გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბ-205-357-კ-03 31 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ქონების დაყადაღება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 20 ოქტომბერს კასატორმა – ხარაგაულის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ განცხადებით მიმართა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოს და საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის საფუძველზე, შემდეგი მოტივით მოითხოვა ხარაგაულის რაიკოოპერატივის ქონების დაყადაღება: მოსარჩელის მითითებით მოპასუხეს 2000წ. 1 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხებოდა სულ 86356 ლარის საგადასახადო დავალიანება, აქედან 50228 ლარი არის ძირითადი საგადასახადო დავალიანება: სამეწარმეო გადასახადი – 145 ლარი; მოგების გადასახადი – 11735 ლარი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი – 1575 ლარი, დღგ – 23759 ლარი, საშემოსავლო გადასახადი – 211 ლარი, გრანტი – 7673 ლარი, სოცანარიცხები – 42 ლარი, ხოლო 36128 ლარი არის ძირითად საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი. აღნიშნული დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად მოსარჩელემ მოითხოვა ხარაგაულის რაიკოოპერატივის ქონებაზე ყადაღის დადება.
ხარაგაულის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი ნაწილობრივ ცნო მოპასუხე ხარაგაულის რაიკოოპერატივის გამგეობამ, მაგრამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, რადგან მიუთითა, რომ რაიკოოპერატივს ერიცხება 11776 ლარის საგადასახადო დავალიანება, იმავდროულად რაიკოოპერატივს 2001წ. 1 იანვრის მდგომარეობით ზედმეტად გადახდილი აქვს 12233 ლარი, საიდანაც უნდა მოხდეს 11776 ლარის საგადასახადო დავალიანების დაფარვა.
მოსარჩელემ – ხარაგაულის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ ნაწილობრივ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა გრანტის სახით 7673 ლარის ნაწილში, ხოლო 2001წ. 16 იანვრის შედარების აქტის შესაბამისად, სარჩელი შეამცირა 21551 ლარის ნაწილშიც და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხე – ხარაგაულის რაიკავშირისათვის 53944 ლარის დაკისრება.
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით ხარაგაულის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იმერეთში საქართველოს კონტროლის პალატის ბიუროს კოლეგიის 2001წ. 15 იანვრის ¹1/3-გამ დადგენილების საფუძველზე, ხარაგაულის რაიკოოპერატივს დაეკისრა 6000 ლარის საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის შესაბამის ქონებას დაედო ყადაღა.
2001წ. 3 აპრილს ხარაგაულის რაიკოოპერატივის გამგეობამ განცხადებით მიმართა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოს და სსკ-ს 260-ე და 261-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა გადაწყვეტილებაში რიგი უზუსტობის გასწორება და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. კერძოდ, განმცხადებელმა მიუთითა, რომ 2001წ. 1 იანვრის მდგომარეობით რაიკოოპერატივს ბიუჯეტში ერიცხება ზედმეტად გადახდილი 13033 ლარი, საიდანაც სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 6000 ლარის დაფარვა (ჩათვლა) მოითხოვა, თანახმად საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლისა, რაც დაკმაყოფილდა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს მიერ და 2001წ. 18 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით ხარაგაულის რაიკოოპერატივზე რიცხული საგადასახადო დავალიანების დაფარვა (ჩათვლა) უნდა მომხდარიყო რაიკოოპერატივის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხიდან.
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მარტის გადაწყვეტილება და 18 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხარაგაულის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ და გადაწყვეტილებების გაუქმებასთან ერთად მოითხოვა 53944 ლარის საგადასახადო დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმის რაიონულ სასამართლოში დაბრუნება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ივნისის განჩინებით ხარაგაულის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მარტის გადაწყვეტილება და 18 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ იმერეთში კონტროლის პალატის ბიუროს 2001წ. 15 იანვრის დადგენილების მიხედვით ხარაგაულის რაიკოოპერატივს გააჩნდა 6000 ლარის ოდენობის საბიუჯეტო დავალიანება, ხოლო ხარაგაულის საგადასახადო ინსპექციისა და ხარაგაულის რაიკოოპერატივის 2001წ. 16 იანვრის შედარების აქტის მიხედვით, პალატამ დადგენილად ცნო, რომ ხარაგაულის რაიკოოპერატივს სხვადასხვა გადასახადის სახით ზედმეტად გადახდილი ჰქონდა 22551 ლარი. საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის პირველ ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად, თუ გადასახადის გადახდილი თანხა აღემატება დარიცხულ თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას ჩათვლის გადასახადის გადამხდელის სხვა გადასახადების ანგარიშში. ამდენად, სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიჩნია ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებები რაიკოოპერატივზე რიცხული 6000 ლარის საგადასახადო დავალიანების ზედმეტად გადახდილი 22551 ლარიდან ჩათვლის (გაქვითვის) შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხარაგაულის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც შემდეგი საფუძვლით მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება:
კასატორი, საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად არ იზიარებს იმერეთში კონტროლის პალატის ბიუროს კოლეგიის 2001წ. 16 იანვრის ¹1/3-გამ დადგენილებას, რომლითაც რაიკოოპერატივს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ს სახით დაეკისრა 6000 ლარის გადახდა, ხოლო დარიცხული მოგების გადასახადი 11761 ლარი ჩამოეწერა. კასატორი უკანონოდ მიიჩნევს ხარაგაულის რაიკოოპერატივისათვის 11761 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას, რადგან მიაჩნია, რომ კონტროლის პალატა შეცდომაში იქნა შეყვანილი რაიკოოპერატივის მიერ.
კასატორი ასევე არ იზიარებს ხარაგაულის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციაში მუდმივმოქმედი საჩივრების და განცხადებების განმხილველ კომისიის 1998წ. 25 ნოემბრის ოქმის, რომლის მიხედვითაც არასწორად ჩაითვალა ხარაგაულის რაიკოოპერატივზე 11612,59 ლარის სხვადასხვა გადასახადების დარიცხვა. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული ოქმის გაზიარება დაუშვებელია, რადგან იგი საგადასახადო ინსპექციაში რეგისტრირებული არ არის და არ აქვს ხელმძღვანელის რეზოლუცია.
ხარაგაულის რაიკოოპერატივის გამგეობამ, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნო ხარაგაულის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხარაგაულის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ივნისის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე – ხარაგაულის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია, საგადასახადო კოდექსის 245-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვდა ხარაგაულის რაიკოოპერატივის ქონების დაყადაღებას, რადგან მიუთითებდა, რომ მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტისათვის გააჩნდა 53944 ლარის საგადასახადო დავალიანება. ამდენად, ხარაგაულის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის სასარჩელო განცხადების მიხედვით, განსახილველი დავის საგანია მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება. ხარაგაულის რაიონული სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილებითა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით კი დაკმაყოფილდა ხარაგაულის რაიკოოპერატივის მოთხოვნა და საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის საფუძველზე, 6000 ლარის საგადასახადო დავალიანების თანხა მოპასუხეს გადახდილად ჩაეთვალა ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხებიდან, ანუ სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის მოთხოვნა საგადასახადო დავალიანების ჩათვლის შესახებ. მოპასუხემ აღნიშნული მოთხოვნა 6000 ლარის საგადასახადო დავალიანების ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხიდან ჩათვლის თაობაზე დააყენა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მარტის გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, როცა სსკ-ს 260-ე და 261-ე მუხლების საფუძველზე, მოითხოვა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე ხარაგაულის რაიკოოპერატივს, სსკ-ს 188-189-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლოში არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია საგადასახადო ინსპექციის მიერ მასზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების თანხის ოდენობა და არც ამ დავალიანების ჩათვლა მოუთხოვია ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხებიდან. სსკ-ს 248-ე მუხლის იმპერატიული მითითების თანახმად: ,,სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა”. ხარაგაულის რაიონული და ქუთაისის საოლქო სასამართლოები კონკრეტულ შემთხვევაში არათუ გაცდნენ სარჩელის ფარგლებს, არამედ ფაქტობრივად დააკმაყოფილეს მოპასუხის არარსებული შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, რაც, საკასაციო პალატის აზრით, უხეში პროცესუალური დარღვევაა და გადაწყვეტილების გაუქმების უდავო საფუძველია.
გარდა ზემოაღნიშნული დარღვევისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება გამოტანილია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრული და ობიექტური გამოკვლევა-დადგენის გარეშე და სასამართლოს შეფასება არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან. კერძოდ, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ იმერეთში კონტროლის პალატის ბიუროს კოლეგიის 2001წ. 15 იანვრის ¹1/3-გამ დადგენილების მიხედვით, ხარაგაულის რაიკოოპერატივს გააჩნდა საბიუჯეტო დავალიანება 6000 ლარის ოდენობით. ხარაგაულის საგადასახადო ინსპექციისა და ხარაგაულის რაიკოოპერატივის 2001წ. 16 იანვრის შედარების აქტის საფუძველზე კი სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეს სხვადასხვა გადასახადის სახით ზედმეტად გადახდილი ჰქონდა 22551 ლარი და საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად, რაიკოოპერატივს გადახდილად ჩაუთვალა 6000 ლარის საგადასახადო დავალიანება. მოსარჩელე ხარაგაულის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექცია კი დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ხარაგაულის რაიკოოპერატივის ქონების დაყადაღებას კოოპერატივზე რიცხული 53944 ლარის საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით. მოსარჩელე თავდაპირველ მოთხოვნაში მიუთითებდა, რომ მოპასუხე კოოპერატივს ბიუჯეტის მიმართ გააჩნდა 86356 ლარის საგადასახადო დავალიანება, რომლის ოდენობაც მოსარჩელემ შეამცირა სწორედ სასამართლოს მიერ მითითებული 2001წ. 16 იანვრის შედარების აქტის საფუძველზე, რომლის მიხევითაც ხარაგაულის რაიკოოპერატივს იმ თარიღისათვის აღმოაჩნდა ზედმეტად გადახდილი თანხა 21554 ლარი და არა განჩინებაში მითითებული 22551 ლარი.
ამდენად, მოსარჩელე მოითხოვდა რაიკოოპერატივზე რიცხული 53944 ლარის საგადასახადო დავალიანების უზრუნველსაყოფად მისი ქონების დაყადაღებას, სასამართლომ კი დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეს გააჩნდა მხოლოდ 6000 ლარის საგადასახადო დავალიანება და საკასაციო პალატისათვის გაურკვეველია თუ რა საფუძვლითა და რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უარყო სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა დარჩენილი 47944 ლარის ნაწილში. სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები და მოსაზრებანი, რომლითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, რაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებაში არ არის მითითებული. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც განჩინება უნდა გაუქმდეს, თანახმად სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტისა და ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხარაგაულის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 ივნისის განჩინება და არსებითად ხელახლა განსახილველად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.