Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-300-441-კ-03 26 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 7 აგვისტოს თ. გ-ემ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ სარჩელი აღძრა და მისი გათავისუფლების შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 11 ივლისის ბრძანების ბათილად ცნობა და ყოფილ ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში თბილისის რეგიონალური საბაჟოს ექსპორტ-იმპორტის და საბაჟო მომსახურების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში სისტემატურად ასრულებდა საბიუჯეტო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს. ადმინისტრაციული სასჯელი არ მიუღია. გავლილი აქვს ინსპექციაში ჩატარებული რეფორმა. ატესტაციის პერიოდში მიღებული აქვს უმაღლესი შეფასება. 2002წ. 11 ივლისს ის და მისი მოადგილეები საბაჟო დეპარტამენტში თავმჯდომარის მოადგილესთან გამოიძახეს, რომელმაც მათ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა შესთავაზა. თავიდან მათ უარი განაცხადეს. შემდეგ იგი იძულებული გახდა განცხადება დაეწერა, თუმცა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 20 ივლისის რიცხვით დაწერა, რადგან გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაში უკან გამოთხოვის შესაძლებლობა ჰქონოდა. განცხადების დაწერიდან ერთი საათის შემდეგ სამსახურში ფაქსით მიღებულ იქნა ბრძანება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 95-ე მუხლის თანახმად მისი და მისი მოადგილეების სამუშოდან გათავისუფლების შესახებ, რითაც დარღვეულ იქნა მისი როგორც მოქალაქის და საჯარო მოსამსახურის შრომის უფლება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 11 ივლისის ბრძანება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე არაკანონიერად იქნა აღიარებული და ამ ბრძანების საფუძველზე საჯარო სამსახურიდან დათხოვნილი თ. გ-ე დაუყონებლივ იქნა აღდგენილი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში თბილისის რეგიონალური საბაჟოს ექსპერტ-იმპორტისა და საბაჟო მომსახურების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ან ტოლფას თანამდებობაზე. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო საჩივრით თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. არაკანონიერად იქნა აღიარებული ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2002წ. 11 ივლისის ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც თ. გ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა და იგი ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში ტოლფას თანამდებობაზე აღდგა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თ. გ-ე დაკავებული თანამდებობიდან 2002წ. 11 ივლისის ბრძანებით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა. საფუძვლად მითითებული იქნა პირადი განცხადება. თ. გ-ე საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიმართ 2002წ. 10 ივლისს წარდგენილი განცხადებით, რომელიც საფუძვლად მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას დაედო, სამსახურიდან გათავისუფლებას არა 2002წ. 11 ივლისიდან, არამედ 2002წ. 20 ივლისიდან ითხოვდა. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ აღნიშნული ბრძანება არ შეესაბამებოდა მისი განცხადების მოთხოვნას და, რამდენადაც სადავო ბრძანებას სწორედ მისი განცხადება ედო საფუძვლად, ის არაკანონიერად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტლება შემდეგ გარემობათა გამო:

საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი შემდეგი სახის ფაქტობრივი გარემოებები:

თ. გ-ე დაკავებული თანამდებობიდან ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 11 ივლისის ბრძანებით გათავისუფლდა. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის მოთხოვნა, პირადი განცხადება დაედო.

საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ ზემოთ მითითებული განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიმართ თ. გ-ემ 2002წ. 10 ივლისს წარადგინა. მასში მითითებული იყო, რომ იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას არა 2002წ. 11 ივლისიდან, არამედ 2002წ. 20 ივლისიდან ითხოვდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ რაიონული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და მოპასუხე მხარეს ისე დააკისრა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რომ ამ უკანასკნელს ეს არ მოუთხოვია. აქვე ნიშანდობლივია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას თ. გ-ემ სარჩელი დააზუსტა და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 11 ივლისის ბრძანების არაკანონიერად ცნობა და ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა.

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ სადავო ბრძანება, რომელსაც თ. გ-ის განცხადება უდევს საფუძვლად, ამ განცხადებაში აღნიშნულ მოთხოვნას არ შეესაბამება, რის გამოც მისი არაკანონიერად ცნობის სრული საფუძველი არსებობდა. საკასაციო სასამართლო აქვე განარტავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად, პირი თავისი ინიციატივით თავისუფლდება სამსახურიდან, თუ მისი სამსახურში მიღების უფლების მქონე მოხელე ან დაწესებულება დააკაყოფილებს მის წერილობით განცხადებას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” 95-ე მუხლის თანახმად დაწესებულება შეზღუდული არ არის იმ ვადით, რა ვადიდანაც განმცხადებელი ითხოვს თანამდებობიდან გათავისუფლებას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მართალია ზემოთ მითითებულ მუხლში განცხადების დაკაყოფილების ვადა არ არის განსაზღვრული, მაგრამ ვინაიდან მოცემულ შეთხვევაში თ. გ-ის სამსახურიდან გათავისუფლებას მისივე განცხადება დაედო საფუძვლად და აღნიშნული განცხადებით იგი სამსახურიდან გათავისუფლებას 20 ივლისიდან ითხოვდა, ბუნებრივია მისი გათავისუფლება ადმინისტრაციას 11 ივლისიდან არ შეეძლო.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 28 მაისის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.