Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-246-382-კ-03 29 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 27 იანვარს ფ. რ-ამ თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხის საბაჟო დეპარტამენტის მიმართ სარჩელი აღძრა და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹ 6-კს, 10.01.2003წ. ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი 2001წ. 10 მაისს საბაჟო ,,ფ.» უფროსად, ხოლო სამსახურის რეორგანიზაციის შემდეგ, 2002წ. 10 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო ,,დ.» .... მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ხოლო 2003წ. 10 იანვარს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹6-კს ბრძანების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ბრძანება უკანონო იყო, რადგან მასში გათავისუფლების საფუძვლად ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 95-ე მუხლი იყო მითითებული. აღნიშნული მუხლი სამსახურიდან პირადი განცხადებით გათავისუფლებას ითვალისწინებს, რასაც ფ. რ-ას მხრიდან ადგილი არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ მან, ისევე, როგორც სხვა თანამდებობის პირებმა შემდეგი შინაარსის განცხადება დაწერა, კერძოდ, ,,გთხოვთ, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან ოჯახური პირობების გამო». განცხადებაზე თარიღი დასმული არ ყოფილა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ბრძანება გათავისუფლების შესახებ 2003წ. 10 იანვარს დაიწერა, როცა იგი ავად იყო, ამბულატორიულ მკურნალობას გადიოდა და მას ნამდვილად არ შეეძლო განცხადების დაწერა. ამასთან, 2003წ. 6 იანვრით დათარიღებული ,,დ. გ.» საშუალებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალურ პროკურატურაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე და 342-ე მუხლებით საქმე აღიძრა. ფ. რ-ამ 2002წ. 23 დეკემბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ უკანონოდ მიიჩნია და გაასაჩივრა, რადგან ჩათვალა, რომ მას სამსახურებრივი გულგრილობა არ გამოუჩენია.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მან საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მიმართა, რათა ბრძანება ¹6-კს 10.01.2003წ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60, 61-ე და 62-ე მუხლების საფუძველზე გაეუქმებინა, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიუღია.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 29 იანვრის განჩინებით ფ. რ-ას სასარჩელო განცხადება განსჯადობის შესაბამისად თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.

მოპასუხე საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ ფ. რ-ას მოთხოვნა არაკანონიერი იყო, რადგან იგი სამსახურიდან საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 10 იანვრის ¹6-კს ბრძანების საფუძველზე მისი პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. აღნიშნული გარემოება ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 95-ე მუხლით წესრიგდება, სადაც მითითებულია, რომ ,,პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას». მოცემულ შემთხვევაში, იყო როგორც განცხადება, ასევე ბრძანება, რომლითაც თხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე აღნიშნავდა, რომ სასამართლოს აგრეთვე არ უნდა გაეზიარებინა მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ იგი გათავისუფლების დროს შრომისუუნარობის ფურცელზე იმყოფებოდა, რადგან ფ. რ-ა დაკავებული თანამდებობიდან 2003წ. 10 იანვარს გათავისუფლდა ¹6-კს ბრძანებით, ხოლო შრომისუუნარობის ფურცელზე იგი 2003წ. 9 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა, რომლის არსებობის შესახებ საბაჟო დეპარტამენტისათვის მხოლოდ 2003წ. 21 იანვარს გახდა ცნობილი.

ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 მარტის სხდომაზე მიუთითა, რომ შინაგანაწესის თანახმად, თუ პირი შრომისუუნარობის ფურცელზე იმყოფება, მან ამის შესახებ ადმინისტრაციას უნდა აცნობოს, რასაც ფ. რ-ას მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილებით ფ. რ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2003წ. 10 იანვრის ¹6-კს ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი. ფ. რ-ა რეგიონალური საბაჟო ,,დ.»-ს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენილ იქნა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საბაჟო დეპარტამენტის მიერ სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე აღსრულების შეჩერება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ფ. რ-ას სასარჩელო მოთხოვნისათვის უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მან აღნიშნა, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა შკკ-ს 32-ე მუხლი, რომელშიც მუშაკის უფლებებია განსაზღვრული და არა ადმინისტრაციის ვალდებულებები, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევებისათვის, თუ მუშაკის განცხადება დაკმაყოფილებული არ იქნება, აგრეთვე კანონის ის ნორმა გამოიყენა, რომელიც მოცემული დავის დროს არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, შკკ-ს 34-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც ადმინიტსრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებია დადგენილი და არა მუშაკის პირადი სურვილით გათავისუფლების წესი.

აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე დაადგინა. კერძოდ, გამოიყენა სსკ-ს 268-ე და ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტი და არ გაითვალისწინა ამავე კოდექსის 269-ე და 270-ე მუხლები, რომელთა მიხედვით აღნიშნულ საკითხზე ცალკე განჩინება უნდა გამოეტანა, ხოლო ამგვარი გადაწყვეტილებით მხარეს კერძო საჩივრით გასაჩივრების უფლება მოუსპო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა. ფ. რ-ას სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა შკკ-ს 32-ე და 34-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კოდექსის მოქმედება ვრცელდება საჯარო მოსამსახურეზე მხოლოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით.

ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან, საბაჟო დეპარტამენტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქვეუწყებო დაწესებულებას – ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა, ხოლო მოსარჩელე ფ. რ-ა ,,საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად საჯარო მოსამსახურე იყო, მასზე შკკ-ს III თავის მოთხოვნები ვერ გავრცელდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ ფ. რ-ას მითითება, რომ მისი გათავისუფლება საბაჟო დეპარტამენტის ინიციატივით მოხდა და არა პირადი განცხადების საფუძველზე, სათანადო მტიკიცებულებების არარსებობის გამო, არ გაიზიარა.

აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით მიიღო. კერძოდ, მან სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 394-ე მუხლის ,,ე» ქვეპუნქტის მოთხოვნები უგულებელყო.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება ფ. რ-ამ საკასაციო წესით იმავე საფუძვლებით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ფ. რ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლია საქმის მასალები და კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე და 56-ე მუხლების თანახმად, ფ. რ-ა, როგორც საჯარო მოსამსახურე, უფლებამოსილი და ვალდებული იყო კანონსაწინააღმდეგო განკარგულების თუ დავალების შესრულებაზე უარი თავად განეცხადებინა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ. რ-ა სამსახურიდან საბაჟო დეპარტამენტის 2003წ. 10 იანვრის ¹6-კს ბრძანების საფუძველზე მისი პირადი განცხადების შედეგად გათავისუფლდა, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლით წესრიგდება, სადაც მითითებულია, რომ ,,პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკმაყოფილებს მის წერილობით განცხადებას”. მოცემულ შემთხვევაში, იყო როგორც განცხადება, ასევე ბრძანება, რომლითაც თხოვნა დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ფ. რ-ა შრომისუუნარობის ფურცელზე 2003წ. 9 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა, ხოლო რაც შეეხება შრომისუუნარობის მეორე ფურცელს, ის საბაჟო დეპარტამენტს არ გადასცემია, თანაც მასში მითითებულია ვადა 10 იანვრიდან 23 იანვრამდე, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის ნამდვილობას, რადგან თუ კასატორი აღნიშნულ პერიოდში ავად იყო, მაშინ 2003წ. 14 იანვარს პროკურატურაში განცხადებას ვერ შეიტანდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. რ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.