Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-211-360-კ-03 6 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბაღდათის რაიონის გამგეობის 22.02.02წ. ¹32 ბრძანებით ზ. ტ-ე პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა გენდირექტორის მოვალეობის შესრულებისაგან. ზ. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შპს “მ.” .... მოვალეობისაგან გათავისუფლების შესახებ ბაღდათის რაიონის გამგებლის 22.02.02წ. ბრძანების გაუქმება, მიყენებული ზიანის, ერთი წლის განაცდურის _ 444 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რაიონის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 14.03.02წ. წერილით დასტურდება, რომ შპს “მ.” არ არსებნობს, გამგებელს უფლება არ ჰქონდა მიეღო ბრძანება შპს “მ.” ... გათავისუფლების შესახებ, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47-ე მუხლის თანახმად დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს პარტნიორთა კრება.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 01.05.03წ. გადაწყვეტილებით ზ. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის და უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ტ-ე სამუშაოდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე, რაიონის გამგებლის 22.02.02წ. ¹32 ბრძანებით. ზ. ტ-ემ სასამართლოს სარჩელით მიმართა შკკ 204.1 მუხლით განსაზღვრული ვადის დარღვევით, ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის რაიმე დამადასტურებელი საბუთი მოსარჩელის მიერ წარმოადგენილი არ ყოფილა. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბაღდათის რაიონული განყოფილების, რაიონის საგადასახადო ინსპექციის ცნობის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ “მომსახურე” წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოს, რის გამო სასამართლომ ჩათვალა, რომ გამგეობა უფლებამოსილი იყო გამოეცა ბრძანება ზ. ტ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ.

ბაღდათის რაიონული სასამართლოს 01.05.03წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ზ. ტ-ის მიერ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.07.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 01.05.03წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბაღდათის რიონის გაგეობის 23.04.97წ. ¹49 დადგენილებით ბაღდათის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სახელმწიფო საწარმოს ქონების ბაზაზე დაფუძნდა შპს “მ.”, შპს არ გატარებულა რეგისტრაციაში. სააპელაციო პალატას “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-5, სკ 25.4 მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ შპს “მ.” არ არსებობს კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით და კვლავინდებურად რჩება სახელმწიფო ორგნიზაციად. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ არ გაიზიარა ზ. ტ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმე სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათისაა. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ მართლზომიერად მიიჩნია გამგებლის ბრძანებით ზ. ტ-ის გათავისუფლება, ვინაიდან იგი დირექტორად დაინიშნა გამგებლის ბრძანებით, გათავისუფლება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა ზ. ტ-ის პირადი განცხადების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ზ. ტ-ეს გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა მოგვიანებით, განთავისუფლების შესახებ მისთვის იმთავითვე იყო ცნობილი. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ დარღვეულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. პალატამ აღნიშნა, რომ ზ. ტ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვდა მიუღებელი ხელფასის გაცემას და საბოლოო ანგარიშის გასწორებას. 15.08.02წ. ბაღდათის რაიონული სასამართლოს განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა ზ. ტ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. ზ. ტ-ისათვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ რომ არ ყოფილიყო ცნობილი იგო არ მოითხოვდა საბოლოო ანგარიშსწორებას. 22.02.02წ. სამსახურიდან გათავისუფლების მიუხედავად ზ. ტ-ემ სასამართლოს მიმართა 18.11.02წ. ანუ კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლოს 24.07.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზ. ტ-ის მიერ, რომელიც ითხოვს ბარღდათის რაიონის გამგებლის 22.02.02წ. ¹32 ბრძანების გაუქმებას, სამუშაოზე აღდგენას, 2002წ. მარტიდან 2003წ. აგვისტომდე განაცდურის გამო ზარალის ანაზღაურებას. კასატორი აღნიშნავს, რომ 22.02.02წ. ბრძანების უკანონობას ადასტურებს “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-3 თავი, საწარმო რეგისტრირებულად ითვლება მისი დაფუძნების მომენტიდან. კასატორი აღნიშნავს, რომ 1998წ. მაისიდან არ უმუშავია აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში და არ მიუღია ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან. კასატორი თვლის, რომ საოლქო სასამართლოს ადმნისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატა არ იყო უფლებამოსილი განეხილა მისი სააპელაციო საჩივარი და საქმე გადაეწყვიტა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის საფუზველზე. საქმის სწორი გადაწყვეტის მიზნით კასატორი ითხოვს ბაღდათის რაიონული სასამართლოდან 06.06.01წ. გადაწყვეტილების, 30.06.96წ. დადგენილების, ბაღდათის რაიონის გამგეობიდან 23.04.97წ., 05.05.98წ. დადგენილებების, გამგებლის 08.06.98წ. ბრძანების გამოთხოვას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე განხილულია ზერელედ, ფაქტობრივი გარემოებების სრული გამოკვლევის გარეშე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არ შეესაბამება პალატის მიერ საქმეზე დადგენილ გარემოებებს, გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი და გამოტანილია განსჯადობის წესების დარღვევით.

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს “მ.” რაიონის გამგეობის 23.04.97წ. ¹49 დადგენილებით დაფუძნდა მომსახურეობის სახელმწიფო საწარმოს ქონების ბალანსზე, მაგრამ არ განხორციელდა მისი სასამართლო რეგისტრაცია. “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-5 მუხლის, სკ-ს 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რეგისტრაციაში გაუტარებელი შპს “მ.” არ არსებობს კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით და კვლავინდებურად რჩება სახელმწიფო ორგანიზაციად. სასამართლოს ამგვარი დასკვნა გამორიცხავდა სადავო ბრძანების უცვლელად დატოვებას, ვინაიდან რაიონის გამგებლის 22.02.02წ. ¹32 ბრძანების ტექსტის მიხედვით კასატორი გათავისუფლდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორის და არა სახელმწიფო ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობიდან, ზ. ტ-ე გამგებლის მიერ დაინიშნა შპს-ის და არა სახელმწიფო დაწესებულების დირექტორად, რის გამო საფუძველს მოკლებულია განჩინებაში მითითება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 93-ე მუხლზე. სააპელაციო სასამართლომ არ გაარკვია საქმის რიგი გარემოებები, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია ზ. ტ-ის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრებები სადავო ბრძანებამდე შპს-ის დირექტორობიდან მისი გათავისუფლების, შპს “მ.” სახელმწიფო საწარმოს ბაზაზე შექმნის შესახებ. ბაღდათის რაიონის გამგეობის 05.05.98წ. ¹62 დადგენილების მიხედვით ზ. ტ-ე შპს “მ.” ... თანამდებობიდან გათავისუფლებულია ჯერ კიდევ 1998წ. 3 მაისიდან. ბაღდათის რაიონის გამგეობის 25.08.03წ. ¹391 ცნობის თანახმად, შპს “მ.” გენდირექტორად 1998წ. 8 ივნისიდან დანიშნულია კ. გ-ე. ამდენად, საქმეზე გაურკვეველი რჩება თუ რით იყო განპირობებული სადავო ბრძანებით ზ. ტ-ის ხელმეორე გათავისუფლება, გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების მოთხოვნის მიმართ კასატორის უფლებადამცავი ინტერესი.

უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესეხებ, რომ შპს დაფუძნდა სახელმწიფო საწარმოს ბაზაზე. ზ. ტ-ე სააპელაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ 1996 წ. მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სახელმწიფო სამრეწველო საწარმოს ბაზაზეზე “მეწარმეთა შესახებ” კანონის 2.3 მუხლის საფუძველზე, შეიქმნა სახაზინო საწარმო. ბაღდათის რაიონული სასამართლოს 18.08.03წ. ცნობის თანახმად დასტურდება, რომ ბაღდათის რაიონის გამგეობასთან არსებული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სახელმწიფო საწარმოს ბაზაზე 30.08.96წ. დაფუძნდა არა შპს, არამედ სახაზინო საწარმო.

სააპელაციო პალატა უმართებულოდ თვლის ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ზ. ტ-ის სასარჩელო განცხადების განხილვას ადმნისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან განსახილველი დავა არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ საქმეთა რიცხვს, ბაღდათის რაიონის გამგებლის 22.02.02წ. ¹32 ბრძანება ეხება კასატორის შპს-ის ... მოვალეობისაგან გათავისუფლებას, სადავო ბრძანების გამოცემით ადგილი არ ჰქონია რაიონის გამგეობის მხრიდან საჯარო ფუნქციების განხორციელებას, ადმინისტრირებას. 22.02.02წ. ¹32 ბრძანების გამოცემისას გამგეობა გვევლინება შპს “მ.” დამფუძნებელ პარტნიორად, რომელიც შპს-ს დამფუძნებლისათვის (პარტნიორისათვის) “მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებულ უფებამოსილებებს ბრძანების გამოცემით ახორციელებს, რის გამო უმართებულოა გასაჩივრებულ განჩინებაში “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლზე მითითება. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.1 მუხლის თანახმად სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება შპს-ში დირექტორებს გააჩნიათ. ამავე კანონის 47.3 მუხლის “პ” ქვეპუნქტის თანახმად შპს-ის პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის, მათთან შრომითი ხელშეკრულებების დადების და შეწყვეტის, მათი ანგარიშის დამტკიცების თაობაზე. შპს-ს დირექტორი შრომით სამართალურთიერთოებებში იმყოფებოდა შპს-თან და არა ადმინისტრაციულ ორგანოსთან. ამდენად, ბაღდათის რაიონის გამგებლის 22.02.02წ. ¹32 ბრძანება, რომლითაც შპს “მ.” გენერალური დირექტორის მოვალეობისაგან გათავისუფლდა ზ. ტ-ე, უნდა მიჩნეულ იქნეს შპს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებად, რის გამო ბრძანების გამოცემის კანონიერების საკითხი “მეწარმეთა შესახებ” კანონის რეგულირების სფეროში არის მოქცეული. გადაწყვეტილების გამგეობის ბრძანების ფორმით მიღება არ ცვლიდა სადავო ურთიერთობების ბუნებას, არ განაპირობებდა დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ხასიათს, არ იძლეოდა განსჯადობის წესების დარღვევით ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ საქმის განხილვის შესაძლებლობას, სსკ-ს მე-11 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სფეროში წარმოშობილ დავებს სასამართლოები სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავენ. ამდენად, განსახილველი საქმე სცილდება ადმინისტრაციული წესით განსჯად სფეროს, სააპელაციო პალატის მიერ არაგანსჯადი საქმის განხილვა შესაბამისად იწვევს სრულიად განსხვავებულ პრინციპებზე სამართალწარმოების აგებას, რაც პროცესუალური კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. საქმის განხილვისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მატერიალური ნორმების რეალიზაციის შესაბამისი პროცესუალური, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო ნორმებით.

ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის სრულყოფილად გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმე განხილულია განსჯადობის წესების დარღვევით, რაც არ იძლევა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების, საქმის სამართლებრივი ასპექტების შეფასების შესაძლებლობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფლდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 24.07.03წ. განჩინება.

3. საქმე არსებითი განხილვისათვის განსჯადობით გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.