Facebook Twitter

¹859აპ ქ. თბილისი

10 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,

პროკურორ _ ი. ბ-ის,

ადვოკატ _ ა. ა-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენზე, რომლითაც რ. ნ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის განაჩენით რ. ნ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

რ. ნ-ემ 2005 წლის 10 ნოემბერს ქ. თბილისში, ---ის ტერიტორიაზე არსებული ავტომანქანების ბაზრობაზე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაცნობილ აზერბაიჯანის მოქალაქე ვინმე რ-საგან 4000 აშშ დოლარად უკანონოდ შეიძინა 60 ფირფიტა ნარკოტიკული საშუალება „---ის” შემცველი პრეპარატი „---”, თითოეულ ფირფიტაში 7-7 აბის ოდენობით, რომელიც მოათავსა პოლიეთილენის თეთრ პარკში და შეინახა შავი ფერის სამგზავრო ჩანთაში. მან იმავე დღეს პირადი მოხმარების მიზნით გამოიყენა 2 ფირფიტა, ხოლო 2005 წლის 11 დეკემბერს ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹6-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იგი დააკავეს, რა დროსაც ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მისგან ამოიღეს „---ის” 6 ფირფიტა, რომელიც შეიცავს 0,336 გრ „---ს”. რ. ნ-ის მითითებით, ქ. ბათუმში, თავისი საცხოვრებელი ბინიდან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ამოღების შედეგად ამოიღეს „---ის” 52 ფირფიტა, რომელიც საერთო წონით შეიცავს 2,888 გრამ „---ს”. საერთო ჯამში რ. ნ-საგან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის _ 3,224 გრამი ნარკოტიკული საშუალება „---”.

აღნიშნული დანაშაულისათვის რ. ნ-ეს განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ნ-ის ადვოკატმა გ. მ-ემ და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, ასევე _ სსსკ-ის 607-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რ. ნ-სათვის სასჯელის გადავადება გამოჯანმრთელებამდე და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობის განხილვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 18 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მსჯავრდებულ რ. ნ-სათვის სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული მსჯავრი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმსა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ა-მა. მან ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენის შეცვლა, რ. ნ-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება და, საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის გადავადება მის გამოჯანმრთელებამდე შემდეგი მოტივებით:

რ. ნ-ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და მიუთითა როგორც წინასწარ, ისე სასამართლო გამოძიებას, რომ ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია, რისი მიზეზიც არის მისი მძიმე სენით დაავადება, კერძოდ, მას 2005 წლის ივნისში ქ. თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ---ის კვლევით ინსტიტუტში ჩატარებული გამოკვლევით დაუდგინდა ხერხემლის ჰემანგიომა; სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტ-ნეიროქირურგმა გ. დ-მა დაადასტურა მსჯავრდებულის ავადმყოფობის პროგრესირება, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის; 2006 წლის 21 თებერვალს ქ. ბათუმის --- საავადმყოფოში რ. ნ-ეს ხერხემალზე ჩაუტარდა ოპერაცია და დაუდგინდა სისხლძარღვოვანი ეპიდურული სიმსივნე; რ. ნ-ის მძიმე ავადმყოფობას ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2006 წლის 18 იანვრისა და 2006 წლის 10 მარტის დასკვნები, რომლებიდანაც ირკვევა, რომ ხერხემლის ჰემანგიომა მიეკუთვნება მძიმე დაავადებათა კატეგორიას და ავადმყოფს განმეორებით ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და მკურნალობა შესაბამისი პროფილის კლინიკაში, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეუძლებელია; ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნები ეჭვქვეშ არ დამდგარა, თუმცა სასჯელის დანიშვნისას მათ სრული იგნორირება გაუკეთდა; გასათვალისწინებელია რ. ნ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებიც: იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; თანამშრომლობდა გამოძიებასთან; პირველადაა სამართალში; ჰყავს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი.

ადვოკატ ა. ა-ის მოთხოვნას ეთანხმება მსჯავრდებული რ. ნ-ძე.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. ა-მა მხარი დაუჭირა თავის საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულმა რ. ნ-ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელია, რისი მიზეზიც არის მისი მძიმე სენით დაავადება. აღნიშნული დასტურდება სამედიცინო გამოკვლევებით, ასევე _ ექსპერტის ჩვენებით.

სახელმწიფო ბრალმდებელმა ი. ბ-ემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და იშუამდგომლა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ იმ მოტივით, რომ სააპელაციო პალატამ იმსჯელა კასატორის მიერ მითითებულ საკითხებზე და დაადგინა განაჩენი, რომლის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ მოიპოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

რ. ნ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა _ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: პირადი ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნით, მოწმე ბ. ბ-სა და თავად მსჯავრდებულის ჩვენებებით (ს.ფ. 5-6; 15-16; 47-49; 83-85; 136-139).

პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ, რადგან სსსკ-ის 607-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს თავისივე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ _ დადგენილებით (განჩინებით). აღნიშნულს ადასტურებს ამავე კოდექსის 623-ე მუხლიც, რომლის შესაბამისად, განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილ, მათ შორის განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს 517-545-ე მუხლებით განსაზღვრული წესით.

ამდენად, კასატორი უფლებამოსილია, მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე მიმართოს პირველი ინსტანციის სასამართლოს.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს რ. ნ-ის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, მათ შორის აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალების ოდენობას და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მეტისმეტად მკაცრად და, შესაბამისად, აშკარად უსამართლოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენი რ. ნ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.