Facebook Twitter

¹920აპ ქ. თბილისი

28 მარტი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. შ-ის, მსჯავრდებულების _ დ. ჩ-ას, მ. კ-ის, ლ. უ-სა და გ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 23 იანვრის განაჩენით: 1. დ. ჩ-უა, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით;

2. მ. კ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით;

3. ლ. უ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით;

4. გ. ო-ნი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით.

მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

დ. ჩ-უა, მ. კ-ძე, ლ. უ-ძე და გ. ო-ნი 2005 წლის აპრილში დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ, რომ ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ა. ვ-ის ოჯახს და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით დაეუფლებოდნენ ამ უკანასკნელის მატერიალურ ქონებას.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ლ. უ-ის ნაცნობის კუთვნილი, წითელი „ვაზ-2106” მარკის ავტომანქანით, ღამის საათებში მივიდნენ ა. ვ-ის საცხოვრებელ სახლთან, ძალის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს სახლის ჭიშკარში, შევიდნენ ეზოში და შეეცადნენ, საცხოვრებელ სახლში შეღწევის მიზნით, სამზარეულო ოთახის კარის გაღებას, დაემუქრნენ დაზარალებულს და მუქარის რეალურად წარმოჩენის მიზნით გაისროლეს თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან. დაზარალებულმა ა. ვ-ემ თავდამსხმელებს გაუწია ქმედითი წინააღმდეგობა და თავისი სანადირო თოფიდან თავდამსხმელთა მიერ განხორციელებული მუქარისა და გასროლის საპასუხოდ საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გაისროლა ჰაერში. ამ მოქმედების შემდეგ ბოროტმოქმედები ჩასხდნენ ავტომანქანაში და მიიმალნენ.

აღნიშნული დანაშაულისათვის დ. ჩ-ას მიესაჯა 7 წლით, მ. კ-ეს _ 6 წლითა და 6 თვით, ლ. უ-ეს _ 7 წლით, ხოლო გ. ო-ნს _ სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მათ სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2005 წლის 13 აპრილიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების _ დ. ჩ-ას, მ. კ-ის, ლ. უ-სა და გ. ო-ის ადვოკატმა ვ. ა-ემ და მსჯავრდებულმა მ. კ-ემ. აპელანტებმა ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმსა და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. შ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულთა დაკავება მოხდა 2005 წლის 13 აპრილს, 03.30 საათზე, ავტომანქანის ჩხრეკა კი _ 08.00 საათზე; 4 საათისა და 30 წუთის განმავლობაში მანქანა დაულუქავი იდგა ქუჩაში და მასში იარაღის ჩადება შეეძლო როგორც პოლიციის მუშაკს, ისე _ ნებისმიერ გამვლელს; ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულთა სასარგებლოდ; დაზარალებულმა ა. ვ-ემ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებისაგან განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლო გამოძიებას და განაცხადა, რომ თავდამსხმელების მხრიდან ფულისა და ფასიანი ნივთების მათთვის გადაცემის არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა, ე.ი. ყაჩაღობასაც არ ჰქონია ადგილი; სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია დაზარალებულის ამ ჩვენებაზე მაშინ, როცა უპირატესობა უნდა მიენიჭებინა სასამართლო გამოძიებაზე მიცემული ჩვენებისათვის; დაზარალებულებმა რეპლიკის დროსაც განაცხადეს, რომ ბრალდებულთა მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და მათი მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ადვოკატი გ. შ-ძე ითხოვს როგორც რაიონული, ისე სააპელაციო სასამართლოების განაჩენთა გაუქმებას, გ. ო-სა და სხვათა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და მათ განთავისუფლებას უკანონო პატიმრობიდან.

კასატორი _ მსჯავრდებულების: დ. ჩ-ას, მ. კ-ის, ლ. უ-სა და გ. ო-ის ადვოკატი ვ. ა-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოების განაჩენთა დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან; სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებანი და გამოიყენა დაუშვებელი მტკიცებულებები; წინააღმდეგობრივ მტკიცებულებათა არსებობისას სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება; სიყალბეებია ჩადენილი წინასწარი გამოძიების ეტაპზე, კერძოდ: ერთსა და იმავე დროს, ერთმა და იმავე პირმა ჩაატარა ოთხივე ეჭვმიტანილის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა; ჩხრეკის ოქმებში გასწორებულია მათი შედგენის დრო; ჩხრეკის დამსწრე მოწმე ზ. გ-ის განცხადებით, პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა მისი თანდასწრებით, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა დღისა და ღამის გასაყარზე, რაც აშკარად არ ემთხვევა ჩხრეკის ოქმში მითითებულ დროს; ამავე მოწმის განცხადებით, მანქანის ჩხრეკისას თითის კვლები ამოღებული არ ყოფილა მისი თანდასწრებით; დაკავებული ავტომანქანა 4 საათის განმავლობაში, დაულუქავი იდგა სოფელ ---ის ეკლესიასთან და მასში ყველას შეეძლო ნებისმიერი ნივთის ჩადება; სს საქმე 2005 წლის 13 აპრილს, 13 საათზე გაეგზავნა შს ---ს სამმართველოს, რომლის გამომძიებელმაც 13.20 საათზე დაიწყო დაზარალებულის დაკითხვა, მას შემდეგ, რაც საქმე მიიღო წარმოებაში, შექმნა საგამოძიებო ჯგუფი და დაადგინა ლ. უ-ის პიროვნება;Kამ ჯგუფში შეყვანილი არ არის ინსპექტორი კ. კ-ლი, თუმცა იგი აგრძელებს მუშაობას და ადგენს სხვადასხვა პროცესუალურ დოკუმენტს; საქმეში არ არსებობს მოკვლევის ორგანოზე გამომძიებლის ან პროკურორის დავალება საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ, ამიტომ ადგილი აქვს არაკომპეტენტური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების გადამეტებით მტკიცებულებათა შეკრებას, ამიტომ ეს მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

ადვოკატი ვ. ა-ძე ასევე აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა ა. ვ-ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ თავდამსხმელები პირადად მას და მის ოჯახს არ დამუქრებიან და ფული და ძვირფასეულობა არ მოუთხოვიათ, მხოლოდ ეძახდნენ, გარეთ გამოსულიყო, რითიც გამოირიცხა მათი ქმედების ყაჩაღობით კვალიფიკაცია; სააპელაციო სასამართლომ დაზარალებულ ნ. დ-ას შუამდგომლობას მის დაკითხვაზე უსაფუძვლოდ უთხრა უარი იმ მოტივით, რომ მისი ჩვენება გამოქვეყნდა რაიონულ სასამართლოში, რითიც სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 533-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები; სასამართლომ უსაფუძვლოდ გამოიყენა დაზარალებულ ნ. დ-ას წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, არ დაკითხა იგი სასამართლო გამოძიების დროს, ამით კი დაარღვია სსსკ-ის 481-ე მუხლის მოთხოვნა; უკანონოა განაჩენი გ. ო-ის სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით მსჯავრდების ნაწილშიც მტკიცებულებათა არარსებობის გამო.

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ადვოკატი ვ. ა-ძე ითხოვს წყალტუბოს რაიონული და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების განაჩენების გაუქმებასა და დ. ჩ-ას, ლ. უ-ის, მ. კ-სა და გ. ო-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

წინასწარი გამოძიებისას დაზარალებულმა ნ. დ-ამ განმარტა, რომ 2005 წლის 12 აპრილს, დაახლოებით 3 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ---ში მდებარე თავისი სახლის ეზოში შეაღწია ოთხმა პირმა. მეუღლემ _ ა. ვ-ემ შესძახა _ ვინ ხართ და რა გინდათო, რასაც მოჰყვა გინება და მუქარა: ,,ამოგხოცავთ, გადაგწვავთ, ფული და ოქრო გამოიტანეთ ეხლავეო". თავისმა მეუღლემ გააღო ფანჯარა და თოფიდან გაისროლა. იარაღიდან ისროლეს თავდამსხმელებმაც და სირბილით გავიდნენ ეზოდან. მათ თოფით ხელში მიჰყვა ა. ვა-ძე, რომელმაც უთხრა: ,,დაურეკე გეგუთში პოლიციას, ავტომანქანის ნომერი --ია". მეუღლემ ავტომანქანის მოდელი და ფერიც უკარნახა. ნ. დ-ვა მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ---ის პოლიციის თანამშრომელ ი. დ-ლს და აცნობა, რომ ყაჩაღურად თავს დაესხნენ და ბოროტმოქმედები ავტომანქანით გაემართნენ ქ. ქუთაისის მიმართულებით. დაახლოებით 1 საათში პოლიციელებმა აცნობეს, რომ დააკავეს აღნიშნული ავტომანქანა და მათში მყოფი ოთხი პირი. დილით მეუღლესთან ერთად მივიდა ---ის პოლიციის განყოფილებაში, სადაც შენობასთან იდგა წითელი ,,ვაზ-2106" მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით --. პოლიციაში იხილა ოთხი პირი, რომელთაგან ერთ-ერთს ისეთივე ქუდი ეხურა, როგორიც თავდასხმისას. ამავე ჩვენებაში ნ. დ-ამ განმეორებით მიუთითა, რომ ბოროტმოქმედები ითხოვდნენ ფულსა და ოქროს. მანვე განაცხადა, რომ სახლის ეზოში იპოვეს მასრა და იმიტომ გადარჩნენ, რომ მეუღლემ თოფიდან გაისროლა (ტ. 1, ს.ფ. 98-100).

აღნიშნული ჩვენება გამოქვეყნდა სასამართლოს სხდომაზე ნ. დ-ას საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის გამო, რაც დასტურდება მისი განცხადებითაც (ტ. 1, ს.ფ. 451; ტ. 2, ს.ფ. 77).

მოწმე ი. დ-მა სასამართლოში განმარტა, რომ 2005 წლის 13 აპრილს, დაახლოებით 4 საათზე იმყოფებოდა სამსახურში, წყალტუბოს შს სამმართველოს ---ის განყოფილებაში, რა დროსაც ტელეფონით დაუკავშირდა ნ. დ-ვა და უთხრა, რომ მის ოჯახზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა და მიაწოდა მონაცემები ბოროტმოქმედთა ავტომანქანის მოდელის, ფერისა და სახელმწიფო ნომრის შესახებ. აღნიშნული ავტომანქანა შეაჩერეს სოფელ ---ის ტერიტორიაზე, რა დროსაც ჩხრეკის შედეგად უკანა სავარძლიდან ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ მივიდნენ დაზარალებულთა სახლში, სადაც უთხრეს, რომ ოთხი თავდამსხმელი მუქარით ითხოვდა ოქროსა და ფულს (ტ. 1, ს.ფ. 453-454).

ანალოგიური ჩვენებები მისცა სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ. ა-ამ (ტ. 1, ს.ფ. 447-448).

მოწმე გ. ხ-ემ დაკითხვისას განმარტა, რომ ---ის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს ოთხი პირი, რომლებმაც, როგორც შეიტყო, სოფელ ---ში განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა. მოგვიანებით იქ მივიდნენ დაზარალებულები _ ქალი და მამაკაცი, რომლებმაც დაკავებულებზე მიუთითეს: ,,ესენი არიან ჩვენი დამყაჩაღებლებიო" (ტ. 1, ს.ფ. 445).

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა. ვ-ემ განმარტა, რომ თავდამსხმელთაგან ორი ცდილობდა სამზარეულო ოთახის კარის შემტვრევას, ხოლო ორი ეზოში იმყოფებოდა. ა. ვ-ემ იყვირა _ ვინ ხართო, რასაც გასროლა მოჰყვა და თვითონაც გაისროლა თოფიდან. ამის შემდეგ ოთხივე ბოროტმოქმედი ავტომანქანით მიიმალა. ა. ვ-ის განცხადებით, მან კარგად გაარჩია ავტომანქანის ფერი და სახელმწიფო ნომერი, ასევე _ თავდასხმელთა გარეგნობა და ისინი სწორედ მსჯავრდებულები არიან. ამავე დაკითხვისას დაზარალებულმა მიუთითა, რომ თავდამსხმელებთან მანამდე არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. მანვე განაცხადა, რომ ბოროტმოქმედები არ დამუქრებიან და არც რაიმე მოუთხოვიათ, თუმცა ,,იგინებოდნენ და რაღაცას ყვიროდნენ". ამავდროულად მან დაადასტურა წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებების რეალობა (ტ. 1, ს.ფ. 414-417).

საგულისხმოა, რომ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. დ-ამ განაცხადა, რომ ,,თავდამსხმელთა მხრიდან იყო სიტყვიერი ზეწოლა, ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, შემდეგ ისინი გაიქცნენ". ა. ვ-ემ განაცხადა, რომ ეთანხმება თავის ჩვენებებს (ტ. 2, ს.ფ. 80).

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ზ. გ-ემ განმარტა, რომ 2005 წლის აპრილში იმყოფებოდა ახლობლის დაბადების დღეზე, სოფელ ---ში, საიდანაც გვიან დაბრუნდა. მსვლელობისას შენიშნა, რომ პოლიციელებს დაკავებული ჰყავდათ ავტომანქანა და მასში მყოფი ოთხი პირი, რომლებიც, როგორც შეიტყო, ეჭვმიტანილები იყვნენ ყაჩაღობაში. პოლიციელებმა სთხოვეს, დასწრებოდა ჩხრეკას და იქვე გააჩერეს მეორე დამსწრეც _ თ. კ-ძე. ზ. გ-ემ მიუთითა, რომ ავტომანქანა მისი და მეორე დამსწრის მონაწილეობით გაჩხრიკეს, რა დროსაც უკანა სავარძლიდან ამოიღეს პატარა იარაღი, რომელიც დაილუქა (ტ. 1, ს.ფ. 441).

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოში მოწმე თ. კ-აც (ტ. 1, ს.ფ. 443).

პალატა მიიჩნევს, საქმეზე გამოძიება ჩატარებულია სრულყოფილად და ობიექტურად, გ. ო-ის მიმართ ბრალდების ერთი ეპიზოდის გარდა გასაჩივრებული განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სწორადაა შეფასებული და უტყუარად დგინდება, რომ დ. ჩ-ამ, მ. კ-ემ, ლ. უ-ემ და გ. ო-მა ჯგუფურად ჩაიდინეს ყაჩაღობა, საცავში უკანონო შეღწევით. გარდა ამისა, დ. ჩ-ამ ყაჩაღობა ჩაიდინა არაერთგზის, ხოლო გ. ო-მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა, ხოლო მსჯავრდებულებს დანიშნული აქვთ მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების სიმძიმის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელები.

ამასთან, გ. ო-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში, ვინაიდან საქმის მასალებით არ არის დადასტურებული, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა თავისივე დამზადებული საბრძოლო მასალა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი და იგი დგინდება მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, რაც, ბრალდების ამ ეპიზოდში, არ არის მოპოვებული.

მსჯავრდებულთა ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებიდან (ყაჩაღობა ჯგუფურად და საცავში უკანონო შეღწევით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტები სასჯელად ითვალისწინებდნენ 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

ამდენად, გარდა მსჯავრდებულთა ქმედების კვალიფიკაციის და გ. ო-ის ბრალდების ეპიზოდში სისხლის-სამართლებრივი დევნის შეწყვეტისა, გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ გ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. შ-ის, მსჯავრდებულების _ დ. ჩ-ას, მ. კ-ის, ლ. უ-სა და გ. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ა-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 28 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ: დ. ჩ-ას, მ. კ-ის, ლ. უ-სა და გ. ო-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებზე.

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში გ. ო-ის მიმართ შეწყდეს სისხლის-სამართლებრივი დევნა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების მიმართ სასჯელების დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.