გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-237-376-კ-03 23 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 27 ოქტომბერს კასატორმა – ვ. ა-ემ სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000წ. 2 მაისის ¹4 ბრძანების ბათილად ცნობა და მისი აღდგენა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვისა და განვითარების დეპარტამენტის საორგანიზაციო ტექნიკური განყოფილების .... თანამდებობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი არის ფინეთისა და დიდი სამამულო ომის მონაწილე, მეორე ჯგუფის ინვალიდი, იმყოფება მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში. 1965 წლიდან მუშაობდა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილებაში, ხოლო გათავისუფლებამდე მუშაობდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვისა და განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტში .... თანამდებობაზე.
,,საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 29 დეკემბრის ¹687 ბრძანებულების საფუძველზე რეორგანიზებულ იქნა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი დაწესებულებები. აღნიშნული ბრძანებით ასევე დადგინდა, რომ საქართევლოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი საშტატო განრიგის დამტკიცებასთან დაკავშირებით უნდა განხორციელებულიყო შტატებისა და მოსამსახურეთა რიცხოვნობის შემცირება სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში, დაქვემდებარებულ სტრუქტურებში. აღნიშნულ სტრუქტურებში მოსალოდნელი საშტატო ერთეულების შემცირების თაობაზე, 2000წ. 31 მარტს გაფრთხილებითი ბარათით ეცნობა ვ. ა-ეს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000წ. 2 მაისის ბრძანებით ¹4 ვ. ა-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აღნიშნული ბრძანება მას ჩაბარდა 2000წ. 29 მაისს.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ, რადგან ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ” 1995წ. კანონის მე-14 მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს შტატების შემცირების დროს ვეტერანების სამუშაოზე დატოვების უპირატესობას, საქართევლოს ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ტექნიკისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს მისი სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა.
სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე, ვ. ა-ემ სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით მიმართა საქართველოს კანცელარიას, რომელმაც საკითხის გადასაწყვეტად განცხადება გადაგზავნა ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში. სამინისტროს რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტმა 2000წ. 26 ივლისის პასუხით ვ. ა-ის სამსახურიდან გათავისუფლება სამართლიანად ჩაივალა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე, 101-ე მუხლების საფუძველზე.
მოპასუხემ – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შუამდგომლობა დააყენა სსკ-ს 85-ე მუხლის შესაბამისად, სამინისტროს, როგორც არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტით შეცვლის თაობაზე, იმ მოტივით რომ ვ.არჯევანიძის სამუშაოდან გათავისუფლება განხორციელდა აღნიშნული დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ, რომელიც თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლებას ახდენს სამინისტროსაგან დამოუკიდებლად, რაც დაკმაყოფილდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 იანვრის განჩინებით.
ვ.არჯევანიძის სარჩელი არ ცნო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტმა და სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ.ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ.
ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით ვ.ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.ა-ის სარჩელი ხანდაზმულობის მოტივით არ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ ვ.ა-ე 2000წ. 2 მაისის ¹4 ბრძანებით გათავისუფლებულ იქნა ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვისა და განთივარების დეპარტამენტის საორგანიზაციო-ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან, ხოლო სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აღძრა 2000წ. 27 ოქტომბერს. სასამართლო სხდომებზე მოსარჩელის მიერ დადასტურებული იქნა, რომ მისთვის გათავისუფლების შესახებ ბრძანების თაობაზე ცნობილი იყო 2000წ. 29 მაისს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვ.ა-ე წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რის გამოც აღნიშნული ურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რომლის 127-ე მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება სასამართლოში გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში, ვადის დინება კი იწყება იმ დროიდან, როდესაც მოხელისათვის ცნობილი გახდა გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ.ა-ის მიერ დარღვეული იქნა 127-ე მუხლი და ამდენად, სარჩელი ხანდაზმულობის მოტივით არ დააკმაყოფილა.
ვ.არჯევანიძის არგუმენტი, რომ იგი საჩივრებით მიმართავდა სხვადასხვა ორგანოებს სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან აღნიშნულს, როგორც ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძველს არ ითვალისწინებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რომელიც გამოიყენება კონკრეტული დავის გადაწყვეტისას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ა-ემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, მოპასუხის დავალდებულება მისი სამსახურში აღდგენის ან საჯარო სამსახურში სხვა ნებისმიერი სამსახურით (გარდა დამლაგებლისა) უზრუნველყოფის თაობაზე. კასატორმა შემდეგი მოტივით ასევე მოითხოვა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება:
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, კანონი ,,ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ”, რომლის მე-14 მუხლის 22-ე პუნქტი ითვალისწინებს თანამშრომლების შემცირების დროს ომის ვეტერანებზე შეღავათების გავრცელებას, ასევე მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლითაც სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ხელმძღვანებებს ევალებათ მუშაკთა რაოდენობისა და შტატების შემცირებისას ვეტერანების სამუშაოზე დატოვების უპირატესი უფლებით უზრუნველყოფა. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი.
კასატორის მითითებით, მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნოიბლი, რადგან აღნიშნული ბრძანება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ერთ-ერთი რეკვიზიტის არარსებობა წარმოადგენს აქტის ბათილობის საფუძველს. სადავო ბრძანებაში კი გათავისუფლების საფუძველი დაუსაბუთებელია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ა-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ვ.ა-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, მოწინააღმდეგე მხარის დავალდებულებას აღადგინოს იგი ან უზრუნველყოს საჯარო სამსახურში ნებისმიერ სამსახურით (გარდა დამლაგებლისა), ასევე მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ ვ. ა-ე მუშაობდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტექნიკისა და ტექნოლოგიების დეპატამენტში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვისა და განვითარების დეპარტამენტის საორგანიზაციო-ტექნიკური განყოფილების მთავარ სპეციალისტად, ხოლო ამავე დეპარტამენტის 2000წ. 2 მაისის ¹4 ბრძანებით იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო.
საქმეში არსებული 2000წ. 31 მარტის გაფრთხილების ბარათით დასტურდება, რომ ვ.არჯევანიძისათვის ორი თვით ადრე ცნობილი იყო მოსალოდნელი საშტატო ერთეულების შემცირების თაობაზე, თანახმად საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 108-ე მუხლისა. ასევე დადგენილია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კასატორს ჩაბარდა 2000წ. 29 მაისს, რასაც თავად კასატორიც არ უარყოფს. სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით კი ვ. ა-ემ სასამართლოში სარჩელი აღძრა 2000წ. 27 ოქტომბერს. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რომლის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება”.
საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლითაც ირკვევა რომ ვ.ა-ემ სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე, სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით მიმართა სახელმწიფო კანცელარიას, საიდანაც განცხადება გადაიგზავნა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვა, სკ-ს 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია, მაგრამ საქმის მასალებით დგინდება, რომ სახელმწიფო კანცელარიიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაგზავნილი წერილის პასუხად, ვ. ა-ეს 2000წ. 26 ივლისს ეცნობა, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლება კანონიერად ჩაითვალა და უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სკ-ს 138-ე მუხლის საფუძველზე შეწყვეტილი ხანდაზმულობის ვადის დენა 2000წ. 26 ივლისიდან, კომპეტენტური ორგანოდან პასუხის მიღების მომენტიდან განახლდა და ვ.ა-ეს ერთი თვის განმავლობაში უნდა აღეძრა სასამართლოში სარჩელი, კასატორმა კი სარჩელი აღძრა ერთი თვის ვადის გასვლის შემდეგ, 2000წ. ოქტომბერში და ამდენად, სარჩელი ხანდაზმულია.
ვ.ა-ე საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვს განაცდურის სახით მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას. აღნიშნული მოთხოვნა კასატორს არ დაუყენებია პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოში, ხოლო საკასაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდა პროცესუალურად დაუშვებელია, თანახმად სსკ-ს 406-ე მუხლისა.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ვ.ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 მაისის გადაწყვეტილება, ვინაიდან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 მაისის გადაწყვეტილება.
3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.