გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-287-430-კ-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 12 დეკემბრის ¹29კ ბრძანებით მ. მ-ი აღდგენილ იქნა კასპის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ინსპექტორის თანამდებობაზე, კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და 2002წ. 11 ნოემბრის ¹2/206 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. სამსახურში აღდგენის მეორე დღესვე 2002წ. 13 დეკემბერს გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ¹50-კ ბრძანებით კასპის რაიონული საგადასახადო ინსპექტორი მ. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ფინანსთა მინისტრის 2002წ. 24 ივნისის ¹546 ბრძანების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ტესტირების გაუვლელობის გამო.
2003წ. 14 იანვარს მ. მ-მა სარჩელი აღძრა კასპის რაიონულ სასამართლოში გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ინსპექციის ¹50-კ ბრძანების გაუქმებისა და სამსახურში აღდგენის შესახებ, რაც კასპის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 იანვრის განჩინებით განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს. 2003წ. 6 მარტს მ. მ-მა დაზუსტებული სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და შემდეგი მოტივით მოითხოვა სამსახურიდან მისი დათხოვის შესახებ ¹50-კ ბრძანების გაუქმება, კასპის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში საგადასახდო ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის სახით 140 ლარის ანაზღაურება:
მოსარჩელის მითითებით, იგი 1998წ. 5 ნოემბრიდან 2001წ. 13 აგვისტომდე კანონის შესაბამისად იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში პირველ ბავშვზე, ხოლო 1999წ. 19 ოქტომბრიდან 2002წ. 13 აგვისტომდე დეკრეტულ შვებულებაში იყო მეორე ბავშვზე. ატესტაციის გაუვლელობის მოტივით მისი სამსახურიდან დათხოვნა უკანონოა, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ მოხელე უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას 6 თვეზე ნაკლები ვადით ახორციელებდა, ატესტირებას ექვემდებარება მომავალ წელს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ¹50-კ ბრძანებაში მისი სამსახურიდან დათხოვის საფუძვლად მითითებულია ფინანსთა მინისტრის 2002წ. 24 ივნისის ¹546 ბრძანება, ხოლო ფინანსთა მინისტრის 2003წ. 28 იანვრის პასუხით ირკვევა, რომ ასეთი ბრძანება მინისტრს არ გამოუცია. მოსარჩელემ სამსახურიდან მისი დათხოვის შესახებ ბრძანების გაუქმებასთან და სამუშაოზე აღდგენასთან ერთად, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის თანახმად, იძულებითი განაცდურის სახით მოითხოვა მიუღებელი ხელფასის 140 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე – გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის გამო.
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტლებით მ. მ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. მ-ის მიერ, რომელმაც იგივე მოტივით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კერძოდ, მისი გათავისუფლების შესახებ უკანონო ¹50-კ ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის სახით 10 თვის მიუღებელი ხელფასის _ 340 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შემდეგი მოტივით გაუქმდა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 13 დეკემბრის ¹50-კ ბრძანება და მოსარჩელე აღდგენილ იქნა კასპის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ინსპექტორის თანამდებობაზე:
სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ. მ-ი კასპის რაიონულ საგადასახადო ინსპექციაში აღდგენილ იქნა კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 12 დეკემბრის ¹29-კ ბრძანებით, ხოლო მეორე დღეს, 2002წ. 13 დეკემბრის ¹50-კ ბრძანებით მ. მ-ი გათავისუფლდა სამსახურიდან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვით, სასამართლო აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ამასთან პალატამ მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია საგადასახადო ორგანოებში თანამდებობაზე დანიშვნის და არა თანამდებობიდან გათავისუფლების წესი.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, ასევე მ. მ-მა. გორის საოლქო საგადასახადო ინსპექცია შემდეგი მოტივით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაქუმებას და ახალი გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას:
1. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლზე მითითება, კასატორის აზრით, უმართებულოა, რადგან კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ მ. მ-ი აღადგინა დაკავებულ თანამდებობაზე 2002წ. 12 დეკემბრის ¹29-კ ბრძანებით, ხოლო 13 დეკემბრის ¹50-კ ბრძანებით მ. მ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ტესტირების გაუვლელობის გამო. მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 29-ე მუხლისა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000წ. ¹103 ბრძანების თანახმად კი, ტერიტორიების გავლა სავალდებულოა საგადასახადო უწყების ყველა თანამშრომლისათვის;
2. საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. ¹499 და 511 ბრძანებულებებით განხორციელდა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების ლიკვიდაცია. სასამართლომ უგულებელყო აღნიშნული ბრძანებულება და გადაწყვეტილების გამოტანის დროს არც იმსჯელა მასზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ასევე მ. მ-ის მიერ, რომელიც გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 112-ე მუხლის შესაბამისად, იძულებითი განაცდურის სახით 10 თვის მიუღებელი ხელფასის 340 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები საფუძვლიანია, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად: “გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია”. კასატორი მ. მ-ი, გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიმართ აღძრული სარჩელით ითხოვდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინსპექციის 2002წ. 13 დეკემბრის ¹50-კ ბრძანების გაუქმებას, სამსახურში აღდგენას საგადასახადო ინსპექტორის თანამდებობაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მ. მ-ის სარჩელი და სამსახურიდან მისი დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანება გააუქმა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
კასპის რაიონული სასამართლოს 2002წ. 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და 2002წ. 11 ნოემბრის ¹2/206 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ 2002წ. 12 დეკემბრის ¹29-კ ბრძანებით მ. მ-ი აღადგინა კასპის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ... თანამდებობაზე, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამჟამად განსახილველი დავის საგანს წარმოადგენდა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 13 დეკემბრის ¹50-კ ბრძანება მ. მ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ. აღნიშნული ბრძანებით, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად აღდგენილი მ. მ-ი სამსახურიდან გაათავისუფლეს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ფინანსთა მინისტრის 2002წ. ¹546 ბრძანების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია დავის საგანზე, მ. მ-ის სამსახურიდან დათხოვის შესახებ საგადასახადო ინსპექციის ¹50-კ ბრძანების კანონიერებაზე, არამედ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით სამართლებრივი შეფასება მისცა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 12 დეკემბრის ¹29-კ ბრძანებას მ. მ-ის სამსახურში აღდგენის შესახებ, რაც როგორც აღინიშნა, დავის საგანს არ წარმოადგენდა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რადგან მოსარჩელე ითხოვდა მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ინსპექციის 2002წ. 13 დეკემბრის ¹50-კ ბრძანების გაუქმებას, სასამართლოს უნდა გამოერკვია და დაედგინა აღნიშნული ბრძანების “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონთან შესაბამისობა და უნდა ემსჯელა სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგენილი მუშაკის სამსახურში აღდგენიდან მეორე დღესვე, ტესტირების გაუვლელობის მოტივით, სამსახურიდან ხელახლა დათხოვის კანონიერებაზე, რაც სააპელაციო პალატას არ განუხორციელებია. სასამართლოს ასევე არ უმსჯელია მ. მ-ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე, კერძოდ იძულებითი განაცდურის სახით 10 თვის მიუღებელი მინიმალური ხელფასის 340 ლარის ანაზღაურების საკითხზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატას არსებითად არ განუხილავს და არ უმსჯელია დავის საგანზე _ მ. მ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ¹50-კ ბრძანების კანონიერებაზე და განაცდურის ანაზღაურებაზე. ამიტომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ისა და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.