გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-266-412-კ-03 16 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: შინაგან საქმეთა მინისტრის 2001წ. 15 ივნისის ბრძანების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოპასუხე – შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა შსს-ს 2001წ. 15 ივნისის ¹221 ბრძანების გაუქმება და იმერეთის შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 2 მაისის ბრძანების ძალაში დატოვება
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შს მინისტრის 2001წ. 15 ივნისის ბრძანებით შს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გაუქმდა იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 21 მაისის ბრძანება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და იგი დათხოვილ იქნა შს ორგანოებიდან.
აღნიშნული ბრძანება მას ჩაბარდა 2001წ. 12 ივლისს და სასამართლოს მიმართა ერთთვიან ვადაში. მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება ეყრდნობა შს სამინისროს გენერალური ინსპექციის არასწორ დასკვნას, რომლის თანახმადაც 2001წ. 22 აპრილს მისი და მასთან ერთად მყოფი პირების შს ორგანოებიდან დათხოვნის საფუძველი გახდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც გამოიხატა 2001წ. 22 აპრილის ზესტაფონის რაიონის სოფ..... ფ. დ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უკანონო გაჩერების მცდელობასა და გამოდევნებაში, დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობისადმი უპასუხისმგებლობასა და უმოქმედობისათვის, არ იქნა აღკვეთილი პოლიციის უფროსი სერჟანტი კ. ჭ-ის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არამართლზომიერი გამოყენების ფაქტი, რასაც მოჰყვა თ. ს-ის დაჭრა და შემდგომში მისი გარდაცვალება, აგრეთვე ფ. დ-ისა და თ. ს-ის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შს გენერალური ინსპექციის დასკვნა არ არის სწორი და სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს 2001წ. 22 აპრილის მომხდარი შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, 2001წ. 22 აპრილს 20 საათზე ზესტაფონის რაიონის შს რაიგანყოფილების შტაბის უფროსის დ. ც-ის მიერ შექმნილი იქნა სოფლების ზედა საქარისა და დილიკაურის ტერიტორიების შემოვლის ოპერატიული ჯგუფი, რომელიც მისი კუთვნილი ვაზ-21-06 მარკის ავტომანქანით გავიდა სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც შენიშნა მათი მიმართულებით დიდი სიჩქარით მოძრავი უაზ-469 მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლი არ დაემორჩილა პოლიციის ... კ. ჭ-ის მიერ კვერთხითა და წივილათი მიცემულ ნიშანს და განაგრძო მოძრაობა. პოლიციის .... კ. ჭ-ემ და უბნის ინსპექტორმა მ. მ-ემ მძღოლში შეიცნეს შს ორგანოების მიერ მძიმე დანაშაულისათვის ძებნილი კ. ა-ე და მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით კ. ჭ-ესთან, მ. მ-ესთან და გ. მ-თან ერთად გაედევნენ მას. რადგან მძღოლი არ დაემორჩილა მოთხოვნას გაჩერების შესახებ კ. ჭ-ემ მოახდინა რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან. მოსარჩელის ავტომანქანა ჩაეფლო ტალახში, ხოლო უაზის მარკის ავტომანქანამ განაგრძო გზა და შემდგომ გაჩერდა 150 მეტრში, რის შედეგაც კ. ჭ-ის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას ადგილი არ ჰქონია.
შემთხვევის ადგილას მისულებმა ნახეს, რომ საჭესთან მჯდომი მათთვის უცნობი პირი, როგორც შემდეგ გაარკვიეს ზესტაფონის რაიონის სოფ. .... მცხოვრები ფ. დ-ი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, ხოლო მის გვერდში მჯდომი დაჭრილი თ. ს-ე გადაყვანილი იქნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის საავადმყოფოში.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ზემოაღნიშნულ ფაქტზე შედგენილი დასკვნა სამართლებრივი თვალსახრისით არ არის სიზუსტით შეფასებული, ვინაიდან საქართევლოს კანონის «პოლიციის შესახებ» მე-9 მუხლი უფლებას ანიჭებდა მათ იმ მომენტში გაეჩერებინათ ავტომანქანა და თუ საჭირო გახდებოდა დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გადევნებოდნენ. ასევე, «პოლიციის შესახებ» კანონის მე-8 მუხლის მე-10 პუნქტის, მე-9 მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად მათი მხრიდან ავტომობილის გაჩერების მცდელობა არ შეიძლება ჩათვლილიყო არამართლზომიერად და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებად. «პოლიციის შესახებ» კანონის მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად იარაღის გამოყენება იმ შემთხვევაში არამართლზომიერი არ იყო.
მოსარჩელე უთითებდა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამებოდა ის ფაქტი, რომ მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფ. დ-ს და თ. ს-ეს, და შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა ცრუ ჩვენებებზე დაყრდნობით იყო შედგენილი.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით მ. კ-ს შს მინისტრის 2001წ. 15 ივნისის ¹221 ბრძანების გაუქმებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა, რომელმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 20 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება ხანდაზმულობით სარჩელზე უარის თქმის შესახებ და მიუთითა, რომ მ. კ-ს წერილობითი შეტყობინება შს ორგანოებიდან დათხოვნის თაობაზე გაეგზავნა 2001წ. 22 ივნისს, რაც ადრესატს ჩაბარდა 2001წ. 12 ივლისს, რის გამოც მ. კ-ისათვის შს ორგანოებიდან 2001წ. 15 ივნისის ¹221 ბრძანების საფუძველზე დათხოვნის შესახებ ცნობილი გახდა 2001წ. 12 ივლისს და მას მოცემულ შემთხვევაში მთხოვნის უფლება წარმოეშვა იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა სადავო ბრძანება და არა იმ დროიდან, როცა გამოიცა სადავო ბრძანება, თანახმად სკ-ს 130-ე მუხლისა დ მიაჩნია, რომ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლით დადგენილ ერთთვიან ვადაში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მის სამსახურებრივ საკითხებზე არსებობდა ორი ბრძანება დათხოვნისა და განთავისუფლების შესახებ, ვინაიდან შს მინისტრის 2001წ. 15 ივნისის ¹221 ბრძანების პირველი პუნქტით გაუქმებული იქნა იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 21 მაისის ბრძანება მისი თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო ბრძანებას, მოსარჩელის მიერ არ იქნა გასაჩივრებული და შესაბამისად სასამართლომ დადგენილელად მიიჩნია დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სააპელაციო სასამრათლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მტკიცება იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანებაში მოყვანილი გარემოებები სრულად შეესაბამებოდა პოლიციის ლეიტენანტის მ. კ-ის მოქმედებას, რომ მის მიერ დარღვეული იქნა შს ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ დებულების მე-60 მუხლის «ლ» პუნქტისა და 69-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევად. კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითება კანონებზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა სააპელაციო სასამართლო სარჩელზე უარის თქმის დროს.
სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» პუნქტი, რომელშიც განმარტებულია ადმინისტრაციული აქტის ცნება, რომლის მიხედვით გენერალური ინსპექციის დასკვნა არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და კანონი არ ითვალისწინებს მის გასაჩივრებას.
კასატორი მიუთითებს ასევე, რომ სააპელაციო პალატას არ გამოუყენებია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლი, რომელშიც მითითებულია სამსახურებრივ საკითხზე გამოცემული ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების, აგრეთვე მოქმედების გასაჩივრება. ჩამონათვალი არ შეიცავს დასკვნის გასაჩივრების მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი, ხოლო სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შს მინისტრის 2001წ. 15 ივნისის ¹221 ბრძანებით «შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულების მე-60 მუხლის «ლ» პუნქტის (გადაცდომა რომელიც შეუთავსებელია შს ორგანოს თანამშრომლისათვის) და 69-ნ მუხლის (პოლიციის თანამშრომლის სახელის დისკრედიტაცია) მოთხოვნათა საფუძველზე ზესტაფონის რაიონის შს განყოფილების ეკოლოგიის პოლიციის ქვეგანყოფილების ინსპექტორი პოლიციის ლეიტენანტი მ. კ-ი დათხოვნილი იქნა შს ორგანოებიდან. ამავე ბრძანებით გაუქმებული იქნა იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 21 მაისის ბრძანება მ. კ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან იგი იმსახურებდა უფრო მკაცრ სასჯელს.
ზემოაღნიშნულ სადავო ბრძანებას საფუძვლად დაედო შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციის 2001წ. 15 ივნისის დასკვნა ზესტაფონის რაიონის შს განყოფილების თანამშრომელთა მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალების შესახებ, რომლითაც დადგენილი იქნა, რომ პოლიციის ლეიტენანტის მ. კ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, რაც გამოიხატა მოქ. ვ. დ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის უკანონო გაჩერების მცდელობასა და გამოდევნებაში. დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობებისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასა და უმოქმედებობაში, კერძოდ, არ იქნა აღკვეთილი პოლიციის სერჟანტ კ. ჭ-ის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის არამართლზომიერად გამოყენების ფაქტი, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი, ადამიანის სიკვდილი და ჩადენილი იქნა გადაცდომა, რომელიც შეუთავსებელია შს ორგანოს თანამშრომლისათვის და დისკრედიტირებული იქნა პოლიციის თანამშრომლის სახელი. დარღვეული იქნა შს ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ დებულების მე-60 მუხლის «ლ» პუნქტი და 69-ე მუხლი და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მ. კ-ის შს ორგანოებიდან დათხოვნა.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2001წ. 15 ივნისის დასკვნა არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტს და მისი გასაჩივრების შესაძლებლობა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში არასწორია, მაგრამ მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2001წ. 22 აპრილს მომხდარი შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები საქმის მასალებით დადასტურებულია და მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. აღნიშნულ ფანქტთან მიმართებაში მ. კ-ის ქმედება იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 21 მაისის ¹256 ბრძანებით შეფასდა, როგორც დისციპლინური გადაცდომა და პოლიციის ლეიტენანტი მ. კ-ი განთავისუფლდა ზესტაფონის შს რაიგანყოფილების, ადმინისტრაციული პოლიციის, ეკოლოგიის პოლიციის ქვეგანყოფილების ... თანამდებობიდან. კასატორს აღნიშნული ბრძანება, რომლითაც დადგენილად იქნა მიჩნეული მის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა, სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად დაეთანხმა მას. უფრო მეტიც, სასარჩელო განცხადებით იგი ითხოვდა შს მინისტრის 2001წ. 15 ივნისის ¹221 ბრძანების გაუქმებას და იმერეთის შს მთავარი სამმართველოს უფროსის 2001წ. 21 ბრძანების ძალაში დატოვებას.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ შს მინისტრმა “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-16 მუხლის “ე” ქვეპუნქტისა და “პოლიციის შესახებ” კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად მიიჩნია ჩადენილი ადმინისტრაციული გადაცდომისათვის მ. კ-ის შს ორგანოებიდან დათხოვნა, რაც წარმოადგენს მინისტრის დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის თანახმად იგი უფლებამოსილია საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.