907აპ. 21 მარტი 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. დ-ნი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2006 წლის 13 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რისთვისაც მას სასჯელის ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით, მ. დ-ნს ბრალი დაედო ქურდობაში, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 9 ნოემბერს არასრულწლოვანმა მ. დ-მა, გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად, განიზრახა უკანონოდ შეეღწია ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹32-ში მდებარე მოქ. ლ. ტ-ის საცხოვრებელ ბინაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა მის ქონებას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იმავე დღეს მ. დ-ნი და გამოძიებით დაუდგენელი თანამონაწილეები მივიდნენ ლ. ტ-ის საცხოვრებელ ბინასთან და უკანონოდ შეაღწიეს მასში, საიდანაც ფარულად გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების ნივთები, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 1000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ამის შემდეგ მ. დ-ნი და გამოძიებით დაუდგენელი სამი პირი, გატაცებული ნივთებით დატვირთულნი, გამოვიდნენ აღნიშნული ბინიდან და ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს მოქალაქე ვ. ნ-ვი, რომელიც მართავდა ,,გაზ_24” მარკის ავტომანქანას, გადაუხადეს მას ფული და მოურიგდნენ, რომ გაეყვანა ისინი მეტროს სადგურ ,,---თან”. მათ გატაცებული ნივთები ჩაალაგეს აღნიშნულ მანქანაში და გაემგზავრნენ. როდესაც მიუახლოვდნენ ---ის სახელობის ხიდს, ისინი გააჩერეს საპატრულო პოლიციისა და ქ. თბილისის ---ის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა. გამოძიებით დაუდგენელმა სამმა პირმა შეძლო მიმალვა, ხოლო არასრულწლოვანი მ. დ-ნი ადგილზევე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. დ-მა, რომელიც ითხოვდა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მსჯავრდებულმა მ. დ-მა აღიარა თავის მიერ დანაშაულის ჩადენა, მოინანია იგი და ითხოვა მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქება, რასაც დაეთანხმა მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ო-ლი. სახელმწიფო ბრალმდებელმა შ. ყ-მა იშუამდგომლა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 28 ივლისის განაჩენით არ დააკმაყოფილა მსჯავრდებულ მ. დ-ის სააპელაციო საჩივარი, ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტსა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო პატიმრობაში ყოფნის დრო მას ჩაეთვალა სასჯელის მოხდის საერთო ვადაში და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მ. დ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული მ. დ-ნი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემცირებას, კერძოდ, ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლას და რეალური სასჯელის სახით ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები მსჯავრდებულ მ. დ-ის მიმართ და შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი ქმედებისა და მისი ჩამდენის პიროვნების მახასიათებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, შესაბამისი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება არის საფუძვლიანი და კანონიერი, რომლის მიღებისას სასამართლომ მსჯავრდებულის სასარგებლოდ სრულად გაითვალისწინა არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებას: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ქურდობისთვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) იმავე ქმედებისთვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი აღნიშნული ქმედებისთვის ახალი კანონით დამძიმდა სასჯელი. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. დ-ის ქმედების კვალიფიკაცია იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრული იყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) არასწორად შეცვალა კანონის ახალი რედაქციით. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ. დ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტიდან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია).
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ მ. დ-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ მ. დ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია).
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ მ. დ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.