Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-255-389-კ-03 12 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: მიუღებელი დახმარებისა და პენსიაზე მიუღებელი დანამატის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 29 ივლისს ა. მ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე დააზუსტა თავისი სასარჩელო მოთხოვნები. მოსარჩელემ მოითხოვა პენსიაზე დანამატის დანიშვნა, პენსიის გადაანგარიშება ახალი დანამატის მიხედვით და პენსიაზე მიუღებელი დანამატის ანაზღაურება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ა. M-ე, როგორც შეიარაღებული ძალებისა და ომის ვეტერანი, 1992წ. 9 სექტემბრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში ჯერ დივიზიის მეთაურის უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ _ დივიზიის მეთაურად. ა. მ-ე არის ვ. გორგასლის ორდენის კავალერი. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ორგანოებში სულ მან იმუშავა 29 წელი, 6 თვე და 26 დღე და თადარიგში დათხოვნილ იქნა 1997 წელს.

ა. მ-ეს აფხაზეთის საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის დროს ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს ორი ჭრილობა, რის შედეგადაც დაემართა თავის მძიმე კონტუზია. ამის გამო იგი გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი და ხშირად უწევდა საავადმყოფოში ყოფნა.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის მიერ 1996წ. 18 ოქტომბერს მიღებული “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 41-ე მუხლის “ა” და “ზ” პუნქტების, მე-14 მუხლის “გ” პუნქტის და საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 11 აგვისტოს ¹469 ბრძანებულების შესაბამისად, მისი პენსია ექვემდებარებოდა სრულყოფილი დანამატით გაზრდას.

2002წ. 9 ოქტომბერს ა. მ-ემ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა დამატებითი სასარჩელო განცხადება, რომელშიც მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი საპენსიო განყოფილება, ხოლო სამხედრო პირთა საპენსიო უზრუნვეყოფის სამსახურის ახლებურად ჩამოყალიბების შემდეგ, ამ სამსახურის ..... მ-ე მის მიმართ სისტემატურად არღვევდა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონს, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 11 აგვისტოს ¹469 ბრძანებულების მოთხოვნებს, რაც იმაში გამოიხატა, რომ მ-ემ ა. მ-ის საპენსიო საქმიდან მოიპარა მისი სამხედრო-სამსახურებრივი საბუთები, რითაც იგი ამოაგდო შეიარაღებული ძალების ოფიცერთა შემადგენლობის კატეგორიიდან;

2. ინვალიდობის პენსია ა. მ-ისთვის უნდა დაენიშნათ არა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 22-ე მუხლის მიხედვით, როგორც დანამატი, არამედ ამავე კანონის მე-14 მუხლის ა) პუნქტის მიხედვით, რომელშიც ლაპარაკია წელთა ნამსახურობის პენსიის მომატებაზე იმ ინვალიდებისთვის, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიიღეს ტრავმა. აღნიშნული მუხლის თანახმად ა. მ-ეს ეკუთვნის 43,5 ლარი პენსია;

3. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 42-ე მუხლის ვ) პუნქტის მიხედვით, პენსია ამ კანონით დადგენილი დანამატითა და მომატებით გაიცემა სრულად და შეუზღუდავად. აქედან გამომდინარე, ა. მ-ეს ეკუთვნის დანამატი 9,33 ლარის ოდენობით;

4. ა. მ-ეს, როგორც ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერს, პენსიაზე დანამატის სახით ეკუთვნის 25 ლარი;

5. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მიხედვით, წელთა ნამსახურობაში მოსამსახურეებს ჩაეთვლებათ სამხედრო სამსახური შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპენსიო განყოფილებამ კი შეიარაღებულ ძალებში ა. მ-ის სამსახური 1 წლისა და 4 თვის ხანგრძლივობით არ ჩათვალა ნამსახურობის საერთო სტაჟში.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ეს პენსიაზე დანამატის სახით განესაზღვრა 30,33 ლარი და სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა ა. მ-ისთვის ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ემ და მოითხოვა მისთვის პენსიის დანიშვნა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-14 და მე-19 მუხლების შესაბამისად, 106 ლარის ოდენობით, მათ შორის 42 ლარისა, როგორც მე-2 ჯგუფის ინვალიდისთვის; საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალდებულება მისი საპენსიო განყოფილების მიერ ა. მ-ისთვის 1996წ. დეკემბრიდან დაწყებული მიყენებული ზარალის ანაზღაურება; მისთვის ერთდროული ფულადი დახმარების გაცემა 6 ხელფასის ოდენობით 1978წ. ხელფასის კურსის მიხედვით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნისთვის; “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-15, 22-ე მუხლებისა და 41-ე მუხლის დ) პუნქტის მიხედვით, შესაბამისად, პენსიაზე დანამატის სახით 9,33 ლარის დარიცხვა, ინვალიდობის პენსიაზე 9,33 ლარის დამატება და პენსიაზე დანამატის სახით 14 ლარის დარიცხვა; აღნიშნული კანონის 41-ე მუხლის ზ) პუნქტის, მე-16 მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით, შესაბამისად, პენსიაზე დანამატის დარიცხვა 7 ლარის ოდენობით, სამხედრო სამსახურის სტაჟისთვის 1 წლისა და ოთხი თვის დამატება და პენსიაზე 25 ლარის დამატება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილება ერთი წლის მიუღებელი საპენსიო დანამატის სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის დაკისრების ნაწილში და ამ უკანასკნელს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა 1999წ. 1 მაისიდან 2002 წლამდე მიუღებელი ყოველთვიური 53,21 ლარის დანამატი _ 1702,72 ლარი; 1997წ. 19 მარტიდან 2003წ. ივლისამდე მიუღებელი ყოველთვიური 14 ლარის საპენსიო დანამატი _ 1064 ლარის ოდენობით; 1997წ. იანვრიდან 2003წ. ივლისამდე მიუღებელი ყოველთვიური 7 ლარის საპენსიო დანამატი 553 ლარის ოდენობით. სულ, სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3319,72 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.

კასატორი მიუთითებს საკასაციო საჩივრის შემდეგ საფუძვლებზე:

1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, გათვალისწინებული არ არის ის გარემოება, რომ ა. მ-ეს ძირითადი პენსია დანიშნული აქვს 1997წ. 1 მარტიდან და ვერავითარი დანამატი 1997წ. იანვრიდან ვერ დაენიშნება;

2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა აღნიშნული კანონის 50-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პენსიაზე დანამატის 12 თვის უკან დახევით გაცემას იმ დღიდან, რომელიც წინ უსწრებდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს. ამავე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია, რომ თუ პენსიონერი დროულად მიმართავს საპენსიო ორგანოს პენსიის გადაანგარიშებისათვის, მას იგი გადაუანგარიშდება პენსიის მომატების ვითარების წარმოქმნის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო საჩივრიდან ირკვევა, რომ კასატორი სააპელაციო პალატის აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება იმ ნაწილში, რომლითაც სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1997წ. იანვრიდან 2003წ. ივლისამდე მიუღებელი ყოველთვიური საპენსიო დანამატი 7 ლარი, სულ _ 553 ლარი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ა. მ-ეს ძირითადი პენსია დანიშნული აქვს 1997წ. 1 მარტიდან და ამდენად, საპენსიო დანამატი 1997წ. იანვრიდან ვერ დაენიშნება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის “ზ” პუნქტით გათვალისწინებული საპენსიო დანამატი, საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 50% _ ყოველთვიური 7 ლარი _ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1997წ. 1 მარტიდან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, თუ რატომ განმარტა არასწორად სააპელაციო პალატამ ზემოთ აღნიშნული კანონის 50-ე, 52-ე მუხლები, რის გამოც ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც სააპელაციო პალატამ საქმის გარემოებები დაადგინა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდეს ა. მ-ის სასარგებლოდ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისთვის 1997წ. იანვრიდან 2003წ. ივლისამდე მიუღებელი ყოველთვიური 7 ლარის საპენსიო დანამატის _ 553 ლარის _ დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლის “ზ” პუნქტის თანახმად, სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1997წ. 1 მარტიდან დღემდე მიუღებელი ყოველთვიური 7 ლარი საპენსიო დანამატი;

4. დანარჩენ ნაწილებში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.