გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-252-386-კ-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: ნორმატიული აქტების ბათილად ცნობა, ყალბი საპატენტო სიგელების გაცემით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 13 ნოემბერს ზ. ბ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოში მოპასუხე “ს.” მიმართ და მოითხოვა გამოგონებებზე ¹2 (1479047); ¹3 (749379); ¹4 (1200894); ¹116 (1556623); ¹304 (965859); ¹325 (1692306); ¹605 (688154); ¹606 (1237151); ¹607 (1251848); ¹488 (771282); ¹489 (717250) და ¹626 (1403792) ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტების გაცემით მიყენებული მატერიალური ზარალის 15000 ლარის ანაზღაურება და მოპასუხის მიერ ერთპიროვნულად და “გამოგონებების შესახებ” დებულების მე-20 და 21-ე მუხლების გვერდის ავლით მიღებული ყველა ნორმატიული აქტისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 16 მარტის ¹302 დადგენილების მე-9 მუხლის უხეში დარღვევით მიღებული 1997წ. 14 მაისის ¹8 და 8 აგვისტოს ¹13 ბრძანებების გაუქმება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ყალბი საპატენტო სიგელების გაცემასთან დაკავშირებით მიმართა მოპასუხეს, რომელმაც წერილობით გაცემულ პასუხში ფაქტობრივად აღიარა აღნიშნული და მიუთითა, რომ “ს.” მიმდინარეობდა მუშაობა დამცავი დოკუმენტების სრულყოფაზე და გათვალისწინებული იქნებოდა მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები. მოსარჩელის განმარტებით, “გამოგონებების შესახებ” დებულების მე-11 მუხლის მიხედვით, პატენტი ადასტურებს ავტორობას და პრიორიტეტს ანიჭებს პატენტმფლობელის განსკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე, რათა გამოგონებით მიიღოს შემოსავალი ან მოგება, პატენტმფლობელი განკარგავს გამოგონებას თავისი შეხედულებისამებრ, ზ. ბ-ის განმარტებით კი იგი ვერ ღებულობდა შემოსავალს “ს.” მიერ გამოგონებებზე გაცემული საპატენტო სიგელებით და თვლიდა მათ ყალბ დოკუმენტებად.
თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1999წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე მოითხოვა მოპასუხისთვის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ორი თვის ვადაში შესრულების დაკისრება და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 16 მარტის დადგენილებით მიღებული “გამოგონებების შესახებ” დებულების პირველი და 56-ე მუხლების საფუძველზე სწორად შევსებული პატენტისა და საპატენტო სიგელის გაცემის დაკისრება “ს.” შესულ ყველა გამოგონებაზე.
ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 5 მარტის ¹154 განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება “ს.” მიერ გაცემული დოკუმენტების ყალბ დოკუმენტად ცნობისა და ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება გაუქმდა და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა დავის საგნის არარსებობის გამო, კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, საქპატენტის თავმჯდომარის 1993წ. 5 მაისის ბრძანებით დამტკიცებულმა “გამოგონების, სასარგებლო მოდელის და სამრეწველო ნიმუშის სახელმწიფო რეესტრების წარმოების წესმა” დაკარგა ნორმატიული ძალა, ხოლო 1997წ. 15 მაისის ¹8 და 1997წ. 8 აგვისტოს ¹13 ბრძანებები განაცხადის განხილვისა და პატენტის შენახვის შესახებ გაუქმებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 24 ოქტომბრის “სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე საფასურის გადახდის სისტემის მოწესრიგების შესახებ” ბრძანებულებით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრებოდა 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, ასევე “ს.” მიერ მიღებული და სამრეწველო საკუთრების 1998წ. ¹1 ოფიციალურ ბიულეტებში 12-27-ე ნომრით მითითებული ნორმატიული აქტებისა და “ს.” თავმჯდომარის მიერ სამოქმედოდ შემოღებული 1997წ. 14 მაისის ¹8 და 1997წ. 8 აგვისტოს ¹13 ბრძანებების ბათილად ცნობა.
სსკ-ს 182-ე მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მოცემულ საქმესთან გაერთიანდა ამავე მხარეებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით საოლქო სასამართლოს კოლეგიის წარმოებაში არსებული საქმე გამოგონება “აგურა ჩაის მიღების ხაზი ზ. ბ-თან” დაკავშირებით.
1999წ. 11 იანვარს ზ. ბ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოში მოპასუხე “ს.” მიმართ და მოითხოვა პატენტის გაუცემლობით მიყენებული მატერიალური ზიანის 10000 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1996წ. 12 იანვარს “ს.” კანცელარიაში ჩააბარა მასალები გამოგონებაზე “ა. ჩ. მ. ხ. ზ. ბ-ი”, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა 1996წ. 30 აპრილს (განაცხადი ¹002236), ანუ განაცხადი რეგისტრაციაში გატარდა 100 დღის შემდეგ, ხოლო სახელმწიფო საპატენტო ექსპერტიზის დადებითი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა განცხადების შეტანიდან 23 თვის შემდეგ _ 1997წ. 26 დეკემბერს. სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განხილვის დროს ზ. ბ-მა აღნიშნა, რომ პატენტი გაცემული იქნა, მაგრამ იგი იყო ყალბი, რადგან ვერ იცავდა მის უფლებებს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ “ს.” შეტანილ ¹002236 განცხადებაზე “ა. ჩ. მ. ხ. ზ. ბ-ი” პატენტი გაიცა და არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ გაცემული პატენტები იყო ყალბი, ვინაიდან, აღნიშნულ საკითხზე იყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, “ს.” მიერ გაცემული პატენტები არ იყო ყალბი დოკუმენტები. შესაბამისად, უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული ამ დოკუმენტების გაცემით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და მოპასუხისთვის 1996წ. 12 იანვარს შეტანილ ¹002236 განაცხადზე “ა. ჩ. მ. ხ. ზ. ბ-ი” 1998წ. 13 ნოემბრამდე პატენტის გაუცემლობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის 10000 ლარის გადახდის დაკისრება. ასევე მოითხოვა მოპასუხე მხარის მიერ, “ა. ჩ. მ. ხ. ზ. ბ-ის” გამოგონებაზე გაცემული ¹1505 საპატენტო სიგელის იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტად აღიარება. საოლქო სასამართლოში ზ. ბ-მა უარი თქვა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ნაწილში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებები ¹2/225-01 და ¹2/226-01 საქმეზე.
სასამართლომ გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
სასამართლომ არ გაიზიარა სარჩელში მითითებულ 12 გამოგონებაზე მოპასუხის მიერ ყალბი საპატენტო სიგელის გაცემის გამო მიყენებული 10000 ლარი მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე აპელანტის მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ არსებობდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 25 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ბ-ის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 5 მარტის ¹154 განჩინებით. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, აპელანტის ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც გაუქმებული არ ყოფილა, ხოლო დავა იმავე საგანზე იმავე მხარეებს შორის იმავე საფუძვლით არ დაიშვებოდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ 1992-1996 წლებში მიღებული, საქართველოს სამრეწველო საკუთრების 1998წ. ¹1 ოფიციალურ ბიულეტენში 12-27-ე ნომრით შეტანილ 16 ნორმატიული აქტისა და 1997წ. 14 მაისის ¹8 და 1997წ. 8 აგვისტოს ¹13 ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ აპელანტის მოთხოვნა იყო ხანდაზმული, ვინაიდან სარჩელის აღძვრის დროისათვის (1998წ. 13 ნოემბერს) მოქმედ სსკ-ს 361-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი სადავო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში შეიტანებოდა ერთი თვის ვადაში. მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სარჩელი ნორმატიული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოს უნდა წარედგინოს უშუალოდ ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. სადავო აქტები კი, აპელანტის განმარტებით, მიღებისთანავე ლახავდნენ მის ინტერესებს და უშუალოდ აყენებდნენ ზიანს. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი აღიძრა მხოლოდ 1998წ. 13 ნოემბერს, სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა გაუშვა 1992-1997 წლებში გამოცემული სადავო ნორმატიული აქტების გასაჩივრებისთვის სასამართლოში მიმართვის ვადა.
სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ გამოგონებაზე “ა. ჩ. მ. ხ. ზ. ბ-ი” გაცემული ¹1505 საპატენტო სიგელი არ იყო ყალბი დოკუმენტი, რადგან ამავე მხარეებს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით კანონიერ ძალაში შესული თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილად იყო მიჩნეული, რომ “ს.” მიერ გაცემული საპატენტო სიგელები არ წარმოადგენდნენ ყალბ დოკუმენტებს.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა 1996წ. 12 იანვარს შეტანილ განაცხადზე “ა. ჩ. მ. ხ. ზ. ბ-ი” საპატენტო სიგელის 1998წ. 13 ნოემბრამდე გაუცემლობისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან სასამართლოს განმარტებით, პატენტის გაცემის დაგვიანება გამოწვეული იყო გამოგონების ფორმულის და აღწერილობის დაზუსტებისა და გამოკვლევის საფასურის გადაუხდელობით, რაშიც საქპატენტის უწყებას ბრალი არ მიუძღვოდა.
საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნები: მოპასუხისთვის მის მიერ “ს.” კანცელარიაში 1992-1994 წლებში შეტანილ განცხადებაზე სსრკ-ის მიერ 1983-1989 წლებში გაცემული საავტორო მოწმობებისა და 1991 წლებში გაცემული სსრკ-ის პატენტების სანაცვლოდ საქართველოს რესპუბლიკის პატენტების გაუცემლობისათვის 15000 ლარის გადახდის დაკისრება, ასევე საქართველოს საპატენტო უწყება “ს.” ტიტულით 1992-1998 წლებში გამოცემული ფიქტიური და სამოქმედოდ შემოღებული საფასურის შესახებ ნორმატიული აქტებისა და ბრძანებების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 10000 ლარის გადახდის დაკისრება.
კასატორი საკასაციო საჩივრებში მიუთითებს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება გამოტანილია არასათანადო მოპასუხის, საქართველოს ინდივიდუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “ს.” მიმართ, რომელსაც საპატენტო სიგელისა და პატენტის გაცემის უფლება არ ჰქონდა. გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული ნორმატიული აქტები და 1997წ. 14 მაისის და 8 აგვისტოს ¹8 და ¹13 ბრძანებები ფიქტიურია და არ წარმოადგენენ სახელმწიფო ადმინისტრაციული დაწესებულების მიერ გაცემულ სამოქმედოდ შემოღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ვინაიდან ისინი გამოცემულია არასახელმწიფო და რეგისტრაციაში გაუტარებელ საპატენტო უწყება “ს.” სახელით მოქმედი ფიქტიური დაწესებულების მიერ, რომელიც არ არის შექმნილი სამართლებრივი ფორმით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მის სასარჩელო განცხადებაზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს განჩინება გამოტანილია არასათანადო მოპასუხის მიმართ და რომ “ს.” არ ჰქონდა უფლება გაეცა მისი გამოგონების განაცხადზე საპატენტო სიგელი და პატენტი. ,,საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ინტელექტუალური საკითხების ეროვნული ცენტრის ,,ს.’’ შესახებ საქართველოს პარლამენტის 1998წ. 28 ივლისის ¹392-ე ბრძანებულების პირველი პუნქტით გაუქმდა ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტთან არსებული საქართველოს საპატენტო სამსახური “საქპატენტი” და მის ბაზაზე შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”. ამავე ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცდა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “ს.” თანდართული დებულება, რომლის მე-4 თავის პირველი პუნქტის თანახმად, “ს.” უფლებამოსილია საქართველოს სახელმწიფოს სახელით გასცეს დამცავი დოკუმენტები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “ს.’’ 1999წ. 24 მარტს ვერ გასცემდა მის განცხადებაზე ვერც ნამდვილ და ვერც ყალბ საპატენტო სიგელს ან პატენტს იმ მიზეზით, რომ ეს ტიტული 2000წ. 23 დეკემბერს მიიღო, რადგან როგორც აღინიშნა, ეს ორგანიზაცია საპატენტო სამსახურის “ს.” ბაზაზე შეიქმნა საქართველოს პარლამენტის 1998წ. 28 ივნისის ¹392 ბრძანებულებით, ხოლო 2000წ. 23 დეკემბერს ამ ბრძანებულებაში საქართველოს პრეზიდენტის ¹534-ე ბრძანებულებით შევიდა ცვლილებები და დამატებები.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორის ზ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისად, უცლველად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინება
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.