გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-247-383-კ-03 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონალური გეოლოგიისა და გეოფიზიკის სახაზინო საწარმოს 1997წ. 20 დეკემბრის ბრძანებით კასატორი (მოსარჩელე) ნ. ს-ე 1998წ. 1 იანვრიდან გადაყვანილ იქნა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში წამყვანი გეოფიზიკოსის თანამდებობაზე. 1999 წლიდან კასატორი ინსტიტუტის სხვა თანამშრომლებთან ერთად გაშვებულ იქნა უხელფასო შვებულებაში, რადგან ინსტიტუტს არც სამუშაო გააჩნდა და არც შესაბამისი დაფინანსება. 2001წ. 27 ივნისს კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტსა და კასატორ ნ. ს-ეს შორის დაიდო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 3 თვის ვადით, 2001წ. 30 სექტემბრამდე, თვეში 40 ლარის ანაზღაურებით. 2001წ. 6 მარტს კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორის ¹7პ-ბ ბრძანებით ნ. ს-ე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, «საჯარო სამსახურის» შესახებ კანონის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და შკკ-ს 161-ე მუხლის საფუძველზე.
2002წ. 2 თებერვალს ნ. ს-ემ სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეთა მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან მისი დათხოვნის შესახებ უკანონო ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის სახით 1200 ლარის ანაზღაურება, რადგან მოსარჩელის აზრით, სამსახურიდან მისი დათხოვნა უკანონოდ განხორციელდა. სადავო ბრძანებაში არასწორად არის მითითებული «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონისა და შკკ-ს ნორმები, ამასთან სადავო ბრძანება მას არ ჩაბარებია და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2001წ. დეკემბრის თვეში.
მოპასუხე კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა ხანდაზმულობის მოტივით, რადგან სარჩელი აღძრული იქნა ნ. ს-ის გათავისუფლებიდან 10 თვის შემდეგ. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სამუშაოს არქონის გამო, მოსარჩელე ინსტიტუტის სხვა თანამშრომლებთან ერთად 1999 წლიდან გაშვებულია უხელფასო შვებულებაში.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის 2001წ. 6 მარტის ¹7პ-ბ ბრძანება ნ. ს-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ და მოსარჩელე აღდგენილ იქნა ინსტიტუტში .... ან ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან 1999 წლიდან მოსარჩელე უხელფასო შვებულებაში იმყოფებოდა და ინსტიტუტში ფაქტობრივად რაიმე სამუშაო არ შეუსრულებია.
კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის 2001წ. 6 მარტის ¹7პ-ბ ბრძანების გაუქმებისა და ნ. ს-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შევიდა კანონიერ ძალაში და გადაწყვეტილების შესაბამისად ა. თ-ის სახ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის 2002წ. 30 აპრილის ¹20/რ ბრძანებით ნ. ს-ე აღდგენილ იქნა სამსახურში წამყვანი .... თანამდებობაზე.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ს-ის მიერ სააპელაციო წესით ნაწილობრივ გასაჩივრდა იძულებით განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. აპელანტმა ამ ნაწილში მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და შკკ-ს 207-ე მუხლის საფუძველზე 3 წლის გაუცემელი ხელფასის სახით 3600 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 იანვრის განჩინებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი მოტივით უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება:
შკკ-ს 204-ე მუხლის თანახმად, მუშაკი უფლებამოსილია დარღვეული უფლების დაცვა მოითხოვოს დარღვევის დღიდან ერთი თვით ვადაში. ნ. ს-ისათვის მისი დარღვეული უფლების შესახებ ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 1999 წელს, როცა მისი თანამდებობა არ იქნა გათვალისწინებული საშტატო-საბიუჯეტო განრიგით. მოსარჩელემ დარღვეული უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართა 2002წ. თებერვალში და ამდენად, სააპელაციო პალატის აზრით, მას გაშვებული აქვს უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ, რომელიც შემდეგი საფუძვლით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული, იგი არ მოიცავს იმ საფუძველს, რომლითაც სასამართლომ მას უარი უთხრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე. სააპელაციო პალატა განაცდურის ანაზღაურების დაკმაყოფილების ნაწილში უარის თქმისას დაეყრდნო შკკ-ს 204-ე მუხლს და დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებულია დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, თუმცა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში რაიონულმა სასამართლომ ეს ვადა გაშვებულად არ მიიჩნია. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, შკკ-ს 207-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც «სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვის დღიდან”.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ნ. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას. აღნიშნული განჩინებით უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის 2001წ. ¹7/პ-ბ ბრძანება ნ. ს-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში წამყვანი .... ან ტოლფას თანამდებობაზე. აღნიშნულ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც საკასაციო სასამართლო პროცესუალურად უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ განაცდურის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერებაზე, თანახმად სსკ-ს 404-ე მუხლისა.
2. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნ. ს-ე მუშაობდა კავკასიის მინერალურ ინსტიტუტში წამყვანი .... თანამდებობაზე. 1999 წლიდან იგი გაშვებული იქნა უხელფასო შვებულებაში სხვა თანამშრომლებთან ერთად, რადგან ინსტიტუტს არც სამუშაო გააჩნდა და არც ხელფასის გაცემის საშუალება.
მართალია, შკკ-ს 207-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს, რომ სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დათხოვნის დღიდან აუნაზღაურდება იძულებით გაცდენილი დროის ხელფასი, მაგრამ საქმის ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რადგან ნ. ს-ე 1999 წლიდან იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში, სამსახურში არ დადიოდა, არანაირ სამუშაოს არ ასრულებდა, რასაც თავად კასატორიც არ უარყოფს და სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას არ მიუყენებია კასატორისათვის რაიმე მატერიალური (ფინანსური) ზიანი ხელფასის განაცდურის სახით, ამიტომ საკასაციო პალატა ვერ დააკმაყოფილებს კასატორის მოთხოვნას განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
ამასთან აღსანიშნავია, რომ კასატორი ითხოვს კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის მიერ მისთვის 3 წლის განაცდურის ანაზღაურებას 3600 ლარის ოდენობით, რაც უკანონოა, ვინაიდან შკკ-ს 207-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მუშას ან მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი დროისათვის ხელფასი უნაზღაურდება დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი, განაცდურის ანაზღაურების შესახებ, უსაფუძვლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 იანვრის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 იანვრის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.