გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-24-228-კ-03 15 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: თანხის გადახდის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 14 თებერვალს ბ. ყ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ფინანსთა სამინისტროსა და სს «გ. ქ. ბ.” მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ბ. ყ-ი არის დიდი სამამულო ომის პენსიონერი და განიცდის ეკონომიკურ სიდუხჭირეს. გარდა ამისა, ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია. მის გარდაცვლილ მეუღლე ლ. ყ-ს ყოფილ სსრკ-ს სახელმწიფო ბანკში 1978წ. მდგომარეობით გახსნილი ჰქონდა ანგარიში ანაბარზე _ 10000 საბჭოთა მანეთზე. ამერიკული დოლარის კურსის მაშინდელ საბჭოთა მანეთთან მიმართებაში აღნიშნული თანხა შეადგენდა 15042 ამერიკულ დოლარს, ხოლო დღევანდელი ეროვნული ვალუტის მიხედვით იგი შეადგენს 32641 ლარს. მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა ანაბარზე რიცხული 32641 ლარის დაბრუნება.
მოპასუხე სს «გ. ქ. ბ.” წარადგინა შესაგებელი მოსარჩელე ბ. ყ-ის სასარჩელო განცხადებაზე, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ «სახელმწიფო ვალის შესახებ” 1998წ. 5 მარტის კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებულ იქნა მოსახლეობის ანაბრებზე ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება ანუ ანაბრებზე რიცხული ფულადი თანხების დაბრუნების ვალდებულება მთლიანად იკისრა სახელმწიფომ. მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ყ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე ბ. ყ-მა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება იმავე საფუძვლით სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში. აპელანტმა ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარეებმა _ სს «გ. ქ. ბ.» და ფინანსთა სამინისტრომ _ სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირეს იმ საფუძვლით, რომ ანაბრებზე რიცხული ფულადი თანხების დაბრუნების ვალდებულება სახელმწიფომ აღიარა საშინაო ვალად, რომლის დაბრუნების მექანიზმი ჯერ შემუშავებული არ არის.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 10 აპრილის განჩინებით აპელანტ ბ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 ნოემბრის გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ბ. ყ-მა, რომელმაც ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 10 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის, სკ-ს 383-ე, 386-ე და 389-ე მუხლების, ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის სრული იგნორირებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, მოსახლეობის მიერ ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში შეტანილი ანაბრების ინდექსაციით წარმოქმნილი დავალიანება სახელმწიფო საშინაო ვალად იქნა აღიარებული, რომლის დაფარვა უნდა მომხდარიყო ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულების შესაბამისად.
«მოსახლეობის ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების ინდექსაციის მექანიზმისა და მისი განხორციელების ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულება სადავო ანაბრების ინდექსაციისა და გაცემის მომწესრიგებელი ერთადერთი ნორმატიული აქტი იყო. «საქართველოს მოსახლეობისათვის ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 2 ივლისის ¹258 ბრძანებულებით ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 8 დეკემბრის ¹716 ბრძანებულება. საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 2 ივლისის ¹258 ბრძანებულებით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც დაევალა საქართველოს მოსახლეობისთვის ყოფილ სახელმწიფო კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე ნორმატიული აქტის შემუშავება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჭიროა კასატორ ბ. ყ-ის ანაბარზე რიცხული ინდექსირებული თანხის ზუსტი განსაზღვრა, რომლის მექანიზმიც უნდა შეიმუშაოს საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 2 ივლისის ¹258 ბრძანებულებით შექმნილმა სამთავრობო კომისიამ. გარდა ამისა, უნდა მოხდეს კასატორ ბ. ყ-ის ანაბარზე რიცხული თანხის ხელახალი დაანგარიშება, ე.ი. ფაქტობრივი გარემოების ხელახალი გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საფუძველი, რომლითაც სააპელაციო პალატამ უთხრა უარი ბ. ყ-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, არასწორია, რადგანაც ის ფაქტი, რომ ჯერ შემუშავებული არ არის სახელმწიფო კომერციულ ბანკებში ანაბრებზე რიცხული ფულადი სახსრების დაბრუნების წესი, არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სსკ-ს 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 10 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.