Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-230-371-კ-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: პენსიაზე დანამატის დანიშვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. ნ-ამ მოპასუხე სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა პენსიაზე დანამატის დანიშვნა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მუშაობდა შსს-ში, პენსიაზე გავიდა 1992წ. 2 მაისიდან. პენსიას ღებულობდა 75 ლარისა და 30 თეთრის ოდენობით. 1991-92 წლებში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში. 2002წ. ივნისში განცხადებით მიმართაშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “დ” და “ზ” პუნქტების საფუძველზე მოითხოვა 21 ლარის და მცირეწლოვანი ბავშვებისათვის 18 ლარი ორ ბავშვზე. სულ ითხოვდა პენსიაზე დანამატს 39 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დანამატს ითხოვდა 1999 წლიდან 1694 ლარის და მიუღებელ პენსიას 602 ლარს და 40 თეთრს, სულ 2280 ლარის ოდენობით.

ვ. ნ-ამ რამდენჯერმე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა 1998წ. 1 იანვრიდან 2002წ. სექტემბრის ჩათვლით 2260 ლარისა და 60 თეთრის ანაზღაურება. სწავლის პერიოდის – (8 წელი, 5 თვე და 10 დღე) საერთო შრომის სტაჟში ჩათვლა და ამის გათვალისწინებით პენსიის 85%-ითგადაანგარიშება, რაც 1998წ. 1 იანვრიდან შეადგენდა 1592 ლარს და 58 თეთრს. 8 თვის მიუღებელ პენსიას 602 ლარისა და 40 თეთრის ოდენობით, სულ 4455 ლარის და 46 თეთრის ანაზღაურებას. ასევე ითხოვდა 2002წ. 1 ოქტომბრიდან პენსიის დანიშვნას 161 ლარის და 12 თეთრის ოდენობით.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვ. ნ-ას დაენიშნა პენსიაზე დანამატი 21 ლარის და არასრულწლოვანი ბავშვებისათვის 18,66 ლარი, სულ 38,66 ლარი. აუნაზღაურდა მიუღებელი პენსიის 1 წლის სხვაობა 475,92 ლარის ოდენობით. რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ნ-ამ, რომელმაც პენსიაზე დანამატის დანიშვნის ანაზღაურება მოითხოვა 1997წ. 1 იანვრიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინებით ვ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “სამხედრო და შს ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის თანახმად ვ. ნ-ას პენსიის მომატების უფლების წარმოშობისას არ მიუმართავს საპენსიო ორგანოსათვის, ამიტომ დროულად არ მიმართვის შემთხვევაში კანონი გამონაკლისის სახით უშვებდა განცხადებით მიმართვამდე მხოლოდ ერთი წლით უკან ანაზღაურებას, რაც რაიონული სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ნ-ამ, რომელიც სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლო მთლიანად დაეყრდნო ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონს და არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები, რომელიც ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ა) ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ბ) კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვას. გ) ადამიანის კანონიერი უფლებების და თავისუფლების, კანონიერი ინტერესების განხორციელებისათვის ხელის შეწყობას. კასატორს მიაჩნია, რომ კოდექსის აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარესოციალდური უზრუნველყოფის ერთიანი ფონდი ვალდებული იყო 1997წ. 1 იანვრიდან შეეტყობინებინა მისთვის ძალაში შესული კანონით მინიჭებული უფლებების შესახებ და ჩაეტარებინა ახსნა-განმარტება, რათა დროულად მიემართა საპენსიო ორგანოსათვის, კანონით კუთვნილი საპენსიო დანამატის მისაღებად.

საკასაციო სასამართლოს 2003წ. 6 ნოემბრის სხდომაზე მხარეები არ გამოცხადდნენ. სასამართლომ სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაადგინა საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის მიტოვების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ნ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინება.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართევლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ამოქმედდა 2000წ. 1 იანვრიდან, რის გამოც ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის ამოქმედების დროისათვის (1997 წ 1 იანვარი) ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ვერ გავრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.

ვ. ნ-ას 1992წ. მარტიდან დანიშნული აქვს პენსია 75 ლარისა და 30 თეთრის ოდენობით. 2002წ. ივნისში განცხადებით მიმართაშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს რათა მოეხდინა პენსიაზე დანამატის დანიშვნა კანონის 41-ე მუხლის ,,დ” და ,,ზ” პუნქტების საფუძველზე. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან მიღებული უარყოფითი პასუხის შემდეგ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა პენსიაზე დანამატის დანიშვნა.

საკასაციო პალატას საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ ვ. ნ-ას პენსიაზე დანამატის დანიშვნის მოთხოვნით საპენსიო ორგანოსათვის არ მიუმართავს 2002წ. ივნისამდე. ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის თანახმად ამ კანონის პირველი მუხლის ,,ა” პუნქტში ჩამოთვლილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა პენსიების ოდენობაში ცვლილებების შეტანის ვითარების წარმოქმნისას გადაანგარიშება წარმოებს მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოებს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება გადაუხადონ წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს. ვინაიდან ვ. ნ-ამ პენსიის გადაანგარიშების მოთხოვნით სოცუზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს მიმართა მხოლოდ 2002წ. ივნისში ამიტომ მას სწორად აუნაზღაურდა ერთი წლის მიუღებელი პენსიის სხვაობა.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 52-ე მუხლის საფუძველზე მას პენსიაზე დანამატი შეუზღუდავად უნდა ანაზღაურებოდა. პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული კანონის 52-ე მუხლი ითვალისწინებს უკვე დარიცხული და მიუღებელი პენსიის ანაზღაურებას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან ვ. ნ-ას სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა პენსიაზე დანამატის დანიშვნა კანონის 41-ე მუხლის ,,დ” და ,,ზ” პუნქტების საფუძველზე და არა უკვე დარიცხული და მიუღებელი პენსიის ანაზღაურება.

აღნიშნულიდან გამომდინარე ვ. ნ-ას საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ნ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.