Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-206-358-კ-03 1 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: ვალდებულების შესრულების დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 17 ოქტომბერს ქ. გუნიამ სარჩელი აღძრა ფოთის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე ქ. ფოთის მთავრობის მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომმა 1989წ. 17 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელეს მიეცა 1989წ. 29 მაისის @¹240 ვალდებულების წერილი, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს ქ. ფოთში ... ოროთახიანი ბინის საქალაქო საბჭოს აღმასკომისათვის ჩაბარების სანაცვლოდ გამოეყოფოდა ქ. ფოთში, ...., .... და ..... ქუჩების მასივში ქალაქის საბინაო-კომუნალური მეურნეობის განყოფილების მშენებარე საცხოვრებელ სახლში ოროთახიანი კეთილმოწყობილი ბინა.

მოსარჩელის განმარტებით, მისი მოთხოვნების მიუხედავად, მოპასუხე არ აკმაყოფილებდა მის მოთხოვნას, თუმცა აღიარებდა ვალდებულების არსებობას და აღნიშნავდა, რომ ვალდებულების წერილის საფუძველზე მისი საბინაო საკითხი გადაწყდებოდა, პირველ რიგში, ქალაქში ბინათმშენებლობის განახლების შემთხვევაში ან რომელიმე ბინის გამონთავისუფლებისას.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის შესაბამისად, მას გააჩნდა კანონიერი ნდობის უფლება, რომელიც გამომდინარეობდა ადმინისტრაციული ორგანოს ან ამ ორგანოს თანამდებობის პირის მიერ რაიმე ქმედების შესრულების, მოცემულ შემთხვევაში _ ბინის გამოყოფის, დაპირებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხისთვის ვალდებულების უპირობო შესრულებისა და მისთვის ოროთახიანი ბინის გამოყოფის დაკისრება ან სანაცვლოდ შესაბამისი ფულადი კომპენსაციის 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება.

ქ. ფოთის მთავრობამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ მოსარჩელემ გაუშვა სასამართლოსთვის მიმართვის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ვინაიდან სკ-ს 1507-ე მუხლის თანახმად, ის ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშვა სკ-ს ძალაში შესვლამდე, უნდა დარეგულირებულიყო იმ დროისათვის მოქმედი ნორმატიული აქტებით. ე.ი. 1964 წელს მიღებული სკ-ით, რომლის 75-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენდა სამ წელს. ამდენად, თუ მოსარჩელე თვლიდა, რომ დაირღვა მისი უფლებები, მას სამი წლის განმავლობაში უნდა მიემართა სასამართლოსთვის, მან კი ფოთის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2002 წელს.

Mმოპასუხის განმარტებით, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა მოსარჩელის მტკიცება, იმის შესახებ, რომ ფოთის ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის 1999წ. 24 ივნისის და ქ. ფოთის მერიის 2000წ. 10 მარტის წერილით ქ. ფოთის მერიამ აღიარა ვალდებულება. მოპასუხის განმარტებით, წერილში საუბარია იმ გარემოებაზე, რომ ქ. ფოთის მერია ქ. გუნიას ბინით დაკმაყოფილების განცხადებას განიხილავდა შემდგომში, როცა ბინათმშენებლობის საკითხი განახლდებოდა.

Mმოპასუხემ აღნიშნა, რომ სკ-ს 59-ე მუხლის თანახმად, ბათილია კანონით გათვალისწინებული, აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ხოლო ვინაიდან ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. 29 მაისის ¹240 ვალდებულების წერილი, სკ-ს 323-ე მუხლის შესაბამისად, არ იყო დამოწმებული სანოტარო წესით, ე. ი. არ იყო დაცული კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმა. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, სკ-ს 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ვალდებულების წერილი უნდა ჩათვლილიყო ბათილად.

მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ სკ-ს 368-ე მუხლის შესაბამისად, თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია რაიმე პირობის დადგომაზე, მაშინ იგი უნდა შესრულდეს ამ პირობის დადგომისას. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. 29 მაისის ¹240 ვალდებულების წერილით კი ქ. გუნიას გადაეცემოდა საცხოვრებელი ბინა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ...., ..... და .... ქუჩის მასივში აშენდებოდა ახალი საცხოვრებელი სახლი. Aაქედან გამომდინარე, ვინაიდან ...., .... და .... ქუჩების მასივში არ აშენებულა ახალი საცხოვრებელი სახლი, ვალდებულების წერილით გათვალისწინებული პირობაც არ დამდგარა.

მოპასუხის განმარტებით, ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭო ვალდებულების წერილის გაცემისას წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოს, ხოლო ქ. ფოთის მთავრობა წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს. ამდენად, იგი არ იყო ფოთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის სამართალმემკვიდრე და არ ჰქონდა უფლებამოსილება შეესრულებინა ფოთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის ვალდებულებანი. Aაქედან გამომდინარე, მოპასუხემ აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. გუნიას სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. ფოთის მთავრობას ქ. გუნიას სასარგებლოდ დაეკისრა 8000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის მთავრობამ და ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინებით ქ.Fფოთის მთავრობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ფოთის მთავრობამ, რომელმაც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო და უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 1507-ე მუხლი, რომლის თანახმად, ის ურთიერთობები რომლებიც წარმოიშვა სკ-ს ძალაში შესვლამდე უნდა დარეგულირდეს იმ დროისათვის მოქმედი ნორმატიული აქტებით, ხოლო ვინაიდან იმ დროს მოქმედებდა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსი, სასამართლომ არ გამოიყენა ამ კოდექსის 75-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარემ გაუშვა სასამართლოსთვის მიმართვის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

კასატორის განმარტებით, სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა სკ-ს 59-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, ბათილია კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ხოლო ვინაიდან ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. 29 მაისის ¹240 ვალდებულების წერილი არ არის დამოწმებული სანოტარო წესით, ე. ი. არ არის კანონით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმა დაცული, ამიტომ ზემოაღნიშნული ვალდებულების წერილი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

კასატორმა უარყო საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ის ფაქტი, რომ ქ. ფოთის მთავრობამ სააპელაციო საჩივარში აღიარა ვალდებულება, ვინაიდან მან სააპელაციო საჩივარში ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. 29 მაისის ¹240 ვალდებულების წერილის ციტირება მოახდინა, რაც კასატორის მტკიცებით, არ შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულების აღიარებად.

კასატორმა გაამახვილა სასამართლოს ყურადღება იმ გარემოებაზეც, რომ იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭო ვალდებულების წერილის გადაცემისას წარმოადგენდა სახელმწიფო ორგანოს, ხოლო ქ. ფოთის მთავრობა _ ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელ ორგანოს, ამდენად იგი არ არის ფოთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის სამართალმემკვიდრე და არ არის უფლებამოსილი შეასრულოს ფოთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის ვალდებულებანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 1507-ე მუხლი. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, ის ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშვა სკ-ს (1997წ.) ძალაში შესვლამდე, უნდა დარეგულირდეს იმ დროისთვის მოქმედი ნორმატიული აქტებით, ანუ სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964წ.).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სკ-ს (1997წ.) ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, იმ შემთხვევების გარდა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა მოაწესრიგონ ამ კოდექსით ან თუ სამოქალაქო კოდექსი უძრავი ნივთების შესახებ ახალ წესებს ითვალისწინებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია, კასატორი მიუთითებს სკ-ს 1507-ე მუხლზე და ითხოვს ამ კოდექსის ამოქმედებამდე წარმოშობილი ურთიერთობების დასარეგულირებლად გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964წ.), კერძოდ, მისი 75-ე მუხლი, მაგრამ ამავე დროს, თავად კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს სკ-ს (1997წ.) 323-ე და 59-ე მუხლებზე, რითაც ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თანხმობას აცხადებს, მოწინააღმდეგე მხარესთან ურთიერთობა მოაწესრიგოს ახალი სამოქალაქო კოდექსით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სადავო ურთიერთობა სწორად მოაწესრიგა ახალი სამოქალაქო კოდექსით (1997წ.).

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის უფლებამონაცვლეს არ წარმოადგენს ქ. ფოთის მთავრობა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ 1989 წელს მოქმედი ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომი წარმოადგენდა მმართველობის ორგანოს. ამჟამად, ქ. ფოთის მთავრობაც, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, კერძოდ, ქ. ფოთის წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს _ აღმასრულებელ ორგანოს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ამჟამინდელი ქ. ფოთის მთავრობა 1989 წელს არსებული ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის უფლებამონაცვლეა.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომსა და ფიზიკურ პირ ქ. გ-ას შორის შედგა გარიგება, რომელიც დადასტურდა აღმასკომის მიერ 1989წ. 26 მაისს გაცემული ვალდებულების წერილით, რომლითაც ორივე მხარეს გააჩნდათ კონკრეტული ვალდებულებები. ქ. გუნიამ თავისი ვალდებულება შეასრულა, რასაც არ უარყოფს მოპასუხე. შესაბამისად, მოპასუხეს ვალდებულების შესრულებაზე არ უთქვამს უარი 1989წ. 24 ივნისის ¹235 და 2000წ. 10 მარტის ¹143 წერილებით, თუმცა არც ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა მიუთითებია. ხოლო შესაბამისი თანხის გადახდაზე უარი განაცხადა მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ქ. გუნიამ ზემოთ აღნიშნული წერილების მიღების შემდეგ ჩათვალა მისი უფლებები დარღვეულად და საქარათველოს სკ-ს 129-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში აღძრა სარჩელი სასამართლოში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სკ-ს 130-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან ანუ იმ დროიდან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ, აგრეთვე, სწორად გამოიყენა სკ-ს 365-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, თუ ვალდებულების შესრულებისთვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი არ ირკვევა სხვა გარემოებებიდანაც, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება. ვინაიდან ზემოთ მითითებული ვალდებულების წერილით შესრულების ზუსტი დრო განსაზღვრული არ არის და აღნიშნულთან დაკავშირებით,

ქ. გუნიამ მოპასუხისადმი წერილობით მიმართვაზე ვალდებულების შესრულების შესახებ მოპასუხისგან დადებითი პასუხი ფაქტობრივად ვერ მიიღო, ამიტომ მან სწორად მოითხოვა მოპასუხისგან ვალდებულების შესრულება სასამართლოში სარჩელის აღძვრით. ამასთან, არ დაურღვევია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სკ-ს 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში მოვალის _ ქ. ფოთის მთავრობის _ მიერ ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორს _

ქ. გუნიას _ შეუძლია მოითხოვოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კრედიტორ

ქ. გუნიას მიერ მოვალე ქ. ფოთის მთავრობისათვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის განსაზღვრა არ იყო საჭირო, რადგანაც ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა.

რაც შეეხება მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის ოდენობას, იგი კასატორს სადავოდ არ გაუხდია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინება;

3. ქ. ფოთის მთავრობას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 680 ლარის ოდენობით;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.