Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-279-422-კ-03 19 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 24 ნოემბერს გ. ფ-ემ შუახევის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა და მიუთითა, რომ 1944-48 წლებში მისი მშობლები შუა აზიაში იყვნენ გადასახლებულნი და მათთან ერთად თვითონაც იმყოფებოდა. განმცხადებელმა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და 1944-48 წლებში მშობლებთან ერთად შუა აზიაში ყოფნის უდავო წარმოების წესით დადასტურება მოითხოვა.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგენილ იქნა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი, რომ იგი 1944 წელს მშობლებთან ერთად გადასახლებულ იქნა შუა აზიაში. 2003წ. 29 აგვისტოს სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონულმა განყოფილებამ შუახევის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ შუახევის რაიონის არქივის მონაცემებით, გ. ფ-ის მამას, ა. ფ-ეს 1945-1948 წლებში კოლმეურნეობაში გამომუშავებული ჰქონდა შრომადღეები, შესაბამისად, 1944-1948 წლებში გ. ფ-ე მშობლებთან ერთად გადასახლებაში ვერ იქნებოდა, თანაც გადასახლების შესახებ საარქივო ცნობაში აღნიშნული იყო სახელი გ., როცა მას იმ დროს გი. ერქვა.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის განჩინებით სოციალური უზრუნველყოფის სახელწმიფო ფონდის შუახევის რაიონული განყოფილების განცხადება არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის შუახევის რაიონულმა განყოფილებამ იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 17 თებერვლის განჩინებით შუახევის რაიონის სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შუახევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის განჩინება გაუქმდა და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდა განხილვისათვის.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით შუახევის რაიონის სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდს უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის მიერ იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით შუახევის რაიონის სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. შუახევის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ნოემბრისა და 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილებები გაუქმდა. გ. ფ-ის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ 1944-48 წლებში გ. ფ-ის ოჯახი შუახევის რაიონის სოფ. .... საკომლო წიგნში ირიცხებოდა და საკოლმეურნეო შრომაში მონაწილეობდა.

სასამართლოს მოსაზრებით, 1944-48 წლებში არსებული სახელმწიფო რეჟიმიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო, რომ საარქივო ჩანაწერებში ყალბი მონაცემები შეეტანათ. ამასთან, გ. და ა. ფ-ებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა გადასახლების შესახებ აღდგენილი სააღრიცხვო – საალფავიტო ბარათებიდან იყო გაცემული და არა ძირითადი საარქივო დოკუმენტებიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ფ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, არ გამოიყენა სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის შესაბამისად, “საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით”.

კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გაიზიარაშინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა მისი მშობლებთან ერთად გადასახლების შესახებ, როცა აღნიშნული მოწმეთა ჩვენებებითაც იქნა დადასტურებული.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, “თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე”.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ შეეძლო განეხილა საქმე არსებითად, ემსჯელა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, რადგან სასამართლოში სარჩელი არ ყოფილა წარდგენილი. რაც შეეხება გ. ფ-ის განცხადებას იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ, იგი სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა განუხილველად დატოვებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. გაუქმდეს შუახევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 ნოემბრისა და 2003წ. 22 მაისის გადაწყვეტილებები.

4. გ. ფ-ის განცხადება მისი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ დატოვებულ იქნეს განუხილველად. მას განემარტოს, რომ უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს სარჩელით საერთო საფუძველზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.