გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-245-381-კ-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 4 იანვარს სს “ლ.” სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის დაგვიანებით მიყენებული ზიანის _ 69617,33 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგ გარემოებათა გამო:
სს “ლ.”, თავდაცვის სამინისტროს მატერიალაურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარ აგროსამრეწველო სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს მთავარ სამხედრო საბიუჯეტო სახაზინო სამმართველოს შორის 1998წ. 17 თებერვალს დაიდო ¹18 ხელშეკრულება, რომლის თანახმად სს “ლ.”, როგორც ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას, დაევალა თავდაცვის სამინისტროსათვის საჭირო ბამბეულის სხვადასხვა ნაწარმის დამზადება შეთანხმებული ასორტიმენტისა და ვადის დაცვით.
ხელშეკრულების თანახმად, თავდაცვის სამინისტროს წინასწარ უნდა ჩაერიცხა სს “ლ.” ანგარიშზე მთლიანი თანხის 25% ე.ი. 126220 ლარი, მან კი ჩარიცხა მხოლოდ 63200 ლარი, ანუ თანხის 12,5%. სს “ლ.” შეასრულა მასზე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები და თავდაცვის სამინისტროს მიაწოდა საჭირო ასორტიმენტის მზა ნაწარმი, ხოლო ამ უკანასკნელმა მიწოდებული საქონლის ღირებულება აანაზღაურა ვადის გადაცილებით, რის გამოც სს “ლ.” განიცადა მატერიალური ზარალი საგადასახადო სამსახურის მიერ საჯარიმო სანქციებისა და საურავების დარიცხვის გამო.
მოპასუხემ, თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სახაზინო სამმართველომ შეგებებული სარჩელი აღძრა სს “ლ.” მიმართ, რომლითაც არ ცნო სარჩელი და მოითხოვა სს “ლ.” 166000 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგ გარემოებათა გამო:
1998წ. 17 თებერვლის ¹18 ხელშეკრულებით სს “ლ.” თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებონა 504 880 ლარის სამოსელი, მან კი მიაწოდა მხოლოდ 297297 ლარის სამოსელი, რისი საფასურიც თავდაცვის სამინისტრომ სრულად გადაიხადა.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მის მიერ მართლაც შეფერხდა სს “ლ.” მიერ მიწოდებული სამოსელის ღირებულების ანაზღაურება, თუმცა შეფერხება გამოწვეული იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ფინანსების დაგვიანების გამო, ხოლო სკ-ს 401-ე მუხლის თანახმად, ვადაგადაცილებულად არ ჩაითვლება, თუ ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
შეგებებული სარჩელის ავტორის მტკიცებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სს “ლ.” დაარღვია, როცა არ მიაწოდა 207500 ლარის საქონელი, რითაც დაარღვია ხელშეკრულების 2.3 მუხლით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის გამო თავდაცვის სამინისტრომ 1998წ. 25 ნოემბრიდან 1999წ. 31 დეკემბრამდე განიცადა 166000 ლარის ზიანი, ანუ მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,2% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილებით სს “ლ.” სარჩელი და თავდაცვის სამინისტროს შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლოს მტკიცებით, 1998წ. 17 თებერვლის ¹18 ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი, ე.ი. სს “ლ.” ვალდებული იყო ანგარიშსწორების დროულად მოხდენის მიზნით ჩაბარებული პროდუქციის ყველა პარტიაზე გასავლის ზედდებულის, საგადასახადო ანგარიშფაქტურის და ხარისხის სერთიფიკატის დამადასტურებელი ასლები ჩაებარებინა თავდაცვის სამინისტროს მთავარი სახაზინო სამმართველოს ბუღალტერიაში და რეგისტრაცია გაეკეთებინა მთავარ სპეციალისტთან, რაც სს “ლ.” არ შეუსრულებია.
სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე _ თავდაცვის სამინისტრო საბიუჯეტო ორგანიზაცია იყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიუღებლობის გამო, თუნდაც ვადაგადადებულად იყოს ანაზღაურებული ღირებულება, სკ-ს 401-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან მოვალის ბრალით არ იყო გამოწვეული, ვადაგადაცილებულად არ შეიძლება ჩათვლილიყო.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შეგებებული სარჩელის მოთხოვნაც, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობა მთლიანი ღირებულების 25%-ის წინასწარი გადარიცხვისა ჯერ თავად თავდაცვის სამინისტრომ დაარღვია, როდესაც ჩარიცხა მხოლოდ 12,5%, რისი შესაბამისი პროდუქციაც სს “ლ.” აწარმოვა და გადასცა თავდაცვის სამინისტროს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “ლ.” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, მხარეთა შორის ურთიერთობა ანგარიშსწორების საკითხში, მოწესრიგებული იყო ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რომლის თანახმად, პროდუქციის მიწოდების ვადები და ანაზღაურების წესი დარეგულირდა ჯარიმის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ის ოდენობით. ანგარიშსწორება კი უნდა დაწყებულიყო პროდუქციის მიწოდების დღიდანვე. აქედან გამომდინარე, აპელანტს არასწორად მიაჩნია სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, რადგან ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული კონკრეტული ვადა, დამკვეთს უნდა ესარგებლა ხელშეკრულების ერთწლიანი ვადით, თანახმად სკ-ს 365-ე მუხლისა, რომლის მიხედვითაც თუU ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდან არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
აპელანტი არ დაეთანხმა სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ სს “ლ.” მოპასუხისათვის არ ჰქონდა შესრულებული ხელშეკრულების 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები და აღნიშნულის დასადასტურებლად მიუთითა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე.
აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორედ გაიზიარა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტრო საბიუჯეტო ორგანიზაცია იყო და ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზის გამო ვერ ახორციელებდა ანგარიშსწორებას. აპელანტის მტკიცებით, აღნიშნული ფაქტი მიუღებელია კერძო სამართლებრივი ურთიერთობისათვის, ვინაიდან საჯარო სამართლის სუბიექტი კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი და ამ მხრივ რაიმე შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება არ დაიშვება.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ასევე გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სკ-ს 401-ე მუხლი.
თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სახაზინო სამმართველომ შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო აპელანტისათვის 83170 ლარი ჯარიმის გადახდის დაკისრება, ვინაიდან მისი განმარტებით, სს “ლ.” დაარღვია ხელშეკრულების 2.3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მას უნდა დაკისრებოდა მიუწოდებელი პროდუქციის ღირებულების 0.2%-ის გადახდა ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
2000წ. 11 ივლისს სს “ლ.” დამატებითი სააპელაციო საჩივრით მიმართა საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისთვის, სავალუტო კურსის ინფლაციის გამო, ზიანის 43018 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დაკისრება და ზეპირი გარიგებისAშედეგად მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების და საგადასახადო საურავების სახით დარიცხული თანხის 34587 ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით სს “ლ.” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “ლ.” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 69617,33 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა, რომ რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, გამოიყენება კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 401-ე მუხლი და არ გამოიყენა სკ-ს ის ნორმები, რომლებიც სახელშეკრულებო ურთიერთობებს აწესრიგებენ, ასევე აღნიშნა, რომ რაიონულმა სასამართომ მიიღო წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რის გამოც იგი უნდა გაუქმებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეები სადავოს არ ხდიდნენ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულების 3.2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ფაქტს, რომ ნაცვლად 126220 ლარისა ს.ს. “ლ.” ჩაერიცხა 63200 ლარი. სააპელაციო სასმართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ 1998წ. პირველი დეკემბრის მდგომარეობით თავდაცვის სამინისტროს დავალიანება ს.ს “ლ.” მიმართ შეადგენდა 189986,86 ლარს, ხოლო საურავებით გამოწვეული საჯარიმო თანხა – 69617 ლარს. სკ-ს 417-418-ე მუხლების თანახმად ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გასაზღვრული ჯარიმა სასამართლომ მიიჩნია პირგასამტეხელოდ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებული იყო თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა _ წინასწარ თანხის 25%-ის მოსარჩელისათვის ჩარიცხვის თაობაზე, ხოლო სკ-ს მე-400 მუხლით კი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილება განიმარტება, როგორც ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულების არ შესრულება; ბ) კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც სახეზე იყო, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თავდაცვის სამინისტროს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხელო 69617 ლარის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სს “ლ.” მხრიდანაც ადგილი ჰქონდა ვალდებულების შეუსრულებლობას, რადგან ეს გამოწვეული იყო სწორედ თავდაცვის სამინისტროს მიერ ავანსის არადროულად ჩარიცხვით, სამოქალაქო კოპდექსის 405.1 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, ს.ს. “ლ.’’ უფლებამოსილი იყო საერთოდ უარი ეთქვა მისი მხრიდან ხელშეკრულების შესრულებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც აღნიშნა, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო უკანონო და უნდა გაუქმებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევებს თვით სს “ლ.” მხრიდანაც ჰქონდა ადგილი. სააპელაციო სასამართლომ კი მხოლოდ საქართველს თავდაცვის სამინისტრო მიიჩნია ხელშეკრულების 2.3 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შემსრულებლად და არ იმსჯელა სს “ლ.” მოქმედებაზე.
კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა თავდაცვის სამინისტროს დაუფინანსებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ “საქართველოს ბიუჯეტის შესახებ” კანონში დაფიქსირებულია საბიუჯეტო დაწესებულების სეკვესტრირებული ბიუჯეტი.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილე კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებებით მოსარგებლე სუბიექტად დააფიქსირა და ხელშეკრულების შეუსრულებლობის მიზეზად მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გამოაცხადა, მაშინ, როდესაც ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია ხელშეკრულების მოქმედების ვადები და ვადამდე შეწყვეტის დასაშვებობის საკითხი, რის შესახებაც სს “ლ.” დროულად არ განაცხადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს “ლ.” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიჩნევს, რომ კასატორის თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივად არ განიხილა წარმოებაში მიღებული შეგებებული სააპელაციო საჩივარი და არ მიიღო ამ საჩივართან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება, კერძოდ:
თავდაცვის სამინისტრომ ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 26 ივნისის მიმართა შეგებებული სააპელაციო საჩივრით და ითხოვა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის აპელანტისთვის, ს.ს. “ლ.” ჯარიმის სახით 83170 ლარის გადახდის დაკისრება. სააპელაციო პალატის 2000წ. 3 ივლისის განჩინებით აღნიშნული შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში. მაგრამ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილებში ფაქტობრივად არ იმსჯელა შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე და არ მიიღო რაიმე გადაწყვეტილება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი. სსკ-ს 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს ამ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. შესაბამისად, შეგებებულ სააპელაციო საჩივართან მიმართებაში ანალოგიით (კანონის ანალოგია) გამოყენებული უნდა იქნეს შეგებებული სარჩელისათვის დადგენილი საპროცესო ნორმები, კერძოდ სსკ-ს 189-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განიხილვის შედეგად სასამართლოს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება, გარდა 245-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოცემულ შემთხვევაში ნაწილობრივი გადაწყვეტილება (სსკ-ს 245-ე მუხლი) გამოტანილი არ ყოფილა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგენს დავის გადამწყვეტ მართლმსაჯულების აქტს, პროცესუალურ დოკუმენტს, რომლითაც წყდება მოსარჩელის მოთხოვნა და მისი სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ საქმეზე სასამართლოს საბოლოო და ამომწურავ დასკვნებს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები არ შეიცავენ რაიმე მითითებას შეგებებულ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით და ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილებით არ გადაჭრილა სასამართლოს წინაშე დასმული ყველა საკითხი და ყველა სადავო ურთიერთობა.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივად შეგებებული სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით არ უმსჯელია და არ მიუღია გადაწყვეტილება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, აღნიშნული გარემოება კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე აღნიშნული მითითებებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის, თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.