Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-251-კ-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. ვ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და მოითხოვა სსკ-ს 261-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მიუღებელი პენსიის სხვაობის სახით 2485 ლარის და 29 თეთრის ოდენობით გადახდის შესახებ, რომელიც არ იყო მითითებული 2002წ. 25 ივნისის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ არის შსს პენსიონერი, ომის მონაწილე, 1993წ. ივნისში გავიდა პენსიაზე 28 წლის ნამსახურობით.

2002წ. 25 ივნისს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ განხილული იქნა მისი სარჩელი პენსიის გადაანგარიშების და დანამატი თანხის გაცემის შესახებ, რომელიც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდს პენსიის გადაანგარიშება მოეხდინა 79%-ით, ნაცვლად 74%-ისა და სხვაობა გაეცა 1995წ. 1 ოქტომბრიდან, საქართველოში ლარის ბრუნვაში შემოვლის დღიდან.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებაში აღნიშნული არ იყო პენსიაზე სარგოს არასწორად დარიცხვის შედეგად მოყოლებული სხვაობის _ 2485 ლარისა და 29 თეთრის _ ანაზღაურება 1995წ. 1 ოქტომბრიდან.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ვ-ის სარჩელი. სოციალური უზრუნველყოფის ერთიან ფონდს დაეკისრა 2485 ლარის და 29 თეთრის ვ. ვ-ის სასარგებლოდ გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ი. კ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ. ვ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ს 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვინაიდან ვ. ვ-ეს კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსათვის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, ამიტომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ვ-ემ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას ი. კ-ის სააპელაციო საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ცალმხრივად და მიკერძოებულად განიხილა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარომადგენლის ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი და არ იმსჯელა მის მიერ შეტანილ შეგებებულ განცხადებაზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი განცხადება “საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემებების გამოკვლევისა და დადგენის თაობაზე საქმის განხილვისას 2003წ. 20 მაისის განცხადებაში მითითებული ახსნა-განმარტებების მხედველობაში მიღების შესახებ”. სასამართლოს არ გამოუტანია განჩინება განცხადების განსახილველად მიღების შესახებ და მისთვის არ უცნობებია. სააპელაციო სასამართლოს მისთვის არ გადაუცია სააპელაციო საჩივარის და თანდართული მასალების ასლები. სასამართლოს არ შეუმოწმებია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი. წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სსკ-ს 968-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნას და იგი არ ექვემდებარებოდა განსახილველად მიღებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის ი. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ იყო დასაშვები და იგი სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეღო წარმოებაში. სსკ-ს 364-ე მუხლის თანახმად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოში. ამავე კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილია სააპელაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს თავის მოთხოვნის მოპასუხედ დასახელებული ჰყავდა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი და ეს უკანასკნელი საქმეზე წარმოადგენდა მხარეს. ასევე სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში არ იყო წარდგენილი. უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სსკ-ს 368-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი აკმაყოფილებს 368-ე მუხლის მოთხოვნებს, მასში მითითებულია იმ სასამართლოს დასახელება, რომლის სახელზედაც იყო შედგენილი საჩივარი. მითითებული საჩივრის შემტანი პირის დასახელება და ამ გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება, რომლის გაუქმებასაც ითხოვდა აპელანტი. მითითებულია გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი და ფარგლები.

უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას სააპელაციო საჩივარი არ ჩაბარებია, ვინაიდან ვ. ვ-ის სააპელაციო სასამართლოში 2003წ. 20 მაისს წარდგენილ განცხადებას მტკიცებულების სახით დაერთო სააპელაციო საჩივრის ასლი, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მას ჩაბარებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარი და მისთვის ცნობილი იყო მისი შინაარსი. გარდა ამისა, ვ. ვ-ე მონაწილეობდა საოლქო სასამართლოში სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფოს ფონდის სააპელაცო საჩივრის განხილვაში და მას სააპელაციო საჩივრის ჩაუბარებლობის მოტივით საქმის გადადება და საჩივრის ჩაბარების შესახებ შუამდგომლობა არ დაუყენებია. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადენით მან თავისი მოსაზრებები გამოთქვა სააპელაციო საჩივრის მიმართ და მოითხოვდა მის განუხილველად დატოვებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ვ-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მას გაშვებული ჰქონდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მიმართვის სსკ-ს 261-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი 7 დღის ვადა.

ვ. ვ-ის საკასაციო საჩივარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ შეიცავს დასაბუთებულ პრეტენზიას, უფრო მეტიც საკასაციო სასამართლო სხდომაზე კასატორმა დაადასტურა, რომ მის მიერ ვადის დარღევით იქნა განცხადება შეტანილი, მაგრამ რაიონულმა სასამართლომ, რადგან არ იმსჯელა ვადის დარღვევით შეტანის შესახებ და მისი განცხადება დააკმაყოფილა, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს უფლება აღარ ჰქონდა ემსჯელა 262-ე მუხლის დარღვევის შესახებ, რადგან აპელანტი ამ მოტივით გაუქმებას არ ითხოვდა.

სსკ-ს 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რაიონული სასამართლოს მთლიანად გაუქმებას და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რა რაიონული გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, მას არ დაურღვევია სსკ-ს 277-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის ფარგლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ვ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.