გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-214-364-კ-03 30 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: პრივატიზების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 26 სექტემბერს ზესტაფონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ (ამჟამად ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისროს ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო) მოახდინა ზესტაფონში, ... მდებარე 13 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის კონკურსის წესით პრივატიზება, სადაც გაიმარჯვა დ. ჭ-მა. 2002წ. 4 ნოემბერს ერთ-ერთმა კონკურსანტმა ტ. კ-ემ სარჩელი აღძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და აღნიშნული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ სადავო კონკურსით პრივატიზებული 13 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 1994წ. 8 დეკემბრიდან წარმოადგენს მის კერძო საკუთრებას და ზესტაფონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს აღარ ჰქონდა ამ ფართზე პრივატიზაციის განხორციელების უფლება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე, 1994წ. 8 დეკემბერს მან მოახდინა ზესტაფონში, ... მდებარე 32 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინის ¹16 პრივატიზება 28 კვ.მ დამხმარე ფართთან, მათ შორის სადავო 13 კვ.მ ფართთან ერთად, რაც რეგისტრიტებულია ზესტაფონის ტექბიუროში 1994წ. 9 დეკემბრიდან და შესაბამისად მის სახელზე გაცემულია საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი. სკ-ს 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სადავო 13 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი მისი (მოსარჩელის) საკუთრებაა, მაგრამ ზესტაფონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ უკანონოდ შეიტანა ფართი საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში, მოსარჩელეც შეცდომაში შეიყვანა და კონკურსში მიაღებინა მონაწილეობა, სადაც გაიმარჯვა დ. ჭ-მა.
მოპასუხე ზესტაფონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ მოტივით, რომ სადავო 13 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ამიტომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილებით ბინის პრივატიზებასთან ერთად დაუშვებელი იყო ამ სახის არასაცხოვრებელი ფართის მობინადრისათვის კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა. მოპასუხის აზრით, ტ. კ-ის მიერ წარმოდგენილი ბინის პრივატიზების ხელშეკრულება მოსარჩელის მიერ გაყალბებულია, სანოტარო ბიუროდან მათ მიერ წარმოდგენილ ასლზე მითითებულია, რომ ტ. კ-ემ მოახდინა 15 კვ.მ არასაცხვორებელი ფართის პრივატიზება, ხოლო მოსარჩელის ხელშეკრულებაში 15 კვ.მ გადასწორებულია 28 კვ.მ ფართად.
სარჩელი, უსაფუძვლობის მოტივით, ასევე არ ცნო მესამე პირმა კონკურსში გამარჯვებულმა დ. ჭ-მა, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა და განმარტა, რომ 13 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე სადავო კონკურსი ზესტაფონის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, სადავო ფართი სახელმწიფო საკუთრებაა და მისი განკარგვა შეეძლო მხოლოდ სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველოს, კონკურსზე რომელშიც 2 კონკურსანტი მონაწილეობდა, გაიმარცვა დ. ჭ-მა, რადგან ნაცვლად 71 აშშ დოლარისა მან 310 აშშ დოლარის განაცხადი შეიტანა საკონკურსო კომისიაში, ხოლო ტ. კ-ემ განაცხადი შეიტანა 217 აშშ დოლარზე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით ტ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონში, ... მდებარე 13 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის შედეგების ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა, უსაფძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ტ. კ-ის მიერ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით ტ. კ-ის სააპელაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონში, ... მდებარე 13 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის შედეგები, სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველოს 2002წ. 27 მარტის ¹14/1 ბრძანება სადავო ფართის სახელმწიფო საკუთრებად ცნობისა და პრივატიზების შესახებ. ასევე ბათილად იქნა ცნობილი საკონკურსო კომისიის შედეგების დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველოს 2002წ. 7 ოქტომბრის ¹55/2 ბრძანება და დ. ჭ-ს დაუბრუნდა პრივატიზების დროს გადახდილი 310 აშშ დოლარი და 35 ლარი. სააპელაციო პალატა დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1994წ. 8 დეკემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულებით მოსარჩელე ტ. კ-ემ შეიძინა ზესტაფონში, ... მდებარე ბინა ¹16 32 კვ.მ საცხოვრებელი ფართით და 28 კვ.მ დამხმარე ფართით, რაც რეგისტრირებულია ტექბიუროში და დაფიქსირებულია საცხოვრებელი სახლის ტექპასპორტში. სკ-ს 312-ე მუხლით გათვალისწინებული საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობის პრეზუმციიდან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ ტ. კ-ეს პრივატიზებული აქვს ნაცვლად 28 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართისა 15 კვ.მ და არც მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების ასლი მიიჩნია სარწმუნოდ. პალატამ მიიჩნია, რომ 13 კვ.მ არასაცხოვრებელი ფარვი იყო ტ. კ-ის საკუთრება, რაც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ უფლებას წარმოადგენს. ამიტომ პალატა არ დაეთანხმა სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველოს 2002 წლირს 26 მარტის დასკვნას, რომლის მიხედვითაც სამმართველოს წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ სადავო ფართი ტ. კ-ეს უკანონოდ ჰქონდა საკუთრებაში გადაცემული და სამმართველოს 2002წ. 27 მარტის ბრძანებით ¹14/1 სადავო ფართი სახელმწიფო ქონებად ცნეს.
,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის თანახმად, პრივატიზებას ექვემდებარება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება და ვინაიდან სადავო 13 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ტ. კუტალაძის საკუთრებას წარმოადგენდა, სააპელაციო პალატამ სკ-ს 54-ე მუხლის საფუძველზე, ბათილად ცნო სადავო ფართზე 2002წ. 26 სექტემბერს განხორციელებული პრივატიზაცია, ხოლო ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის თანახმად, დ. ჭ-ს დაუბრუნდა პრივატიზაციის დროს გადახდილი თანხა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ტ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების თანახმად საცხოვრებელ ფართთან ერთად მოსახლეობას საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებული არასაცხოვრებელი ფართები – სამზარეულო, აივანი, ლოჯია, საპირფარეშო, ხოლო სხვა არასაცხოვრებელი ფართების პრივატიზაცია ხდება ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის შესაბამისად. სასამართლოში წარმოდგენილია 1994წ. 8 დეკემბრის ხელშეკრულების ასლი ბინის პრივატიზების შესახებ, რომლის მიხედვითაც ტ. კ-ეს საკუთრებაში გადაეცა 15 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ტ. კ-ის მიერ წარმოდგენილი პრივატიზების ხელშეკრულება 28 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზების შესახებ ყალბია. ზესტაფონის გამგეობის 2002წ. 23 დეკემბრის ¹135 ცნობით დასტურდება, რომ ... მდებარე ე.წ. სამხედროების ბინა ზესტაფონის გამგეობის ბალანსზე ირიცხებოდა, სადაც ყველა არასაცხოვრებელი ფართი, მათ შორის სადავო 13 კვ.მ ფართი ექვემდებარებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ პრივატიზებას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა დ. ჭ-მა, რომელმაც შემდეგი საფუძვლით მოითხოვა საოლქო სამმართველოს გადაწყვეტილების გაუქმება და ტ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა:
კასატორის აზრით, არასწორია სასამართლოს შეფასება და დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თითქოს ტ. კ-ემ 1994წ. ხელშეკრულებით საცხოვრებელ ფართთან ერთად მოახდინა 28 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება. სანოტარო ბიუროდან კასატორის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების ასლის მიხედვით ირკვევა, რომ ტ. კ-ეს პრივატიზებისას გადაეცა 15 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, რაც დასტურდება ზესტაფონის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის ცნობითაც. ამიტომ არასწორია სასამართლოს შეფასება, რომ სადავო პრივატიზებისას სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველომ მოახდინა არა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის, არამედ ტ. კ-ის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის პრივატიზება. კასატორს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ტ. კ-ის მიერ გადასწორებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების არასწორი მონაცემების საფუძველზე ზესტაფონის ტექბიუროს მიერ შედგენილია საცხოვრებელი ბინის ტექპასპორტი, სადაც დამხმარე ფართი ნაცვლად 15 კვ.მ მითითებულია 28 კვ.მ, რასაც პალატამ ასევე არ მისცა სათანადო შეფასება.
სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ზესტაფონის სამმართველოსა და დ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები არ ცნო ტ. კ-ემ, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და დ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო პალატამ მოსარჩელე ტ.კ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების – ბინის პრივატიზების ხელშეკრულებისა და ბინის ტექპასპორტის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ მან (მოსარჩელემ) 1994წ. 8 დეკემბერს ბინის პრივატიზების ხელშეკრულებით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების შესაბამისად შეიძინა ზესტაფონში, ... მდებარე ბინა ¹16, 32 კვ.მ საცხოვრებელი ფართით და 28 კვ.მ დამხმარე ფართი, მათ შორის კორპუსის პირველ სართულზე განთავსებული სადავო 13 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სანოტარო ბიუროდან კასატორების მიერ წარმოდგენილი ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ასლი, რომლის მიხედვით ტ. კ-ის მიერ 1994 წელს საცხოვრებელ ფართთან ერთად პრივატიზებული იქნა მხოლოდ მე-3 სართულზე მდებარე 15 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და ამდენად, სადავო 13 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება მოსარჩელეს არ მოუხდენია. კასატორებმა საკასაციო საჩივართან ერთად წარმოადგინეს ზესტაფონის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის ცნობა, რომელშიც ნოტარიუსი განმარტავს, რომ მის მიერ 1994წ. 8 დეკემბერს ¹4221 რეესტრით დამოწმებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულების დედანში მითითებულია, რომ ტ.კ-ემ განახორციელა 15 კვ.მ დამხმარე ფართის პრივატიზება.
ამრიგად, საქმეში წარმოდგენილია ტ. კ-ესთან 1994წ. 8 დეკემბერს დადებული ბინის პრივატიზების ხელშეკრულების დედანი და ასლი, სადაც პრივატიზებული არასაცხოვრებელი ფართის შესახებ განსხვავებული მონაცემებია მოცემული. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის უმთავრესია იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა, მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების შესაბამისად რეალურად რამდენი კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი გადაეცა ტ. კ-ეს 1994წ. დეკემბერში ბინის პრივატიზაციასთან ერთად. ვინაიდან სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების დედნები, როგორც წესი, ინახება შესაბამის სანოტარო ბიუროში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვალდებული იყო საკუთარი ინიციატივით შეეგროვებინა მტკიცებულებები. კერძოდ, ზესტაფონის სანოტარო ბიუროდან სასამართლოს უნდა გამოეთხოვა ტ. კ-ის მიერ განხორციელებული ბინის პრივატიზების მასალები და ისე დაედგინა ფაქტობრივი გარემოება, რაც სააპელაციო პალატას არ განუხორციელებია და საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის გარეშე დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რაც, საკასაციო პალატის აზრით, სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნების დარღვევაა და საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა შედეგად.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის აპელირებას სკ-ს 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს რა უტყუარობისა და სისწორის პრეზუმცია, რადგან ტ. კ-ის სახელზე გაცემული სახლის ტექნიკური პასპორტისა და ტექბიუროს ცნობაში აღნიშნული იყო, რომ ტ. კ-ის სახელზე ირიცხებოდა 28 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი, სააპელაციო პალატამ უდავოდ დადასტურებულად ცნო, რომ 1994წ. 8 დეკემბრის ბინის პრივატიზების ხელშეკრულებით ტ. კ-ის საკუთრებას წარმოადგენდა 28 კვ.მ დამხმარე ფართი. სკ-ს 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ვიდრე არ დადგინდება მათი უზუსტობა. განსახილველი დავის შემთხვევაში, რადგან მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ასლი, სადაც პრივატიზებულ არასაცხოვრებელ ფართად მითითებულია ნაცვლად 28 კვ.მ-სა 15 კვ.მ, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ სადავო გახდა ზესტაფონის ტექბიუროს მონაცემის უტყუარობა და სისწორე. ამიტომ სკ-ს 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე აპელირება, ასეთ ვითარებაში უმართებულოა.
განსახილველი დავის საგანს ასევე წარმოადგენს სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველოს 2002წ. 27 მარტის ¹14/1 ბრძანება, რომლითაც სამმართველოს სპეციალისტების 2002წ. 26 მარტის დასკვნის საფუძველზე, ზესტაფონში, ... მდებარე სადავო 13 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი ცნობილი იქნა სახელმწიფო საკუთრებად. სადავო არასაცხოვრებელ ფართზე სახელმწიფო საკუთრების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის და შესაბამისად გამოუკვლეველია 2002წ. 27 მარტამდე ვის საკუთრებას წარმოადგენდა სადავო ფართი და რა საფუძვლით. საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნულ გარემოებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად და კანონიერად გადაწყვეტისთვის.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე პროცესუალურად შეუძლებელია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან საჭიროა ახალ მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ამიტომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსა და დ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე არსებითი გადაწყვეტილების მიღებისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.