Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-22-227-კ-03 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2001წ. 11 ივლისის ¹45 ბრძანებით, «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის გამო, რაც მოქალაქეებთან ურთიერთობაში გამოჩენილ უტაქტობასა და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში გამოიხატა (კერძოდ 2001წ. 4 ივლისს ქობულეთში, ... ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარში მომხდარი ინციდენტის გამო) და შედეგად მოჰყვა შინაგან საქმეთა ორგანოების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ჩამოყალიბება, ქობულეთის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის ზემდეგი ნ. ლ-ე დათხოვნილი იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

2002წ. 14 მარტს ნ.ლ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. მოსარჩელის მითითებით, მისთვის არ გაუცვნიათ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, იგი მხოლოდ სიტყვიერად იქნა გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ მასალები გადაიგზავნა პროკურატურაში და მოგვიანებით შეიტყო პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

აჭარის ა/რ პროკურორის 2002წ. 13 ივნისის დადგენილებით ქობულეთის რაიონის შს განყოფილების თანამშრომლის ნ.ლომაძის და სხვათა მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა მათ ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის არ არსებობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებით ნ.ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა აჭარის ა/რ შს სამინისტროს 2001წ. 11 ივლისის ¹45 ბრძანების პირველი პუნქტი და მოსარჩელე აღდგენილი იქნა ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ შს სამინისტრომ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 10 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ა/რ შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ.ლ-ემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003 წლირს 8 აპრილის განჩინებით ნ.ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 6 თებერვლის გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნ.ლ-ე შს ორგანოებიდან დათხოვნილი იქნა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2001წ. 11 ივლისის ბრძანებით, ხოლო სამსახურში აღდგენის თაობაზე მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2002წ. 14 მარტს, გათავისუფლებიდან 8 თვის შემდეგ, რის მიზეზადაც ნ. ლ-ემ მიიჩნია ბრძანების მისთვის ჩაუბარებლობა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული პირადი შემადგენლობის 2001წ. 18 ივლისის თათბირის ოქმის მიხდვით, შინაგან საქმეთა განყოფილების პირად შემადგენლობას გაეცნო მინისტრის 2001წ. 11 ივლისის ¹45 ბრძანება. ასევე 2002წ. 4 ივლისის ოქმის თანახმად, ნ. ლ-ე ფინანსური ანგარიშსწორების მიზნით, 2001წ. 15 აგვისტოს გამოცხადდა შინაგან საქმეთა განყოფილებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რაიონის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მ. ც-ის მიერ ნ.ლ-ეს სიტყვიერად გამოეცხადა მისი გათავისუფლების შესახებ. იგივე დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით – შემოვლის ფურცლით, ოქმებით, ნ. ლ-ის განცხადებით, რაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია იმის დამადასტურებლად, რომ პოლიციის ხელმძღვანელობამ ნ.ლ-ეს დროულად გააცნო გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ხოლო ნ. ლ-ის მოთხოვნა ბრძანების ამონაწერის მისთვის გადაცემის თაობაზე, საქმის მასალებით არ დასტურდება.

«საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მოხელე სამსახურიდან თავისუფლდება მისთვის შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის დღიდან. კანონი არ ითვალისწინებს გათავისუფლებული პოლიციელისათვის ბრძანების ასლის ჩაბარებას, ხოლო გაცნობა მოხდა ლ. ლ-ის უშუალო უფროსის მ. ც-ის მიერ 2001წ. 15 ივლისს. პოლიციის მუშაკთა სამსახურის გავლის წესი რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულებით, რომლის მე-7 მუხლის მე-4 აბზაცის თანახმად, ბრძანება თანამშრომელს უნდა გაეცნოს უშუალო ხელმძღვანელობამ, რის საფუძველზეც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ. ლ-ეს ბრძანება გააცნო უშუალო ხელმძღვანელმა პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გ. ც-ემ. აღნიშნული დებულება არ ითვალისწინებს ბრძანების ასლის პოლიციელისათვის ჩაბარების სავალდებულობას.

«საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების 73-ე მუხლის შესაბამისად, შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელს უფლება აქვს გაასაჩივროს სასამართლოში დათხოვნის შესახებ ბრძანება. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანების გასაჩივრების ვადა შემოიფარგლება ერთი თვით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაშვებულად მიიჩნია გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

რაც შეეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ 2001წ. 4 ივლისს ქობულეთში, ... ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარში მომხდარ შემთხვევას, საქმის მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. ლ-ისა და პოლიციის სხვა თანამშრომლების კაფე-ბარში მისვლამდე, სადაც ისინი მივიდნენ შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მ. ც-ის დავალებით, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. კაფე-ბარში აურზაური პოლიციასა და იქ მყოფ საზოგადოებას შორის მოხდა მას შემდეგ, რაც პოლიციის ოპერატიული ჯგუფი მივიდა. ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით, პოლიციის თანამშრომლებმა თვითონ გამოიწვიეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და გადაამეტეს უფლებამოსილება. პოლიციის ჯგუფმა და მათ შორის ნ.ლ-ემ დაარღვიეს «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა და მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ლ-ემ და სააპელაიცო პალატის 2003წ. 8 აპრილის განჩინების გაუქმებაათან ერთად, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შემდეგი საფუძვლით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილი. კერძოდ, სააპელაციო პალატას ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა შეემოწმებინა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო კი გასცდა აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს და დაკითხა კაფე-ბარში მყოფი პირები, თუმცა მათი ჩვენებები არ იქნა დაფიქსირებული.

სააპელაციო სასამართლოს მიერ უგულებელყოფილი იქნა აჭარის ა/რ პროკურატურის 2002წ. 12 ივნისის სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის დადგენილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული და მიუთითა 2002წ. 11 მარტის აჭარის ა/რ პროკურატურის წერილზე, რომელიც გაუქმებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ.

კასატორმა აღნიშნა, რომ გათავისუფლების შესახებ შს მინისტრის ბრძანება ოფიციალურად მისთვის არავის გადაუცია და არც მტკიცებულებებით დასტურდება მის მიერ სამსახურიდან დათხოვნის ფაქტის ცოდნა. ბრძანების ასლთან ერთად მისთვის უნდა გადაეცათ შრომის წიგნაკი, უნდა მომხდარიყო საფინანსო ანგარიშსწორება, რომელიც გაუგზავნეს 2002წ. იანვარში. მისთვის უნდა ჩამოერთვათ ტაბელური იარაღი და პირადობის მოწმობა, რაც ექვსი თვის შემდეგ მისი სახლში არ ყოფნის დროს განხორციელდა.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ შემოვლის ფურცელი არ ცვლის ბრძანებას და მისი არსებობის შესახებ შეიტყო სააპელაციო საჩივრის ჩაბარების დღიდან. მისთვის შემოვლის ფურცელი არავის გადაუცია და კასატორისათვის უცნობია თუ როგორ მოხდა მისი შევსება.

მოწინააღმდეგე მხარემ – აჭარის ა/რ შს სამინისტროს წარმომადგენელმა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნო საკასაციო საჩივარი და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ. უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ აჭარის ა/რ შს მინისტრის 2001წ. 11 ივლისის ¹45 ბრძანებით, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის გამო, შს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა ქობულეთის რაიონის შს განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორი, პოლიციის ზემდეგი ნ. ლ-ე. 2002წ. 14 მარტს ნ. ლ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმები და აღნიშნული კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტი იმპერატიულად მიუთითებს: ,,მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება”. კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა ნ.ლ-ემ მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აჭარის ა/რ შს მინისტრის 2001წ. 11 ივლისის ბრძანება ¹45 გაასაჩივრა 8 თვის შემდეგ, 2002წ. 14 მარტს. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ხანდაზმულობის მოტივით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

აჭარის ა/რ შს მინისტრის სადავო ¹45 ბრძანება ნ. ლ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გამოცემულია 2001წ. 11 ივლისს, ხოლო ქობულეთის შს რაიგანყოფილების ¹6 პ/შ ბრძანება გამოცემულია იმავე წლის 27 ივლისს. ქობულეთის რაიონის შს განყოფილების პირადი შემადგენლობის საერთო თათბირის 2001წ. 18 ივლისის ოქმი ¹3-ის მიხედვით ირკვევა, რომ რაიგანყოფილების პირადი შემადგენლობა გაეცნო აჭარის შს მინისტრის სადავო ¹45 ბრძანებას ნ. ლ-ის პოლიციიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო იმავე წლის 1 აგვისტოს ოპერატიულ თათბირზე პირად შემადგენლობას გააცნეს ქობულეთის რაიგანყოფილების ¹6 პ/შ ბრძანება. საქმეში წარმოდგენილია ასევე ნ. ლ-ის სახელზე 2001წ. 1 ოქტომბერს გაცემული შემოვლის ფურცელი პოლიციელის პირადობის მოწმობისა და იარაღის ჩაბარების, ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. ლ-ის სარჩელი სამსახურიდან დათხოვნისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, სასამართლოში აღძრულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით, რადგან კასატორისათვის 2001წ. 1 ოქტომბრიდან მაინც ცნობილი იყო სამსახურიდან მისი დათხოვნის შესახებ, ხოლო სარჩელი შეტანილია 8 თვის გადაცილებით. ამიტომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, საკასაციო პალატის აზრით, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აპრილის განჩინება, რადგან სააპელაციო პალატამ საქმის გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით მიიღო კანონიერი განჩინება, ხანდაზმულობის მოტივით, ნ. ლ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 აპრილის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.