გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-221-368-კ-03 12 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 10 სექტემბერს შპს “გ.” თბილისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტის მიმართ და მიყენებული ზიანის 2500000 ლარის, 274241 აშშ დოლარისა და 21963 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი თანხის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
1995 წელს მან შესაბამისი სერტიფიკატის საფუძველზე ავიარეისების განხორციელების უფლება მიიღო, როგორც ჩარტერულ, ისე რეგულარულ ავიახაზებზე.
ჩარტერულ რეისებს საზღვარგარეთის ქვეყნებში იგი სისტემატურად ასრულებდა, რომლებზეც ლიცენზიები თითოეულ რეისზე გაცემულია ცალ-ცალკე, თბილისიდან თბილისამდე, მაგრამ მოულოდნელად მოპასუხემ მოსარჩელეს ავიახაზების განხორციელების უფლება არ მისცა, რის გამოც მან საქმიანობა შეწყვიტა და საბოლოოდ გაკოტრებამდე მივიდა. აღნიშნულის გამო, ავიაკომპანიამ დაახლოებით 2500000 ლარის ზიანი მიიღო.
1995 წელს მან აშშ-ის ფირმა “მ. ჯ.” ბიზნეს-გეგმის შესასრულებლად 30000 აშშ დოლარი, ინგლისურ ფირმა “ა.” ავიაბილეთების დასაბეჭდად 21963 ფუნტი სტერლინგი, ხოლო თვითმფრინავების ძრავების დემონტაჟისა და იმპორტისათვის ქ.ეკატერინბურგის ფირმასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 111241 აშშ დოლარი გადარიცხა.
აღნიშნული ხარჯები მოსარჩელემ მის მიერ მიღებულ ზიანად მიიჩნია, რომელიც სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უკანონო ქმედების შედეგად განიცადა.
მოპასუხე სამოქალაქო ავიაციის ადმინისტარციის სალიკვიდაციო კომისიამ სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში აღნიშნა, რომ ლიცენზიის ჩამორთმევა მოპასუხის მიერ კანონით დადგენილი წესების დარღვევის გამო მოხდა. Kკერძოდ, მოპასუხის მითითებით, ლიცენზიის მოქმედების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი გახდა: საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, თბილისი-მოსკოვი-თბილისის და თბილისი-სამარა-თბილისის საჰაერო ხაზზე ფინანსური დავალიანება და ექსპლუატანტის მოწმობის ვადის გასვლა, რაცსაჰაერო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კრძალავს ლიცენზიით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “გ.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე მიუთითებს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უკანონო ქმედებაზე, რაც ფრენის ლიცენზიების ჩამორთმევაში გამოხატა, ამავე დროს მოსარჩელეს არ აქვს გასაჩივრებული მოპასუხის რაიმე უკანონო ქმედება. გადაწყვეტილება ლიცენზიის ჩამორთმევის თაობაზე ან უარი ქმედების განხორციელებასა თუ აქტის გამოცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა რაიმე კანონით დადგენილი ვალდებულება, ასევე კანონის რა მოთხოვნა არ იქნა შესრულებული, რაც შეიძლება გახდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.
აღნიშნული გადაწყვეტილება შპს “გაკომ” იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს “გ.” წარმომადგენლის ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორი მოითხოვს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადამდე შეწყვეტის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. დადგენილია ისიც, რომ აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადამდე შეწყვეტა შპს “გაკოს” სასამართლოში არ გაუსაჩივრებია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის და ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში. საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაში პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს დარღვეული უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. თუ კასატორი თვლიდა, რომ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციამ ლიცენზიის მოქმედება უკანონოდ შეწყვიტა, მას სრული უფლება ჰქონდა აღნიშნული სასამართლოში გაესაჩივრებინა, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ვინაიდან არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების ვადამდე შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევის თაობაზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი ამ ლიცენზიის შეწყვეტის გამო შპს “გ.” მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე იმსჯელოს.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საგულისხმოა ისიც, რომ კასატორს ლიცენზიის მოქმედების ვადამდე შეწყვეტა სასამართლოში არც ამ დროისათვის აქვს გასაჩივრებული.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თუ შპს “გ.” სასამართლოს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით მიმართავდა და ეს უკანასკნელი სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის მიერ ლიცენზიის მოქმედების ვადამდე შეწყვეტას უკანონოდ ცნობდა, მაშინ კასატორს სრული უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა აღნიშნული ლიცენზიის მოქმედების ვადამდე შეწყვეტის გამო შპს “გ.” მიყენებული ზიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად იგი დატოვებულ უნდა იქნეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “გ.” წარმომადგენლის ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 26 ივნისის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.