთა საბჭოს, რის გამოც, სასამართლოს აზრით, ვეტერანთა საბჭო წარმოადგენდა დაინტერესებულ მხარეს, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ბ” პუნქტისა და მას უფლება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში. ადმინისტრაციული ორგანო კი ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ადმინისტრაციული აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა. აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აბაშის საკრებულო ვალდებული იყო ეცნობებინა ვეტერანთა საბჭოსათვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, რაც არ განხორციელდა საკრებულოს მიერ. ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აბაშის რაიონის საკრებულოს უნდა გამოეკვლია სადავო ბინაზე ჰქონდა თუ არა ვინმეს პრეტენზია, გამოეთხოვა სათანადო დოკუმენტები, შეეგროვებინა ცნობები ფლობდა თუ არა სადავო ფართს ვეტერანთა საბჭო. ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით, საკრებულოს მიერ სადავო დადგენილების გამოტანისას დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რიგი ნორმები ადმინისტრაციული წარმოების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ერთობლივად გაასაჩივრეს აბაშის კომუნალური მეურნეობის საწარმოო კომბინატმა, აბაშის საკრებულომ და რ. ხ-მა და შემდეგი მოტივით მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება:

კასატორების მითითებით, სადავო ბინა საკუთრების ან სხვაგვარი განკარგვის უფლებით ვეტერანთა საბჭოს არ გადასცემია და არც არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში სკ-ს 311-312-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნული ფართი იჯარით, დროებითი სარგებლობისათვის გადაცემული იყო რაიკავშირისათვის, რომელმაც გახსნა მაღაზია და პროდუქტებით ამარაგებდა ყველა კატეგორიის ომისა და შრომის ვეტერანებს, ასევე ყველა კატეგორიის ინვალიდებს. კასატორების აზრით, საკრებულოს მიერ რ. ხ-ისათვის ბინის გადაცემა მოხდა კანონიერად, სადავო ფართი არასოდეს ყოფილა ვეტერანთა საბჭოს მფლობელობაში, რის გამოც ბინის საკუთრების საკითხის განხილვისას საჭირო არ იყო ვეტერანთა საბჭოს მონაწილეობა. ვეტერანთა საბჭო არასწორად აღნიშნავდა, რომ საოფისე ფართის უქონლობის გამო, ვეტერანთა საბჭო 1999 წლიდან შესყიდვის უფლებით ითხოვდა სადავო ბინის მასზე გადაცემას და განმარტა, რომ 1997 წლიდან აბაშის ომისა და შრომის ვეტერანებს, საკრებულოს შენობის პირველ სართულზე, ოფისის სახით გამოეყოთ 18 კვ.მ ფართის კეთილმოწყობილი ოთახი. გარდა ამისა, რაიონის ხელმძღვანელობამ ვეტერანთა საბჭოს შესთავაზა დამატებითი ფართის სახით ქალაქის ცენტრში მდებარე რაიკავშირის ყოფილ სავაჭრო ცენტრში უმოქმედო ოთახები, მაგრამ ვეტერანთა საბჭომ აღნიშნულზე უარი განაცხადა.

აბაშის კომუნალური საწარმოო კომბინატის, აბაშის საკრებულოსა და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ ცნო ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საბჭომ და შესაგებლით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, უსაფუძვლობის გამო. შესაგებელის ავტორის მიერ წარმოდგენილი იქნა აბაშის რაიონის პროკურატურის, შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსისა და აბაშის რაიონის გამგებლის მიმართვები, რომლებითაც დასტურდება, რომ ვეტერანთა საბჭოს სადავო ბინის მიმართ გააჩნია კანონიერი უფლებები და ინტერესები. ასევე დგინდება, რომ საკრებულოს მიერ ფართის რ. ხ-ზე უკანონო გასხვისებამდე, ბინას ფლობდა ვეტერანთა საბჭო და ის ფაქტი, რომ 1996 წელს გამგეობის გადაწყვეტილებით სადავო ფართი დროებით სარგებლობაში გადაეცა სოციალური დახმარების სამსახურს, შესაგებელის ავტორის განმარტებით, არ შეესაბამება სინამდვილეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებეთა გამო:

მოსარჩელე აბაშის რაიონის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა რაიონული საბჭო სასარჩელო განცხადებით ითხოვდა აბაშის რაიონის საკრებულოს 2000წ. 20 აპრილის ¹6 დადგენილების ბათილად ცნობას. აღნიშნული დადგენილებით საკრებულომ საკრებულოს მდივანს გამოუყო ქ. აბაშაში, ..., I სართულზე მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა ¹2, ძველი ინვალიდების მაღაზია. სააპელაციო პალატამ სადავო დადგენილების კანონიერებაზე მსჯელობისას მიიჩნია, რომ საკრებულოს დადგენილება მიღებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე 75-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, 98-ე, ასევე 103-ე, 106-ე მუხლების დარღვევით და მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო ბათილად ცნო იგი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან სასამართლომ საკრებულოს სადავო დადგენილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტად მიიჩნია, რაც არასწორია, ვინაიდან აღნიშნული დადგენილებით აბაშის რაიონის საკრებულომ _ ადმინისტრაციულმა ორგანომ, რ. ხ-ს საცხოვრებლად გამოუყო სადავო ბინა, ყოფილი ინვალიდების მაღაზია და ამდენად, აღნიშნული დადგენილება გამოცემულია ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული გარიგება კი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” პუნქტისა და 65-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა, სადაც ერთ-ერთ მხარედ მაინც მონაწილეობს ადმინისტრაციული ორგანო. კონკრეტულ შემთხვევაშიც ადმინისტრაციული გარიგების ერთ-ერთი კონტრაჰენტია ადმინისტრაციული ორგანო _ აბაშის რაიონის საკრებულო, გარიგების საგანია უძრავი ქონება _ ქ. აბაშაში, ... მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა ¹2, ყოფილი ინვალიდების მაღაზია. რადგან საკრებულოს სადავო დადგენილება ¹6 ადმინისტრაციულ გარიგებასთან, საცხოვრებელი სახლის განკარგვასთანაა დაკავშირებული, საკასაციო პალატის აზრით, დადგენილება სამართლებრივად არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტს, არამედ კონტრაჰენტი ადმინისტრაციული ორგანოს (აბაშის რაიონის საკრებულოს) ნების წერილობითი გამოხატვაა ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან დაკავშირებით (სკ-ს 50-ე მუხლი). საკასაციო პალატამ არაერთგზის განმარტა, რომ ადმინისტრაციულ გარიგებაში, ადმინისტრაციული ორგანო ვერ განახორციელებს ადმინისტრირებას და ვერც გარიგების მეორე მხარისათვის შესასრულებლად სავალდებულო აქტს გამოსცემს, რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე და სკ-ს 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ გარიგებებში სახელმწიფო და მისი ადმინისტრაციული ორგანოები ისევე მოქმედებენ, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტები. კერძო სამართლებრივი (სახელშეკრულებო) ურთიერთობა კი დაფუძნებულია არა ადმინისტრირების პრინციპზე, არამედ მხარეთა თანასწორუფლებიან ნებაყოფლობით პარტნიორობაზე.

ამდენად, ვინაიდან აბაშის რაიონის საკრებულოს სადავო ¹6 დადგენილება თავისი სამართლებრივი ბუნებით ადმინისტრაციულ აქტს კი არ წარმოადგენს, არამედ საცხოვრებელ სახლზე ადმინისტრაციული გარიგების დადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს (აბაშის რაიონის საკრებულოს) ნების წერილობითი ფორმით გამოხატვაა. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას უნდა ემსჯელა არა ადმინისტრაციული აქტის მომზადება-გამოცემის კანონიერებაზე, არამედ ადმინისტრაციული გარიგების დადების კანონშესაბამისობაზე, რაც სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა არსებითად განხილვის დროს უნდა გაითვალისწინოს.

საკასაციო პალატის აზრით, დავის გადაწყვეტისას საყურადღებოა შემდეგ გარემოებათა გამოკვლევა-დადგენა: აბაშის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1978წ. 27 ოქტომბრის სხდომის ოქმი ¹21-ის მიხედვით, ქ.აბაშაში, .. მდებარე საცხოვრებელი სახლის 49 ბინა გაუნაწილდათ მობინადრეებს, ხოლო პირველ სართულზე ერთოთახიან სადავო ბინა ¹2-ში გაიხსნა ინვალიდების მაღაზია. მოსარჩელის _ აბაშის რაიონის ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა რაიონული საბჭოს განმარტებით, აღნიშნულ ფართში 80-იანი წლებიდან გახსნილია ინვალიდთა მაღაზია, აბაშის ტექაღრიცხვის მონაცემების მიხედვით, სადავო ფართი ინვალიდთა მაღაზიის სახელზე ირიცხება და ათეული წლებია ვეტერანთა საბჭო განაგებს მას. მოწინააღმდეგე მხარეთა (კასატორების) _ აბაშის რაიონის საკრებულოსა და აბაშის კომუნალური საწარმოო კომბინატის განმარტებით კი სადავო ფართი არც საკუთრების და არც სხვაგვარი უფლებით ვეტერანთა საბჭოს არ გადასცემიათ. იგი იჯარით, დროებითი სარგებლობისთვის გადაცემული ჰქონდა რაიკავშირს, რომელმაც მაღაზია გახსნა სადავო ფართში და ემსახურებოდა ყველა კატეგორიის ვეტერანებს, რასაც ასევე ადასტურებს აბაშის რაიონის რაიკოოპერატივის გამგეობა 2003წ. 30 ივლისის ¹21/01 ცნობაში, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი არ არის კასატორთა განმარტებებში მითითებული იჯარის ხელშეკრულებები, არც აღნიშნული გარემოებები არ არის გამოკვლეული, ამიტომ სააპელაციო პალატამ, საქმის არსებითად ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს სადავო ფართის ფლობა-სარგებლობასთან დაკავშირებული გარემოებები და მტკიცებულებები.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს კიდევ ერთ გარემოებაზე: სადავო დადგენილებით აბაშის რაიონის საკრებულომ ყოფილი ინვალიდების მაღაზია საცხოვრებლად გადასცა რ. ხ-ს, რომელმაც შემდგომ, 2001წ. 19 ივლისს, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების შესაბამისად, მოახდინა ბინის პრივატიზება. როგორც აბაშის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1987წ. 2 ოქტომბრის სხდომის ¹21 ოქმით ირკვევა, ... მდებარე სადავო ერთოთახიანი ბინა მობინადრეებზე არ გაცემულა, არამედ იქ გაიხსნა ინვალიდთა მაღაზია, რაც იმჟამად მოქმედი წესების მიხედვით ხდებოდა საცხოვრებელი ფართის არასაცხოვრებელ ფართში ჩარიცხვის გზით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართების განკარგვას ამჟამად არეგულირებს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონი, რომლის თანახმად არასაცხოვრებელ ფართზე ადმინისტრაციული გარიგების დადების მიზნით, როგორც წესი, ტარდება აუქციონი ან კონკურსი და ადმინისტრაციულ გარიგებას დებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინვალიდთა ყოფილი მაღაზია, სადავო დადგენილების მიღებამდე კვლავ საცხოვრებელ ფართში ჩაირიცხა, მაშინ წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება, რაც ასევე გამოსაკვლევია.

ამდენად, საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს საკასაციო საჩივარს და მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე, 75-ე, 95-ე, 98-ე, 103-ე, 104-ე მუხლები) და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავი), რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “ბ” პუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველია. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე საჭიროა დამატებითი მტკიცებულებების გამოკვლევა, რიგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, ამიტომ ამ ეტაპზე შეუძლებელია არსებითი გადაწყვეტილების მიღება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 393-ე მუხლით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აბაშის კომუნალური საწარმოო კომბინატის, აბაშის რაიონის საკრებულოსა და რ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.