Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-27-230-კ-03 31 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სამუშაო ადგილით დაკმაყოფილება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის _ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურით დაკმაყოფილება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 15.06.2000წ. ¹103 ბრძანებით დადგენილ იქნა საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ 2000წ. 5-6 აგვისტოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარდა საგადასახადო ორგანოების მოხელეთა შესარჩევი საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ტური, რის გამო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.12.2000წ. გადაწყვეტილებით 255 მოსარჩელესთან ერთად ბ. ჭ-ეს ჩაბარებულად ჩაეთვალა საკვალიფიკაციო გამოცდის 1-ლი ტური და უფლება მიეცა მიეღო მონაწილეობა საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამარჯვებულ კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კონკურსის საბოლოო შედეგის მიხედვით დააგროვა 30.4 ქულა და გავლილად ჩაეთვალა საკვალიფიკაციო გამოცდის ორივე ტური. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ კონკურსის მეორე ტური მის მიმართ ჩატარდა არაობიექტურად, 20 ბალიანი სისტემის მიხედვით მოსარჩელემ დააგროვა 6.4 ქულა, მისთვის დასმული კითხვები ეხებოდა მხოლოდ ყოფით საკითხებს, რის გამო მას არ მიეცა კვალიფიკაციის გამოვლენის საშუალება. ამის თაობაზე მოსარჩელემ განცხადებით მიმართა კომისიის თავმჯდომარეს, რაზედაც პასუხი არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მისი სამსახურით დაკმაყოფილება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 18.02.02წ. გადაწყვეტილებით ბ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ბ. ჭ-ის მიერ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში დამატებით მოითხოვა მეორე ტურში ქულების ხელოვნურად დაკლების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების სახით საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მ. ა-სათვის, რომელმაც არ განიხილა მისი 03.05.01წ. ¹165 განცხადება და საერთოდ დაკარგა იგი, აპელანტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარის დაკისრება. სააპელაციო სასამართლომ საოქმო განჩინებით უარი უთხრა აპელანტს დავის საგნის გაზრდაზე. სააპელაციო პალატის 26.04.03წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების მოთხოვნით სარჩელი არ აღუძრავს, რის გამო მისი მოთხოვნა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე და 97-ე მუხლების საფუძველზე სამუშაოთი დაკმაყოფილების შესახებ არის უსაფუძვლო. პალატამ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია აგრეთვე ბ. ჭ-ის მოთხოვნა შესარჩევ კონკურსზე დაკლებული ქულების აღდგენის და სამუშაო ადგილით დაკმაყოფილების თაობაზე, ვინაიდან ბ. ჭ-ეს კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი არ აღუძრავს.

სააპელაციო პალატის 26.04.03წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ბ. ჭ-ის მიერ. კასატორმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაურკვეველია თუ რომელი გადაწყვეტილება შეცვალა სააპელაციო სასამართლომ, 13.11.02წ. გადაწყვეტილებას მასთან რაიმე კავშირი არა აქვს. უსაფუძვლოა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითება იმაზე, რომ არ ყოფილა გასაჩივრებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ვინაიდან მოთხოვნა ემყარებოდა იმ გარემოებას, რომ 21.12.02წ. გადაწყვეტილებით 255 კონკურსში მონაწილეს მიეცა უფლება მიეღო მონაწილეობა შესარჩევ კონკურსში. კასატორს არ აკმაყოფილებდა კონკურსის შედეგები, რადგანაც თვლის, რომ იმსახურებდა უფრო მაღალ შეფასებას. კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა კომისიის თავმჯდომარეს მ. ა-ს, მაგრამ პასუხი განცხადებაზე არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი კონკურსის შედეგების შემოწმების მოთხოვნას ეხებოდა, სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმით დაინტერესდა ჰქონდა თუ არა აღძრული მ. ა-ს მიმართ სარჩელი რაიონულ სასამართლოში, რის გამო არ მისცა სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისასთვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება რათა სრულად იქნეს გამოკვლეული სარჩელში დაყენებული საკითხები, კერძოდ კონკურსის შედეგების კანონიერება და განხილულ იქნეს მისი მოთხოვნები საკონკურსო კომისიის მიმართ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უმდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 26.04.03წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 13.11.02წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე მინიშნებას იმის შესახებ, თუ რის გამო შეიცვალა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რას არ დაეთანხმა, რა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაში, როდესაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო იგივე გადაწყვეტილება, ამ მიმართულებით სააპელაციო პალატის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მოყვანილი რაიმე არგუმენტი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეცდომით უთითებს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 13.11.02წ. გადაწყვეტილებას, მაშინ როდესაც სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო არა 13.11.02წ., არამედ 18.02.02წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ჭ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს ბ. ჭ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბ. ჭ-ის მოთხოვნა სამუშაოთი დაკმაყოფილების შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან მას არ მოუთხოვია მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება. აპელანტის მოთხოვნა შესარჩევ კონკურსში დაკლებული ქულების აღდგენის შესახებ ასევე საფუძველს მოკლებლად იქნა მიჩნეული სააპელაციო პალატის მიერ, ვინაიდან ბ. ჭ-ეს კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი არ აღუძრავს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ ბ. ჭ-ის მოთხოვნა შესარჩევ კონკურსზე დაკლებული ქულების აღდგენის და სამუშაო ადგილით დაკმაყოფილების შესახებ თავისთავად მოიცავს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების და ჩატარებული კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნას, აღნიშნული არ წარმოადგენს დავის საგნის გაზრდას, სასარჩელო მოთხოვნის ამ კომპონენტების არსებობის დადგენა შესაძლებელი იყო სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების გზით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ საკონკურსო შედეგების გაუქმების მოთხოვნაში მოიაზრებდა გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრებას. ამასთანავე, საფუძველს მოკლებულია კასატორის მოსაზრება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მიმართ მისი მოთხოვნის განხილვის საჭიროების შესახებ. ბ. ჭ-ის სარჩელი არ შეიცავდა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, დავა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს ეხებოდა, სარჩელზე მოპასუხედ კომისიის თავმჯდომარე დასახელებული არ ყოფილა, ამდენად სააპელაციო პალატის უარი სააპელაციო სასამართლოში ბ. ჭ-ის მიერ დავის საგნის გაზრდაზე შეესაბამება სსკ-ს 381-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე თანახმაა ამაზე ან სააპელაციო სასამართლო ამას მიზანშეწონილად ცნობს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორმა კონკურსის 1-ელ ტურში დააგროვა 18 ქულა, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.12.2000წ. გადაწყვეტილებით მას მიღებულად ჩაეთვალა გამსვლელი ქულა (24), კონკურსის მეორე ტურში ბ. ჭ-ეს 20 ბალიანი სისტემიდან მიღებული აქვს 6.4 ქულა, რაც მთლიანობაში 30.4 ქულას შეადგენს. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო ქვეკომისიის 25.02.01წ. სხდომის ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ კომისია არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია კონკურსანტების მომზადების დონე. კონკურსის მეორე ტურში არასაგადასახადო, სამსახურებრივ-ყოფითი შეკითხვების დასმა არ წარმოადგენს ბ. ჭ-ის მიმართ კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის საფუძველს, ვინაიდან საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამარჯვებულ კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე (კონკურსის მეორე ტური)კანდიდატების შეფასება მიმდინარეობდა საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 15.06.2000წ. ¹103 ბრძანებით დამტკიცებული წესის 26-ე მუხლით გათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით (საქმიანი და მორალური რეპუტაცია, სამეცნიერო ხარისხი, სპეციალობით მუშაობის გამოცდილება და სხვ.). ამასთანავე, კასატორი ვერ უთითებს თუ რას ემყარება მისი მოსაზრება იმის შესეხაბ, რომ იგი იმსახურებდა უფრო მაღალ შეფასებას, საკონკურსო შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, ვინაიდან კანდიდატისათვის ქულების რაოდენობის მინიჭება სპეციალური ცოდნის საფუძველზე ხდება, ამასთანავე შეუძლებელია კონკურსის ჩატარების დროს არსებული ვითარების (კერძოს, კონკურსის ჩატარების მომენტში კანდიდატის მომზადების დონის) აღდგენა. აღნიშნული უქმნის ორგანოს შეფასების თავისუფლების ფართო ფარგლებს, შესაძლებლობას აძლევს ადმინისტრაციულ ორგანოს რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტყილება უნდა გაუქმდეს დაუსაბუთებლობის გამო და სსკ-ს 411-ე მუხლის საფუძველზე უნდა მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდება უსაფუძვლობის გამო. საკასაციო პალატა “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის, შკკ 205-ე მუხლის საფუძველზე თვლის, რომ კასატორი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ბ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

2. ბ. ჭ-ეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

3. ბ. ჭ-ე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.