გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-277-417-კ-03 3 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: სამსახურში აღდგენა, მიუღებელი ხელფასისა და პრემიის დანამატის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 9 ოქტომბერს მოსარჩელე ლ. ქ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტისა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა 1990 წლიდან. 1996 წლიდან იგი მუშაობდა ..., ასრულებდა ... სამსახურის თანამშრომლის მოვალეობას. მოსარჩელის განმარტებით, 2000წ. ივნის-ივლისში გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექცია და შეიქმნა გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექცია. დამუშავდა ახალი სტრუქტურა და საშტატო განრიგი. აღნიშნული ცვლილებების შესახებ გაფრთხილდნენ რაიონული საგადასახადო ინსპექციის მუშაკები.
მოსარჩელის განცხადებით, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 18 აგვისტოს ¹კ-85 ბრძანებით ლ. ქ-ე სამსახურიდან გათავისუფლდა 2000წ. 21 აგვისტოდან. მოსარჩელემ განმარტა, რომ აღნიშნული ბრძანების არსებობა მისთვის უცნობი იყო გარკვეული დროის მანძილზე, ვინაიდან იგი მოსარჩელისათვის დროულად არავის ჩაუბარებია. შესაბამისად, მოსარჩელე ჩვეულებრივად განაგრძობდა თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესარულებას. მოგვიანებით მოსარჩელეს განუცხადეს, რომ საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე ინიშნებოდა ლ. ჯ-ე, ხოლო იგი გადაჰყავდათ დამლაგებლის საშტატო ერთეულზე, რაც იქნებოდა ფორმალური მხარე და მოსარჩელე კვლავ შეასრულებდა საქმის მწარმოებლის მოვალეობას, ხოლო საშტატო განრიგში შეყვანილი იქნებოდა დამლაგებლის საშტატო ერთეულზე, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. ლ. ქ-ემ მიუთითა, რომ დამლაგებლის საშტატო ერთეულის ინსპექტორის საშტატო ერთეულად გადაკეთების შემდეგ, სამსახურში მიღებულთა სიაში მოსარჩელე აღარ აღმოჩნდა, რაც მისთვის ცნობილი გახდა 2000წ. ოქტომბერში. შესაბამისად, იგი იძულებული გახდა შეეწყვიტა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება.
სასარჩელო განცხადებაში განმარტებული იყო, რომ მოსარჩელე სამსახურიდან დაითხოვეს კანონის უხეში დარღვევით, რის თაობაზეც მოსარჩელემ მიმართა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომლის მიერ ჩატარებულმა სამსახურებრივმა მოკვლევამ აჩვენა, რომ რაიონული საგადასახადო ინსპექციის მიერ მოსამსახურეთა დათხოვნა-დანიშვნის პროცესი განხორციელდა კანონის, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 2701-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით. აღნიშნული ნორმის თანახმად, საგადასახადო ორგანოებში თანამდებობებზე ინიშნებიან კონკურსის (ტესტირების) საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წარდგინება სათანადო რეკომენდაციებით დაეგზავნა თბილისის ყველა საოლქო საგადასახადო ინსპექციას, მათ შორის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციასაც, რათა უმოკლეს ვადაში საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობებზე დანიშვნა მოყვანილიყო კანონთან შესაბამისობაში, რაც არ განხორციელებულა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ხელმძღვანელთა მიერ მიცემული განმარტების თანახმად, საგადასახადო ინსპექციის ტექნიკური მუშაკები ტესტირების გავლას არ ექვემდებარებოდნენ, ანუ კანონით მოსარჩელეს არ ეხებოდა კონკურსში (ტესტირება) მონაწილეობის მიღება და მისი დანიშვნა უნდა მომხდარიყო ადგილობრივი ხელმძღვანელის ბრძანებით. მოსარჩელემ განმარტა, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 18 აგვისტოს ¹კ-85 ბრძანებაში მითითებული იყო, რომ მოსარჩელის დათხოვნა მოხდა ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაციის გამო. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანების გამოცემით დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლის მოთხოვნა. ფაქტობრივად კი, გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ბაზაზე გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის შექმნით განხორციელდა რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლების დროს, აგრეთვე, დაირღვა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსარჩელისათვის კომპენსაციის სახით უნდა მიეცათ 2 თვის თანამდებობრივი სარგო ანუ 42 ლარი, ვინაიდან საქმის მწარმოებლის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 21 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულ თანხას უნდა დამატებოდა 1999-2000 წლებში გაწეული სამსახურისათვის აუღებელი ხელფასი საბოლოო ანგარიშსწორების თანხასთან ერთად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით ითხოვა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 18 აგვისტოს ¹კ-85 ბრძანების მე-4 პუნქტის უკანონოდ ცნობა, აღნიშნული ბრძანების გაუქმება, გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე აღდგენა; მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო თანხის _ 273 ლარისა და პრემიის _ 1950 ლარის დაკისრება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელე ლ. ქ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 18 აგვისტოს ¹კ-85 ბრძანების გაუქმების, მისი თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე აღდგენისა და პრემიის თანხის _ 1950 ლარის _ დაკისრების ნაწილში; თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა მოსარჩელე ლ. ქ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 247,86 ლარისა და ორი თვის თანამდებობრივი სარგოს _ 42 ლარის, სულ _ 289,86 ლარის გადახდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მარტის გადაწყვეტილება ლ. ქ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის განჩინება ლ. ქ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორი მიუთითებს საკასაციო საჩივრის შემდეგ საფუძვლებზე: 1. სააპელაციო სასამართლომ სრულად ვერ შეისწავლა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, კერძოდ, მან მტკიცებულებად არ მიიღო საგადასახადო შემოსავლების მინისტრის წერილობითი განმარტება, იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის 2000წ. 30 ივნისის ¹281 ბრძანებულების საფუძველზე საგადასახადო სისტემაში განხორციელდა რეორგანიზაცია და არა ლიკვიდაცია;
2. სააპელაციო პალატამ, აგრეთვე, არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ ლ. ქ-ე მუშაობას განაგრძობდა 2000წ. 20 ნოემბრამდე, რაც დადასტურდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ წარმოდგენილი შემოსული და გასული კორესპონდენციის სარეგისტრაციო ჟურნალით, რომელსაც აწარმოებდა კასატორი. ლ. ქ-ის მიმართ დაირღვა შკკ-ს 95-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები. აღნიშნული ნორმის თანახმად, დათხოვნილი მუშაკისათვის ანგარიშსწორება უნდა მოხდეს არა უგვიანეს დათხოვნის მეორე დღისა, რაც არ შესრულებულა. ლ. ქ-ეს დროულად არ ჩაბარდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, შრომის წიგნაკი და აღრიცხვაზე აყვანის ფურცელი, რაც შრომის კანონმდებლობის, კერძოდ, შკკ-ს 422-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ლ. ქ-ისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოხდა რეორგანიზაცია და იგი აგრძელებდა მუშაობას დაკავებული თანამდებობის მიხედვით პრეზიდენტის ბრძანებულების გამოცემიდან კიდევ სამი თვის მანძილზე.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.
საკასაციო სასამართლოში ზეპირი განხილვის დროს კი კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 18 აგვისტოს ¹კ-85 ბრძანება ლ. ქ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში არის არა ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნების ცალმხრივი გამოვლენა და ადმინისტრაციული გარიგების ცალმხრივად მოშლა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა მოცემულ მხარეთა ურთიერთობასთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადები და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 138-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი სასამართლოში მიმართვამდე შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსთვის განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ისე გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლი, რომ არ გამოიკვლია, სკ-ს 138-ე მუხლის თანახმად, ლ. ქ-ის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსთვის განცხადებით მიმართვის შემდეგ როდის ჩაიბარა მან საგადასახადო შემოსავლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2001წ. 20 აგვისტოს ¹617-02 წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ლ. ქ-ეს მისი უფლებების დასაცავად უნდა მიემართა სასამართლოსთვის. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სწორედ ამ წერილის მიღების შემდეგ ლ. ქ-ისთვის განახლდა და გაგრძელდა ხანდაზმულობის ვადა. სააპელაციო პალატას კი არ გამოუკვლევია ამ კუთხით ლ. ქ-ემ დაარღვია, თუ არა კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სრულყოფილად ვერ დაასაბუთა ქ. თბილისის რაიონების საგადასახადო ინსპექციების რეორგანიზაცია მოხდა, თუ _ ლიკვიდაცია. სააპელაციო პალატამ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს აღნიშნული საკითხი და სამართლებრივად სწორად უნდა შეაფასოს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამართლებრივად, აგრეთვე, სრულყოფილად არ არის დასაბუთებული პრემიის თანხის, 1950 ლარის, ლ. ქ-ისთვის დაკისრებაზე უარის თქმა, რაზეც ხელახლა უნდა იმსჯელოს სააპელაციო პალატამ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად სრულყოფილად არ არის დასაბუთებული, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.