გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-30-232-კს-03 28 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: წინანდელი სამუშაოს ან სხვა ტოლფასი სამუშაოს მიღების უფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 31 ოქტომბერს ტყიბულის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ვ. ჯ-მა და მოითხოვა სამსახურში აღდგენა შემდეგი საფუძვლით: 1997 წელს, აპრილის თვეში იგი დაინიშნა ტყიბულის რაიონის ...ად, ხოლო ოქტომბერში – პირველ ...ად, 1998წ. ნოემბერში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის არჩევნებში, არჩეულ იქნა საკრებულოს წევრად, ხოლო შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარედ, რის გამოც გადადგა პირველი ...ის თანამდებობიდან. 2002წ. 24 ივნისს, დაუმთავრდა რა კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ვადა, მიმართა რაიონის ახლად დანიშნულ გამგებელს ბატონ თ.კ-ს და მოითხოვა იმ თანამდებობაზე აღდგენა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევამდე ეკავა, მაგრამ მიიღო ოფიციალური უარი. “ადგილობრივი წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს წევრების სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მას უნდა მიეცეს წინანდელი თანამდებობა ან სხვა სამუშაო, თუ ასეთი აღარ არსებობს იმავე დაწესებულებაში. იგი ამ უფლებას გამგებლის დანიშვნამდე ვერ გამოიყენებდა, რადგან რაიონის გამგეობის დებულების მე-14 მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, მოადგილეებს მხოლოდ გამგებელი ნიშნავს.
ტყიბულის რაიონულმა სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ვ.ჯ-ის სარჩელი და ტყიბულის რაიონის გამგეობას დაავალა აღედგინა იგი ტყიბულის რაიონის გამგეობის აპარატშის წინანდელ ან სხვა თანამდებობაზე ან მისი თანხმობით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ვ. ჯ-ს არ გაუშვია სამუშაოზე აღდგენის ერთთვიანი ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა, რადგან 2002წ. 2 ივნისის შემდეგ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ტყიბულის რაიონის საკრებულოს არჩევნების შედეგების შესახებ, 27 ივნისს წერილობითი განცხადებით მიმართა ტყიბულის გამგეობას. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების სტატუსის შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საკრებულოს წევრის საკრებულოში იმ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, რომელზედაც უფლებამოსილება ხორციელდება საწარმო ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოწყვეტით, უფლება-მოსილების დამთავრების შემდეგ ეძლევა წინანდელი სამუშაო, ხოლო თუ არ არსებობს, სხვა ტოლფასი სამუშაო იმავე ან მისი თანხმობით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა ტყიბულის რაიონის გამგებელმა თ.კ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით: საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 21 დეკემბრის ¹702 ბრძანებულებით გაუქმდა ქ.ტყიბულის მერია და შესაბამისად ტყიბულის რაიონის გამგეობა არ არის მოპასუხე, ამავე დროს ვ.ჯ-ს უფლებამოსილება შეუწყდა 2002წ. 20 ივნისს, გამგეობას მიმართა 2002წ. 2 ოქტომბერს, რითაც გაუშვა სამსახურში აღდგენის თაობაზე მიმართვის ერთთვიანი ვადა. ვ.ჯ-ს მათ შესთავაზეს სამუშაო ადგილი, მაგრამ მან უარი განაცხადა. აპელანტი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული გარემოებები რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 20 თებერვლის განჩინებით არ დააკმაყოფილა ტყიბულის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ტყიბულის რაიონის გამგეობა არის ქ.ტყიბულის მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამონაცვლე და მოცემულ საქმეში იგი სათანადო მოპასუხეა. “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლზე დაყრდნობით, რომლის თანახმად საკრებულოს წევრ საკრებულოში ან იმ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, რომელზედაც უფლებამოსილება ხორციელდება საწარმოო ან სამსახურეობრივი საქმიანობისაგან მოწყვეტით, უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ ეძლევა წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ასეთი აღარ არსებობს – სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა) მისი თანხმობით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში. საპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ჯ-ს უნდა მიეცეს ტყიბულის რაიონის გამგეობაში თანამდებობა ან თუ იგი აღარ არსებობს – მისი ტოლფასი თანამდებობა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ტყიბულის რაიონის გამგებელმა სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულება და მიიჩნევს, რომ ტყიბულის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ტყიბულის რაიონის გამგეობის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იგი სათანადო მოპასუხე არ არის, რადგან ქ.ტყიბულის მერია გაუქმებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის 1998წ. 21 დეკემბრის ¹702 ბრძანებულებით. ამავე ბრძანებულებით დამტკიცებული “რაიონის გამგეობის დებულების” 55-ე მუხლის თანახმად “მმართველობის ადგილობრივი ორგანოების (რაიონების, ქალაქების) გამგეობათა თავმჯდომარეების დანიშვნა დროებითი წესის შესახებ” 1992წ. 24 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული რაიონის გამგეობების თავმჯდომარეებს, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, გორისა და გორის რაიონის და ზუგდიდის და ზუგდიდის რაიონის მერებს “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ეწოდათ რაიონის გამგებლები და ახორციელებენ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონითა და ამ დებულებით დადგენილ რაიონის გამგებლის უფლებამოსილებას. შესაბამისად ტყიბულის რაიონის გამგეობა არის ქ.ტყიბულის მმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამონაცვლე და მოცემულ საქმეში სათანადო მოპასუხე.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, საკრებულოს წევრის საკრებულოში იმ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, რომელზეც უფლებამოსილება ხორციელდება საწარმოო ან სამსახურეობრივი საქმიანობისაგან მოწყვეტით უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ ეძლევა წინანდელი სამუშაო (თანამდებობა), ხოლო თუ ასეთი აღარ არსებობს – სხვა ტოლფასი სამუშაო (თანამდებობა) იმავე ან მისი თანხმობით სხვა საწარმოში, დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში. ამდენად, კანონმდებლობა არ იძლევა ცალსახა განმარტებას, თუ რა ვადაში უნდა მიმართოს პირმა თავად ორგანიზაციას სამუშაოზე (თანამდებობაზე) დაბრუნების მოთხოვნით ან სასამართლოს სარჩელით. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თავად რაიონის გამგებელმა დაადასტურა მოსარჩელის მასთან ყოფნისა და სამსახურში დაბრუნების მოთხოვნის ფაქტი. ლოგიკურია, რომ აღნიშნული მოხდებოდა ამ უკანასკნელის გამგებლად დანიშვნის, ანუ 2002წ. 27 ივნისის შემდეგ.
ის გარემოება, რომ რაიონში დანიშნულია ახალი გამგებელი და გამგეობა მთლიანად დაკომპლექტებულია, არ წარმოადგენს ვ. ჯ-ის მოთხოვნის უარყოფის საფუძველს, რადგან კანონი ითვალისწინებს ადრინდელი სამსახურის ტოლფასის სამუშაოს მიცემის შესაძლებლობას.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 20 თებერვლის განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტყიბულის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 თებერვლის განჩინება;
3. ტყიბულის რაიონის გამგეობას გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.