Facebook Twitter

¹926აპ ქ. თბილისი

28 მარტი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. ძ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განაჩენზე, რომლითაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებათა ჩადენაში.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის განაჩენით შ. ძ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტითა (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და 273-ე მუხლით იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, ასევე _ პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

შ. ძ-ემ 2005 წლის 10 სექტემბერს, დაუდგენელ პირთან წინასწარი შეთანხმებით და მასთან ერთად, განიზრახა ყაჩაღურად რ. კ-ის ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი თანმხლებ პირთან ერთად, დაახლოებით 20 საათზე, ქ. ბათუმში, ---ის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდა რ. კ-ეს და ყაჩაღურად თავს დაესხა. მას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით მაჯიდან შეაწყვიტა ოქროს სამაჯური და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითიც დაზარალებულს მიაყენა 180 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შ. ძ-ეს ასევე მსჯავრი დაედო იმაში, რომ, 2004 წლის 24 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის მიცემული იყო რა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში და დაედო ადმინისტრაციული სახდელი, 2005 წლის 13 სექტემბერს განმეორებით, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.

აღნიშნული დანაშაულისათვის შ. ძ-ეს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის საფუძველზე, შ. ძ-ეს დანიშნული სასჯელის აღსრულება გადაევადა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. მასვე განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება _ შეეცვალა პირადი თავდებობით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ. მ-ემ. მან ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის განაჩენის გაუქმება სასჯელის აღსრულების გადავადების ნაწილში და შ. ძ-სათვის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის შეფარდება სასჯელის აღსრულების გადავადების გარეშე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის აღსრულების გადავადების შესახებ და დადგინდა, რომ შ. ძ-ემ განაჩენით დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში; მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2005 წლის 13 სექტემბრიდან 2006 წლის 20 იანვრამდე დაკავებისა და პატიმრობაში გატარებული დრო და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 7 თვისა და 22 დღის ვადით; სასჯელის მოხდის დარჩენილი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს შ. ძ-ის დაკავების მომენტიდან; განაჩენის აღსრულება დაევალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს სამმართველოს; გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება _ პირადი თავდებობა; განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმზე; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული შ. ძ-ძე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა სასჯელის აღსრულების გადავადების შესახებ შეტანილი ცვლილების ნაწილში და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: წინასწარი გამოძიების დროს მან წარმოადგინა სამედიცინო ცნობები თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც განსაზღვრა დაავადების კატეგორია და ხარისხი: ფილტვისა და ლიმფური ჯირკვლების ტუბერკულოზი ინფილტრაციის ფაზაში, რაც მიეკუთვნება მძიმე დაავადებათა კატეგორიას და მისი მკურნალობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიზანშეუწონელია; პირველი ინსტანციის სასამართლოში დაინიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა დაავადების იგივე ხარისხი და სიმძიმე; შ. ძ-ძე პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ იმყოფებოდა აღრიცხვაზე ბათუმში, --- კლინიკაში, სისტემატურად აქვს მაღალი სიცხეები და არის ძალიან ცუდად; ბოლო პერიოდში იწვა ამავე კლინიკაში და გადიოდა მკურნალობის კურსს, რის შესახებაც წარადგინა ცნობა სააპელაციო სასამართლოში, სადაც სპეციალისტის სახით დაიკითხა ექსპერტი ზ. ა-ძე, რომელმაც დაადასტურა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება, მოჰყვეს მძიმე შედეგი; სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ გაიზიარა აღნიშნული მტკიცებულებანი და დაეყრდნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ცნობას ბათუმის მე-- საპყრობილიდან, რომ, თითქოს ნებისმიერი სახის ---ის მკურნალობა შესაძლებელია ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში; აღნიშნული ცნობა სასამართლოს დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა ეცნო ან უნდა შეეფასებინა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად; სასამართლოს ასევე უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მსჯავრდებული პირველადაა სამართალში, დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი სრულადაა ანაზღაურებული და პასუხისმგებლობის რაიმე დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული შ. ძ-ძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და დანიშნული სასჯელის აღსრულების გადავადებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ შ. ძ-ის მიერ საქართეელოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის თავად მსჯავრდებულისა და დაზარალებულ რ. კ-ის ჩვენებებით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 607-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, შესაბამისი ექსპერტზის დასკვნის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის მიმართ გადაავადოს განაჩენის აღსრულება.

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით არ იკვეთება იმგვარი გარემოება, რაც საფუძვლად დაედება შ. ძ-ის მიმართ, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და პიროვნების გათვალისწინებით, განაჩენის აღსრულების გადავადებას. ამასთან, მხედველობაშია მისაღები სისხლის სამართლის კანონით დადგენილი სასჯელის მიზნებიც. შ. ძ-ის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულ მოსაზრებებსა და დასკვნას. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ დარღვეულა, ხოლო მსჯავრდებულს დანიშნული აქვს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.

შ. ძ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, ამიტომ გარდა მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციისა, სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ შ. ძ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 ივლისის განაჩენი შეიცვალოს: შ. ძ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.