გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-28-231-კ-03 25 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამასახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 4 ივნისს ნ. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს მიმართ, თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამედიცინო საექსპერტო კომისიის ...ის თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის და მორალური ზიანის 10000 ლარის გადახდის მოთხოვნით. სარჩელის საფუძვლად მოსარჩელე უთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
1992-1996 წლებში იგი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამედიცინო-საექსპორტო კომისიის ...ად. კომისარიატის სისტემაში გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და ამის თაობაზე მთავარი სამხედრო სამსახურის ინსპექციაში შეტანილი საჩივრის საფუძველზე, მას აიძულებდნენ თანამდებობის დატოვებას. 1996წ. დეკემბერში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ის გადაყვანილ იქნა კადრების სამმართველოს განკარგულებაში. 1999წ. თებერვალში კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა თავდაცვის მინისტრის 1997წ. 28 იანვრის ¹306 ბრძანება, 1997წ. 25 თებერვლიდან მისი სამხედრო სამსახურიდან, სამსახურებრივი შეუფერებლობის მოტივით, დათხოვნის თაობაზე.
თავდაცვის მინისტრის მიერ 2001წ. 25 იანვარს მიღებული იქნა ¹34 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე ზემოაღნიშნული ბრძანება. ამავე ბრძანებით იგი აღდგენილი იქნა არა იმავე თანამდებობაზე, არამედ კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, ამასთან მოპასუხის მიერ არ მომხდარა ანაზღაურება, რაც მოსარჩელის განმარტებით, წარმოადგენდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტიებით, მოსარჩელე ნ. გ-ს სარჩელს ეთქვა უარი ხანდაზმულობის მოტივით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა ნ. გ-ს მიერ, რომელმაც სააპელაციო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
1992-1996 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამედიცინო საექსპორტო კომისიის უფროსად. 1996წ. დეკემბერში ყოველგვარი მიზეზის გარეშე გადაიყვანეს კადრების სამმართველოს განკარგულებაში. 1999 წელს შეიტყო, რომ არსებობს თავდაცვის მინისტრის 1997წ. 28 ივლისის ¹306 ბრძანება მისი სამხედრო სამსახურიდან 1997წ. 5 თებერვლიდან “სამსახურებრივი შეუფერებლობით” დათხოვნის შესახებ. 1999წ. მარტის დასაწყისში მიმართა საჩივრით თავდაცვის მინისტრს, რის საფუძველზეც 2001წ. 25 იანვრის ¹34 ბრძანებით გაუქმდა მისი სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება, მაგრამ ის არც სამსახურში აღადგინეს და არც განაცდური აუნაზღაურეს, შეესაბამისად, აპელანტი მიიჩნევდა, რომ მას არ დაურღვევია სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილებით, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართოლოს 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. გ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის მოტივით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ნ. გ-ს საკასაციო საჩივრის საფუძველზე შესწავლილი იქნა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინებით, ნ. გ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში იქნა დატოვებული თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 იანვრის გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და კასატორის ახსნა-განმარტებით დასტურდება, ამ უკანასკნელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს თავდაცვის მინისტრის 2001წ. 25 იანვრის ¹34 ბრძანების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც სამედიცინო სამასახურის ვიცე-პოლკოვნიკი ნ. გ- აღდგენილი იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში 1997წ. 25 თებერვლიდან.
ის გარემოება, რომ მითითებული აქტის არსებობის ფაქტი კასატორისათვის ცნობილი გახდა იანვარში, ამ უკანასკნელის მიერ დადასტურებული იქნა საკასაციო პალატის სხდომაზეც.
სსკ-ს 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ყოველივე აღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ მითითებული ბრძანების მე-2 პუნქტის გაუქმების მოთხოვნისა და შესაბამისად, სამსახურში აღდგენის ნაწილში საოლქო სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული გასაჩივრების ერთთვიანი ვადა და ადასტურებს, რომ კასატორის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში ხანდაზმულია.
რაც შეეხება მოთხოვნას დავალიანების ანაზღაურების ნაწილში, საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება საოლქო სასამართლოს მოსაზრება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
კერძოდ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორი ითხოვს სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, რომლის გადახდის ვალდებულებაც ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული გარიგებიდან გამომდინარე. რის გამოც, აღნიშნულთან მითითებაში, გამოყენებული ვერ იქნება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სპეციალური ვადა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელფასო დავალიანებაზე, როგორც გარიგებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე, გამოყენებული უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო სამწლიანი ვადა.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მითითებულ ნაწილში მხარის მოთხოვნა საოლქო სასამართლოს მიერ განხილული არ ყოფილა, საქმე მოცემულ ნაწილში არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის განჩინება სახელფასო დავალიანების გადახდაზე უარის თქმის ნაწილში და მითითებულ ნაწილში საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. დანარჩენ ნაწილში განჩინება დატოვებული იქნეს უცვლელად;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.