გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-302-443-კ-03 1 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქ. თბილისის ....-ე სკოლა საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის ლ. მ-ას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ საქმეზე _ მ. დ-ას სარჩელის გამო მოპასუხე Yქ. თბილისის ....-ე სკოლა საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორ ლ. მალანიას მიმართ ქ. Yთბილისის ....-ე სკოლა საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორ ლ. მ-ას 2002წ. 9 სექტემბრის ¹44 და 24 სექტემბრის ¹47 ბრძანების პირველი და მეორე პარაგრაფის ბათილად ცნობის თაობაზე
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 8 ოქტომბერს მ. დ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ქ. Yთბილისის ...-ე სკოლა საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორ ლ. მ-ას 2002წ. 30 აგვისტოს ¹39 ბრძანების §1-ის, 2002წ. 9 სექტემბრის ბრძანება ¹44-ის და ამავე წლის 24 სექტემბრის ¹47 ბრძანების პირველი და მეორე პარაგრაფების ბათილად ცნობა.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მ. დ-ა მუშაობდა 205-ე სკოლა ბაგა-ბაღში უფროსი ბუღალტრის თანამდებობაზე. დაწესებულების ხელმძღვანელმა ლ. მ-ამ იგი ორჯერ უკანონოდ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან და სამუშაოზე ორჯერვე აღდგა სასამართლოს გადაწყვეტილებით. თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით ლ. მ-ა კვლავ განაგრძობდა მ. დ-ას დევნას.
მოსარჩელის განმარტებით, 2002წ. 9 სექტემბრის ¹44 ბრძანებით მას გაფრთხილება მისცა ლ. მ-ამ ინვენტარიზაციის პროცესის თითქოსდა ჩაშლის გამო, რაც არ შეეფერებოდა სინამდვილეს. გარდა ამისა, უკანონო იყო და უნდა გაუქმებულიყო ლ. მ-ას 2002წ. 24 სექტემბრის ¹47 ბრძანებაც, რადგან მის პირველ პარაგრაფს საფუძვლად ედო “საბიუჯეტო ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ” ინსტრუქციის §23 და §24, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებდა უფროსი ბუღალტრისათვის რაიმეს აკრძალვას, ხოლო ამავე ბრძანების მეორე პარაგრაფი საერთოდ უსაფუძვლო იყო.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით მ. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ¹205-ე სკოლა ბაგა-ბაღის დირექტორ ლ. მ-ას მიერ გამოცემული 2002წ. 9 სექტემბრის ¹44 ბრძანება და 2002წ. 24 სექტემბრის ¹47 ბრძანების პირველი და მეორე პარაგრაფი, ხოლო 2002წ. 30 აგვისტოს ¹39 ბრძანების პირველი პარაგრაფის ბათილად ცნობაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. Yთბილისის 205-ე სკოლა საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორმა ლ. მ-ამ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის განჩინებით ¹.... სკოლა ბაგა-ბაღის დირექტორ ლ. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ¹.... სკოლა ბაგა-ბაღის დირექტორმა ლ. მ-ამ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების მთლიანად გაუქმება და სსკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანის გზით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა.
2003წ. 13 აგვისტოს ლ. მ-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ვითარების შეცვლის გამო უარი თქვა თავის საკასაციო საჩივარზე და ითხოვა საკასაციო საჩივრის უკან დაბრუნება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ განცხადებებს და მიიჩნევს, რომ ლ. მ-ას განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.
სსკ-ს 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ანალოგიით უნდა იქნეს გამოყენებული სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომლის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით უნდა შეწყდეს აღნიშნული საკასაციო საჩივრის წარმოება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ დავაზე საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, სსკ-ს 378-ე, 399-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის ¹205-ე სკოლა საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორ ლ. მალანიას განცხადება;
2. მოცემულ საქმეზე შეწყდეს საკასაციო წარმოება;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 ივნისის განჩინება;
4. ლ. მ-ას განემარტოს, რომ მას აღარ აქვს სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით კვლავ გასაჩივრების უფლება;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.