¹902აპ ქ. თბილისი
22 მარტი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენზე შ. ჩ-ის, ბ. გ-სა და მ. ა-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აგვისტოს განაჩენით:
1. შ. ჩ-ძე, გამართლდა საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით; ასევე _ ქურდობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
2. ბ. გ-ლი, და
3. მ. ა-ძე, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით; ასევე _ ქურდობა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
შ. ჩ-ის, ბ. გ-სა და მ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
შ. ჩ-ემ 2005 წლის 11 იანვარს განიზრახა, რომ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა მოქალაქეთა მსხვილფეხა პირუტყვს. თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი იმავე ღამეს ჩავიდა კასპის რაიონის სოფელ ---ში, სადაც დაახლოებით 1 საათზე ფეხით მივიდა ი. შ-ის საქონლის სადგომთან და უკანონოდ შეაღწია შიგნით. მან საქონლის სადგომიდან ფარულად გამოიყვანა ი. შ-ის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი _ ორი ძროხა, გაიყვანა ისინი მინდორში, თბილისი_სენაკი_ლესელიძის საავტომობილო გზასთან ახლოს და დაკლა, ხორცი ჩადო წინასწარ მომზადებულ ტომრებში და შემხვედრი, დაუდგენელი მარკის ავტომანქანით წაიღო ქ. თბილისში, სადაც მიჰყიდა დაუდგენელ პირებს, რითიც დაზარალებულს მიაყენა 1500 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2005 წლის თებერვლის დასაწყისში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ქ. თბილისში შ. ჩ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდა მ. ა-სა და ბ. გ-ლს. მათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შექმნეს ორგანიზებული ჯგუფი, რათა სხვადასხვა ადგილიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ მსხვილფეხა პირუტყვს, დაეკლათ, ხორცი გაეყიდათ და თანხა ერთმანეთში გაენაწილებინათ.
თავიანთი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბ. გ-მა, შ. ჩ-სა და მ. ა-ის თანხმობით, მ. დ-საგან იქირავა მიკროავტობუსი, რომელშიც ყოველთვიურად, ქირის სახით უნდა გადაეხადა 700 ლარი.
შექმნეს რა ორგანიზებული ჯგუფი, 2005 წლის 20 თებერვალს პირუტყვის მოსაპარად წინასწარ მოიმარაგეს თოკები და ხელსაწყოები მათ დასაკლავად. დაახლოებით 2 საათზე, ზემოაღნიშნული მიკროავტობუსით შ. ჩ-ძე, ბ. გ-ლი და მ. ა-ძე თბილისიდან ჩავიდნენ კასპის რაიონის სოფელ ---ში, ავტომანქანა გააჩერეს სოფლის განაპირას; მ. ა-ძე და ბ. გ-ლი დარჩნენ მანქანასთან, შ. ჩ-ძე კი მივიდა გ. ჯ-ის საქონლის სადგომთან, უკანონოდ შეაღწია შიგნით, საიდანაც აუშვა და მინდორში გაიყვანა ოთხი მსხილფეხა პირუტყვი. მათ დაკვლაში მიეხმარნენ მ. ა-ძე და ბ. გ-ლი. დაკლული პირუტყვი გაუტყავებლად ჩადეს ა\მანქანაში და წაიღეს ქ. თბილისში, სადაც ხორცი გაყიდეს დაუდგენელ პირებზე, ხოლო თანხა ერთმანეთში გაინაწილეს, რითიც დაზარალებულს მიაყენეს 3 200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მეორე დღეს, ე.ი. 21 თებერვალს, დაახლოებით 2 საათზე, აღნიშნულ პირთა ჯგუფი კვლავ ჩავიდა კასპის რაიონის სოფელ -ში, უკანონოდ შეაღწიეს შ. გ-ის საქონლის სადგომში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ შ. გ-ის კუთვნილ 3 სულ მსხვილფეხა პირუტყვს, რაც გაიყვანეს მინდორში და დაკლეს. პირუტყვი მანქანაში გაატყავეს და გაყიდეს ქ. თბილისში დაუდგენელ პირებზე, რითიც დაზარალებულს მიაყენეს 2 000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ამონაგები თანხა ერთმანეთში გაინაწილეს.
23 თებერვალს, დაახლოებით 7 საათზე, ბ. გ-ლი, მ. ა-ძე და შ. ჩ-ძე კვლავ ჩავიდნენ ქ. კასპში, მივიდნენ ო. დ-ის საქონლის სადგომთან, უკანონოდ შეაღწიეს შიგნით, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ ო. დ-ის კუთვნილ ორ სულ ძროხას, რაც გაიყვანეს კასპის განაპირას, მინდორში და დაკლეს. დაკლული ძროხები წაიღეს თბილისში და გაყიდეს დაუდგენელ პირებზე, ამონაგები თანხა კი ერთმანეთში გაინაწილეს, რითიც დაზარალებულს მიაყენეს 1200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული დანაშაულისათვის მიესაჯათ: შ. ჩ-ეს _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ბ. გ-სა და მ. ა-ეს _ 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მათ სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2005 წლის 23 თებერვლიდან. მსჯავრდებულებს სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულების: ი. შ-ის სასარგებლოდ _ 1 500 ლარის, შ. გ-ის _ 2 000 ლარის, გ. ჯ-სათვის _ 3 200 ლარის, ო. დ-სათვის _ 1 800 ლარის გადახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების _ ბ. გ-სა და მ. ა-ის ადვოკატმა გ. გ-ემ და მსჯავრდებულმა შ. ჩ-ემ.
ადვოკატი გ. გ-ძე სააპელაციო საჩივრებით ითხოვდა მსჯავრდებულების _ ბ. გ-სა და მ. ა-ის ქმედების დაკვალიფიცირებას მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით).
მსჯავრდებული შ. ჩ-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას მსჯავრდებულების _ მ. ა-სა და ბ. გ-ის ადვოკატმა შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა თავისი დაცვის ქვეშ მყოფთა მიმართ სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის შემცირება, რასაც მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ შ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი, ხოლო მსჯავრდებულების _ ბ. გ-სა და მ. ა-ის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 1 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა: შ. ჩ-ეს, ბ. გ-სა და მ. ა-ეს ბრალდებიდან ამოერიცხათ 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად წარდგენილი; მათი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტზე; შ. ჩ-ეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით), ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ბ. გ-სა და მ. ა-ეს იმავე მუხლებით _ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ. ჩ-ემ. საკასაციო საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ ქურდობა არ ჩაუდენია, ხოლო წინასწარ გამოძიებაში აღიარებითი ჩვენება მისცა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად; მისი მოთხოვნა მხედველობის დასადგენად მისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე არ გაითვალისწინა არც წინასწარმა და არც სასამართლო გამოძიებამ; საქმეზე გამოძიება ჩატარდა არაობიექტურად; არც ერთ დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ აქვს და აცხადებენ, რომ შ. ჩ-ძე არ არის მათი საქონლის მომპარავი.
მსჯავრდებული შ. ჩ-ძე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ საკმაოდ დაქვეითებული აქვს მხედველობა და ითხოვს მისი საქმის ობიექტურად განხილვასა და სიმართლის დადგენას.
გარდა ამისა, საქმეშია მსჯავრდებულ ბ. გ-ის საკასაციო საჩივრებიც, რომლებსაც პალატა ვერ განიხილავს, რადგან ისინი შეტანილია გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით, ბ. გ-სა და მ. ა-ის მიმართაც და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის დაზარალებულების _ შ. გ-ის, ი. შ-ის, გ. ჯ-სა და ო. დ-ის, მოწმეების _ გ. ბ-ის, გ. ჯ-ის და სხვათა ჩვენებებით, ჩვენების ადგილზე შემოწმებისა და ავტომანქანის დათვალიერების შესახებ ოქმებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ შ. ჩ-ემ, ბ. გ-მა და მ. ა-ემ ორგანიზებულ ჯგუფში და სადგომში უკანონო შეღწევით ჩაიდინეს ქურდობა, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მსჯავრდებულების ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" და მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებიდან (ქურდობა ორგანიზებულ ჯგუფში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" და მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტები სასჯელად ითვალისწინებდნენ, შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 6 წლამდე და 3-დან 12 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია, შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5 წლამდე და 6-დან 10 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულებს განესაზღვრათ მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელები, რა დროსაც სააპელაციო პალატამ სათანადოდ განიხილა, მხედველობაში მიიღო და სწორად შეაფასა შ. ჩ-ის, ბ. გ-სა და მ. ა-ის მახასიათებელი მტკიცებულებები. მათ გასაჩივრებული განაჩენით შეუმსუბუქდათ სასჯელები.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულებს _ ბ. გ-სა და მ. ა-ეს ბრალი არ ედებოდათ ი. შ-ის საქონლის ქურდობაში და სწორედ ამიტომ ისინი არ იქნენ ცნობილი სამოქალაქო მოპასუხეებად ი. შ-ის სარჩელთან დაკავშირებით (ტ. 1, ს.ფ. 350; 360). ამის მიუხედავად, ბ. გ-სა და მ. ა-ეს, შ. ჩ-სთან ერთად, სოლიდარულად დაეკისრათ ი. შ-ის სასარგებლოდ 1 500 ლარის გადახდა. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაზარალებულ ი. შ-ის სასარგებლოდ მსჯავრდებულებს _ ბ. გ-სა და მ. ა-ეს ისე დააკისრეს თანხის გადახდა, რომ ამ უკანასკნელებს ი. შ-ის საქონლის ქურდობა არ ჩაუდენიათ.
ამასთან, ი. შ-ნი საქმის წინასწარი გამოძიებისას ცნობილ იქნა სამოქალაქო მოსარჩელედ (ტ. 1, ს.ფ. 307) და ამ სარჩელთან დაკავშირებით სწორად იქნა ცნობილი სამოქალაქო მოპასუხედ მხოლოდ შ. ჩ-ძე (ტ. 1, ს.ფ. 337; 350; 360).
რამდენადაც სამივე მსჯავრდებულს სოლიდარულად დაეკისრა ი. შ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვროს თანხის ის ოდენობა, რაც გადასახდელად დაეკისრა მხოლოდ შ. ჩ-ეს. ამის გამო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შ. ჩ-ის, ბ. გ-სა და მ. ა-სათვის დაზარალებულ ი. შ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად გადაეგზავნოს კასპის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოებები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია დაზარალებულ ო. დ-ის სასარგებლოდ მსჯავრდებულების _ შ. ჩ-ის, ბ. გ-სა და მ. ა-სათვის დაკისრებული თანხის ნაწილშიც. კერძოდ, საბრალდებო დასკვნით დადგენილია, რომ ო. დ-ლს მიადგა 1 200 ლარის ოდენობის ზიანი. პირველი ინსტანციის სასამართლოში ო. დ-მა განმარტა, რომ მოპარული საქონლის ღირებულება და ანაცდენი სარგებელი მთლიანობაში შეადგენს 1 800 ლარს (ტ. 1, ს.ფ. 450; 476). საქმეში არსებული მასალებით არ არის დასაბუთებული, რომ ამ უკანასკნელს ანაცდენი სარგებლის სახით მიადგა 600 ლარის ოდენობის ზიანი. ამიტომ, ო. დ-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა უნდა შემცირდეს იმ ოდენობამდე, რაც დადგენილია საბრალდებო დასკვნით და დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ შ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 ივლისის განაჩენი შეიცვალოს: შ. ჩ-ის, ბ. გ-სა და მ. ა-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) _ დღეს მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.
მსჯავრდებულებისათვის ო. დ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებული თანხა _ 1 800 (ათას რვაასი) ლარი შემცირდეს და შ. ჩ-ეს, ბ. გ-სა და მ. ა-ეს დაზარალებულ ო. დ-ის სასარგებლოდ საბოლოოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1 200 (ათას ორასი) ლარის გადახდა.
სააპელაციო პალატის განაჩენი გაუქმდეს შალვა ჩოგოვაძის, ბ. გ-სა და მ. ა-სათვის დაზარალებულ ი. შ-ის სასარგებლოდ თანხის _ 1 500 (ათას ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახლა განსახილველად გადაეცეს კასპის რაიონულ სასამართლოს.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.