Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-21-226-კ-03 8 ოქტომბერი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 12 აგვისტოს ს. ე. ბ. პრეზიდენტმა ი. მ-ემ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების: რ. ფ-ის, ლ. ქ-ას და ნ. ზ-ას მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისაგან 2356379,77 ლარის ოდენობით ზარალის ანაზღაურება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნული პირების დანაშაულებრივი ქმედების გამო მიადგა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

საქართველოს ეროვნული ბანკის ზუგდიდის განყოფილებაში 1999წ. 28 სექტემბრიდან 1999წ. 2 ოქტომბრამდე სალაროს შემოწმებით სახელმწიფო ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვა იქნა გამოვლენილი. იმ პერიოდში განყოფილებაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდნენ: განყოფილების მმართველი რ. ფ-ე, მთავარი ბუღალტერი ლ. ქ-ა და სალაროს გამგე ნ. ზ-ა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით ეროვნული ბანკის ზუგდიდის განყოფილების ყოფილი მთავარი ბუღალტერი ლ. ქ-ა და სალაროს ყოფილი გამგე ნ. ზ-ა. აღნიშნულ დანაშაულში დამნაშავედ იქნენ ცნობილნი, ხოლო რ. ფ-ე, რომელიც დანაშაულის გამოვლენის შემდეგ მიიმალა, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა და მასზე ძებნა იქნა გამოცხადებული. სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ ფ-ე ბოროტად იყენებდა მთავარი ბუღალტერისა და სალაროს გამგის ნდობას, მათთან შეთანხმების გარეშე, მათ დაუსწრებლად ახდენდა თანხების გაფლანგვასა და გამოძიებით დაუდგენელ პირებზე გაცემას, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის ზუგდიდის განყოფილებაში 2356379,77 ლარის გაფლანგვა გამოიწვია.

მოსარჩელის მითითებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999წ. 10 მარტს ¹37 ბრძანებით დამტკიცებული «ეროვნული ბანკის სისტემაში სალაროს ოპერაციების წარმოების წესის შესახებ” დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნული პირები მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდნენ და ბანკისათვის მიყენებული ზიანისათვის სოლიდალური პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა საქმის არსებითად განხილვისას სასამართლო სხდომაზე თავის სასარჩელო მოთხოვნას მხარი დაუჭირა და დამატებით მიუთითა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს 1987წ. 10 დეკემბრის ¹23 ინსტრუქცია მოქმედებდა, რომელიც საკრედიტო დაწესებულებებში საკასო წარმოების წესს არეგულირებდა. აღნიშნული ინსტრუქციის შესაბამისად ბანკისათვის მიყენებული ზიანისათვის მმართველს, მთავარ ბუღალტერსა და სალაროს გამგეს პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრებოდათ.

მოპასუხე ნ. ზ-ამ სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში აღნიშნა, რომ საბრალდებო დასკვნისა და სასამართლო განაჩენის მიხედვით იგი მის გარეშე ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მსხვერპლს წარმოადგენდა. ამასთან, გამოძიების მასალებით მის მიერ თანხის მითვისების ფაქტი დადგენილი არ იყო.

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ნ. ზ-ას წარმომადგენელმა ნ. ა-ამ დამატებით განმარტა, რომ 1998 წელს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ეროვნულ ბანკში მოქმედი წესებიდან გამომდინარე სალაროს გამგე მატერიალურად აგებდა პასუხს უშუალოდ სალაროში აღმოჩენილი დანაკლისისათვის, ხოლო რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ 1999წ. 10 მარტს დამტკიცებულ დებულებას, რომლის თანახმად სამივე დასახელებული მოპასუხეები სოლიდალურად პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენდნენ, არ შეიძლება უკუქცევითი ძალა მისცემოდა.

მოპასუხე ლ. ქ-ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მხოლოდ თანამდებობრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ხოლო ზიანი, რომელიც ბანკს მიადგა მის დაუდევრობას არ გამოუწვევია და არც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გააჩნდა. ლ. ქ-ამ «ი.” მიერ გაცემული ¹052426 ჩეკის ასლი წრმოადგინა და განაცხადა, რომ «ი.” 34700 ლარის ოდენობით ეროვნული ბანკის ვალი გააჩნდა და ამ თანხის განაღდებით ზიანის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო.

რაც შეეხება მოპასუხე რ. ფ-ეს, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, დანაშაულის ფაქტის გამოვლენის შემდეგ მიიმალა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული, შესაბამისად მას სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამარათლო სხდომაზე გამოცხადებულა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული ბანკის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს: რ. ფ-ეს, ლ. ქ-ასა და ნ. ზ-ას საქართველოს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ სოლიდალურად 2356379,77 ლარისა და სამოცდაჩვიდმეტი თეთრის გადახდა დაეკისრათ.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

ის ფაქტი, რომ მოპასუხეთა მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოსარჩელეს ზიანი მიადგა _ 2356379, 77 ლარის ოდენობით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდებოდა და დამტკიცებას არ საჭიროებდა, მით უფრო, რომ სსკ-ს 106-ე მუხლის «გ” პუნქტის შესაბამისად, დამტკიცებას არ საჭიროებს ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.

სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, შკკ-ს 121-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტიდან გამომდინარე მოპასუხეებს მატერიალური პასუხისმგებლობა სრული ოდენობით უნდა დაკისრებოდათ.

სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მათ არ შეიძლება ბრალი დასდებოდათ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1999წ. 10 მარტს დამტკიცებული «ეროვნული ბანკის სისტემაში სალაროს ოპერაციების უზუსტობის წარმოების წესის შესახებ” დებულების მე-7 მუხლის საფუძველზე, რომელიც მმართველის, სალაროს გამგისა და მთავარი ბუღალტრის სოლიდარულ პასუხისმგებლობას ადგენდა, ვინაიდან დანაშაულად შერაცხული მოქმედებები აღნიშნული დებულების დამტკიცებამდე იყო ჩადენილი. ამასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოში იმ დროს მოქმედი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის 1987წ. 10 დეკემბრის ¹23 ინსტრუქციის 26-ე, 117-ე, 278-ე და 283-ე მუხლებით განსაზღვრული იყო საბანკო დაწესებულების მმართველის, მთავარი ბუღალტრისა და სალაროს გამგის თანაბარი მატერიალური პასუხისმგებლობა.

ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება ნ. ზ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. ამასთან, სასამართო კოლეგიამ საქმის გარემოებები ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და ისე მიიღო გადაწყვეტილება

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა შკკ-ს 121-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტი, რომელიც მუშაკისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, როცა ზიანი მისი ბრალით არის გამოწვეული, მოცემულ შემთხვევაში კი განაჩენის მიხედვით, რ. ფ-ე მასთან შეთანხმების გარეშე მოქმედებდა და სწორედ ამ უკანასკნელის დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია ზიანი.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნ. ზ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დაცვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან კასატორ ნ. ზ-ას მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მიხედვით, ლ. ქ-ასა და ნ. ზ-ას ბრალად დაედოთ, რომ მუშაობდნენ რა საქართველოს ეროვნული ბანკის ზუგდიდის ფილიალში, ლ. ქ-ა მთავარ ბუღალტრად, ხოლო ნ. ზ-ა _ მოლარედ, ფილიალის მმართველ რ. ფ-ესთან ერთად დანაშაულებრივი ქმედების გზით საქართველოს ეროვნული ბანკს მიაყენეს ზიანი 2356379,77 ლარის ოდენობით. დადგენილია ისიც, რომ საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მსჯავრდებულების ლ. ქ-ას და ნ. ზ-ას მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა და კანონიერ ძალაშია შესული.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ მართებულად გამოიყენა სსკ-ს 106-ე მუხლის «გ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დამტკიცებას არ საჭიროებს ფაქტები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ზიანი მისი ბრალით არ არის გამოწვეული, რადგან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 აპრილის განაჩენში გარკვევით არის მითითებული, რომ განსასჯელმა ნ. ზ-ამ ჩაიდინა დაუდევრობა, ე.ი. თანამდებობის პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგი მოჰყვა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ სწორად იქნა გამოყენებული აგრეთვე შკკ-ს 121-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად მუშაკს საწარმოს, დაწესებულების და ორგანიზაციისათვის მიყენებული ზიანის გამო, თუ იგი გამოწვეულია მისი ბრალით, მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრება სრული ოდენობით, როდესაც ზიანი მუშაკის დანაშაულებრივი მოქმედებითაა მიყენებული და დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს კიდეც ადგილი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს აგრეთვე სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას და განმარტავს, რომ მართალია დანაშაულებრივი ქმედებები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1999წ. 16 მარტს დამტკიცებული «ეროვნული ბანკის სისტემაში სალაროს ოპერაციების უზუსტობის წესის შესახებ” დებულების დამტკიცებამდე არის ჩადენილი, მაგრამ იმ დროს მოქმედებდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის 1987წ. 10 დეკემბრის ¹23 ინსტრუქცია «საბანკო დაწესებულებებში საემისიო-საკასო მუშაობის შესახებ”, რომლის 26-ე, 117-ე, 278-ე და 283-ე მუხლებით განსაზღვრულია საბანკო დაწესებულების მმართველის, მთავარი ბუღალტრისა და სალაროს გამგის სოლიდარული პასუხისმგებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ზ-ას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებით, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ზ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილება.

3. უზენაესი სასამრთლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.