გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-215-365-კ-03 6 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. კ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და მოითხოვა აღმასრულებლის 2002წ. 24 ოქტომბრის ქონების დაყადაღების აქტიდან ქონების ამორიცხვა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მის შვილს ლ. კ-ეს მოქალაქე ზ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 400 ლარის გადახდა.
აღნიშნულის საფუძველზე სააღსრულებო სამსახურმა უკანონოდ დააყადაღა მისი კუთვნილი ქონება, რომლის დიდი ნაწილი მისი ცოლის მზითევია, ხოლო დანარჩენი ქონების შეძენაში მის შვილს წვლილი არ მიუძღვის. ასევე მიუთითებდა, რომ აღმასრულებელმა მთლიანად დააყადაღა 1720 ლარის ღირებულების ქონება, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებით მის შვილს 400 ლარის გადახდა ჰქონდა დაკისრებული.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ყადაღისაგან გათავისუფლდა ვ. კ-ის ქონება გარდა ავტომანქანისა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ემ, რომელმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი სარჩელი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის განჩინებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტომანქანა, რომელიც აღრიცხული იყო ვ. კ-ის სახელზე წარმოადგენდა კომლის საკუთრებას და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ვ. კ-ის კომლთან მის შვილს კავშირი არ ჰქონდა გაწყვეტილი, რადგან პირველი სვირის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ ლ. კ-ე რამდენჯერმე ჩაეწერა და ამოეწერა კომლში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სკ-ს 173-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ აღმასრულებელს უფლება ჰქონდა აღსრულება მიექცია კომლის წევრთა საერთო ქონებაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელმა სარჩელი ცნო. კასატორი არ ეთანხმება, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მისი შვილი კომლის წევრია და მიუთითებს, რომ ლ. კ-ე არ ცხოვრობს მის კომლში, წასულია საცხოვრებლად ზესტაფონში და არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს კომლის საქმიანობაში.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა კასატორის წარომადგენელი თ. ფ-ე და მესამე პირი ზ. კ-ე. არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე. გამოცხადებულმა მხარეებმა თანხმობა განაცხადეს საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვაზე. საკასაციო პალატამ სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად განსჯადობით გადაეცეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი დავა სამართლებრივად არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული დავის საგანს და იგი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესაზებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მოცემულ დავაში მოპასუხეს წარმოადგენს არა სასამართლო აღმასრულებელი, არამდ მოვალე და კრედიტორი. საქმის ხელახლა განმხილველი სასამართლო ვალდებულია სკ-ს 85-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს შესთავაზოს არასათანადო მოპასუხის (სასამართლო აღმასრულებლის) – სათანადო მოპასუხით (მოვალე და კრედიტორი) შეცვლა და საქმე განიხილოს როგორც ფიზიკურ პირებს შორის ქონებრივი დავა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე განხილულია არაგანსჯადი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს – ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მეორე მუხლით, სსკ-ს მე-11, 408 და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. კ-ის საკასაციო საჩივარ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ივნისის განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცეს ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.