931აპ. 13 მარტი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის
პროკურორ _ ნ. ნ-ის
ადვოკატების _ ზ. დ-ას, ფ. ც-ის
დაზარალებულ _ მ. კ-ის
მონაწილეობით განიხილა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა. კ-ის, დაზარალებულ მ. კ-სა და მსჯავრდებულ დ. დ-ას დამცველის, ადვოკატ ზ. დ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნით დ. დ-ას, ბრალი ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობაში, აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში, შენახვასა და ტარებაში, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დამზადებასა და შენახვაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 108-ე მუხლით, ასევე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 18 ნოემბერს, 16 საათზე, იმყოფებოდა რა თავის საცხოვრებელი სახლის წინ, ჭიშკართან, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, დ. დ-ამ განიზრახა თავის მეზობლად მცხოვრები მ. კ-ის მოკვლა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით თანნაქონი იარაღიდან ორჯერ ესროლა ამ უკანასკნელს, რის შედეგადაც მუცლის წინა ზედაპირზე, ზემოთ, მარჯვენა და მარცხენა მხარის, ლავიწშუა ხაზზე, სიმეტრიულად მიაყენა ორი ჭრილობა, კერძოდ, ერთი მუცლის ღრუში არშემავალი _ მსუბუქი ხარისხის, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის მოშლა ხანმოკლე ვადით, და მეორე _ მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა შინაგანი ორგანოების დაზიანებით, რომელიც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას. დ. დ-ამ თავისი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა მეზობლებმა მ. კ-ძე გადაიყვანეს ქ. ---ის საავადმყოფოში, სადაც გაწეული დროული და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად იგი გადაურჩა სიკვდილს. ამასთან, აღნიშნული ქმედების ჩადენამდე დ. დ-ამ გამოძიებით დაუდგენელ დროს, ადგილსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი 9 მმ კალიბრიანი ვაზნებით, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში და დროგამოშვებით ატარებდა მას. მანვე 9 მმ კალიბრიანი ხმოვანი (ფუჭი) გასროლის ვაზნების მასრებიდან ორი სახეობის დენთის გამოყენებით, ტყვიის ლითონისა და პარაფინის მაგვარი ნივთიერების საშუალებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაამზადა საბრძოლო მასალა, რასაც ინახავდა.
დ. დ-ას ბრალდების საქმე განიხილა აბაშის რაიონულმა სასამართლომ, რომელმაც 2006 წლის 1 ივნისის განაჩენით იგი გაამართლა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მისი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 108-ე მუხლით, შეცვალა და აღნიშნული ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი დასაბუთებით: ჩხრეკის შედეგად დ. დ-ას საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ავტომატურ-პნევმატური პისტოლეტი ტექნიკურად გაუმართავია და არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიას. მომხდარი შემთხვევის დროს დ. დ-ას მიერ გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი დაიკარგა გაურკვეველ ვითარებაში და არ არის ამოღებული, ხოლო თვით დ. დ-ას, დაზარალებულ მ. კ-სა და მოწმე ი. ა-ის ჩვენებების მიხედვით, იგი წარმოადგენდა “---ის” ფირმის საფანტის იარაღს, რომელიც მსჯავრდებულს აჩუქა აწ გარდაცვლილმა კ. ა-მა. გამოძიების მიერ აღნიშნული იარაღი, რომელიც არ მიეკუთვნებოდა კანონით აკრძალულ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, არ არის ამოღებული და გამოკვლეული, ხოლო დ. დ-ას მიერ ამ იარაღის შეძენის სხვა გარემოებები, გარდა მითითებულისა, ვერ დგინდება. რაც შეეხება დათვალიერების დროს შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ 9 მმ კალიბრიან ერთ ცალ ვაზნას, იგი დამზადებულია კუსტარულად და მიეკუთვნება ატიპიური საბრძოლო მასალის კატეგორიას. გამოძიებით დაუდგენელია, ვინ დაამზადა იგი, როდის და რა ვითარებაში აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც დათვალიერებამდე თითქმის ორი დღის განმავლობაში დაუცველი იყო. სასამართლოს დასკვნით, ასეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები ბრალდების სარწმუნოდ დადასტურებისათვის, ეჭვი უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, აგრეთვე, დ. დ-ას მიმართ წარდგენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება, ვინაიდან არა მხოლოდ მსჯავრდებულის ჩვენებით, არამედ თვით დაზარალებულ მ. კ-სა და შემთხვევის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდება, რომ დ. დ-ას ჰქონდა მოკვლის განზრახვა მ. კ-ის მიმართ, რომელიც გასროლის მომენტში მისგან 2-3 მეტრის მანძილზე იმყოფებოდა, ხოლო მსჯავრდებულმა გაისროლა ერთხელ, დამიზნების გარეშე, დაზარალებულ მ. კ-სგან თავის დაღწევის მიზნით. იარაღის გასროლის დროს დ. დ-უა უშვებდა მხოლოდ მ. კ-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შესაძლებლობას, რაც გამომდინარეობს მათ შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტობრივი გარემოებებიდან. სასამართლომ აგრეთვე არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულმა დ. დ-ამ ქმედება ჩაიდინა მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების არსებობისას, კერძოდ, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
აბაშის რაიონულმა სასამართლომ განაჩენით მსჯავრდებულ დ. დ-ას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. კ-ემ, მსჯავრდებულ დ. დ-ას დამცველმა, ადვოკატმა ზ. დ-ამ და დაზარალებულ მ. კ-ის დამცველმა, ადვოკატმა ფ. ც-ემ. სახელმწიფო ბრალმდებელი თავისი საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ დ. დ-ას მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ახალი განხილვისათვის იმ მოტივით, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გაამართლა მსჯავრდებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე წარდგენილი ბრალდების ნაწილში, აგრეთვე, დ. დ-ას ქმედება განზრახ მკვლელობის მცდელობიდან (სსკ-ის მე-19 და 108-ე მუხლები) უსაფუძვლოდ გადააკვალიფიცირა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე (სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი).
დაზარალებულ მ. კ-ის დამცველი საჩივრით ითხოვდა რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და დ. დ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულმა დ. დ-ამ ქმედება, რომლითაც მას მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩაიდინა ისეთ ვითარებაში, როდესაც მისგან დ. დ-ას ემუქრებოდა იმწუთიერი და რეალური საფრთხე, რის გამოც იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
მსჯავრდებულ დ. დ-ას დამცველი, ადვოკატი ზ. დ-უა თავისი საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ დ. დ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ მან საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირის _ მ. კ-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, კერძოდ, ისეთ ვითარებაში, როდესაც მ. კ-ის ქმედებით დ. დ-ას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნა იმწუთიერი და რეალური საფრთხე, რომლის მოგერიებისას მას არ დაურღვევია ამ უფლების გამოყენებისათვის კანონით დადგენილი ფარგლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2006 წლის 3 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ დ. დ-ას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დატოვა უცვლელად.
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. კ-ემ, დაზარალებულმა მ. კ-ემ და მსჯავრდებულ დ. დ-ას დამცველმა, ადვოკატმა ზ. დ-ამ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას იმავე მოტივების საფუძველზე, რაც წინათ მათ მითითებული ჰქონდათ თავიანთ სააპელაციო საჩივრებში. პროკურორი ა. კ-ძე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და დ. დ-ას მიმართ საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნებას ახალი განხილვისა და რაიონული სასამართლოს განაჩენის მსჯავრდებულისათვის საუარესოდ შებრუნების _ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლისა და 108-ე მუხლის, ასევე, იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე დ. დ-ას მსჯავრდების მიზნით. დაზარალებული მ. კ-ძე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ დ. დ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
მსჯავრდებულ დ. დ-ას დამცველი, ადვოკატი ზ. დ-უა ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ დ. დ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას გამამართლებელ საფუძველზე.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულ დ. დ-ას დამცველმა, ადვოკატმა ზ. დ-ამ მხარი დაუჭირა თავის საკასაციო საჩივარს და, ამ საჩივარში აღნიშნული მოტივების საფუძველზე, ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ვინაიდან მიაჩნია, რომ მისი მსჯავრდება მოხდა უსაფუძვლოდ, იქიდან გამომდინარე, რომ მან ქმედება ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნისას.
დაზარალებულმა მ. კ-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ფ. ც-ემ მხარი დაუჭირეს თავიანთ საკასაციო საჩივარს და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და დ. დ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.
პროცესში მონაწილე პროკურორმა ნ. ნ-ემ მხარი დაუჭირა პროკურატურის საკასაციო საჩივარს. მან ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და დ. დ-ას მიმართ მისი ბრალდების საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება ახალი განხილვისა და რაიონული სასამართლოს განაჩენის მსჯავრდებულის საუარესოდ შებრუნების, კერძოდ, მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილებით დაკვალიფიცირებისა და მათი შესაბამისი სასჯელის დანიშვნის მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ დ. დ-ას მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ დ. დ-ას ბრალეულობის თაობაზე ისე გამოიტანეს დასკვნები, რომ საქმის განხილვისას არ იქნა დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილი მოთხოვნა ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის თაობაზე, რა დროსაც ერთნაირი გულმოდგინებით უნდა შემოწმდეს როგორც ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ისე პირის უდანაშაულობისა თუ უფრო მსუბუქი ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სახელმწიფო ბრალდებამ მხარი დაუჭირა იმ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებულმა დ. დ-ამ თავისი ქმედება _ განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა დაზარალებულ მ. კ-ის მიმართ შურისძიების მოტივით, იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე მ. კ-ემ ი. ა-ლთან ერთად ორჯერ სცემა დ. დ-ას. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ შემთხვევაში ჯეროვანი ყურადღებისა და შეფასების გარეშე იქნა დატოვებული შემდეგი გარემოებები, რაც უტყუარადაა დადგენილი, კერძოდ: როდესაც დ. დ-ამ თავისი ეზოს ჭიშკართან დაინახა მასთან მესამედ მისული მ. კ-ძე და ი. ა-ლი, რომლებმაც იგი სულ ცოტა ხნის წინ ორჯერ სცემეს საკუთარ სახლში, დ. დ-უა შებრუნდა და თავისი სახლისკენ წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტში მას იარაღი თან ჰქონდა. ამის შემდეგ დ. დ-უა კონფლიქტში ჩაითრია ი. ა-მა, მესამედ სცემა მას და ძირს დააგდო. ბუნებრივია, რომ შურისძიების მოტივაცია დ. დ-ას უნდა გასჩენოდა ი. ა-ის მიმართ და ამ უკანასკნელის წინააღმდეგ იარაღის გამოყენებაც ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ დ. დ-ას ეს არ გაუკეთებია. ამასთან, აღნიშნულთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ დ. დ-ას მხრიდან იარაღის გამოყენებას წინ უსწრებს მის მიერ მ. კ-ის გაფრთხილება _ “გადააგდე ქვა, თორემ გესვრიო”, მაშინ როდესაც, მას, თუკი შურისძიება ამოძრავებდა, უნდა გაესროლა გაფრთხილების გარეშე. სინამდვილეში კი დ. დ-ამ გაისროლა მას შემდეგ, რაც ი. ა-ის რეპლიკით გამხნევებულმა მ. კ-ემ ქვა არ გადააგდო და იგი, გაფრთხილების მიუხედავად, ქვამომარჯვებული კვლავ დაჟინებით გაემართა დ. დ-საკენ, რაც ასევე სარწმუნოდ არის დადგენილი. ასეთ პირობებში ვერსია დ. დ-ას მიერ განზრახი მკვლელობის მცდელობის ჩადენის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის ქვეშ დგება, რაც ძალზე სერიოზულ შემოწმებას მოითხოვს.
პირველი ინსტანციის სასამართლო თავის განაჩენში მიუთითებს დ. დ-ას ჩვენებაზე, რომლის მიხედვით, მას არ უნდოდა მ. კ-ის მოკვლა და მხოლოდ ამ უკანასკნელისგან თავის დაღწევის მიზნით გაისროლა დაუმიზნებლად და, მიუხედავად იმისა, რომ იზიარებს ამ ჩვენებას, სასამართლო ყოველგვარი არსებითი დასაბუთების გარეშე უარყოფს დაცვის მხარის ვერსიას იმის თაობაზე, რომ დ. დ-ამ ქმედება ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ვითარებაში. ანალოგიურად, სააპელაციო სასამართლოც, მთლიანად იზიარებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მიუხედავად საამისოდ საკმარისი საფუძვლის არსებობისა, ყოველმხრივ და სრულად არ იკვლევს მნიშვნელოვან გარემოებებს იმის გასარკვევად, ხომ არ მოქმედებდა დ. დ-უა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ანდა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ხომ არ ჩაიდინა მან აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო მხოლოდ იმით დაკმაყოფილდა, რომ მიუთითა დაზარალებულ მ. კ-ის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავს, რომ მან ქვა ხელში აიღო დ. დ-ას შესაშინებლად, რაც, სასამართლოს შეფასებით, ვერ ჩაითვლება ისეთ მოქმედებად, რომელიც აუცილებელი მოგერიების უფლებას წარმოშობს. აქ სააპელაციო სასამართლომ, სრულიად უმართებულოდ, ყურადღება არ მიაქცია და არ გამოიკვლია შემდეგი გარემოება: ექსტრემალურ მდგომარეობაში მყოფ დ. დ-ას ჰქონდა თუ არა საჭირო დრო და საშუალება, ზუსტად განესაზღვრა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მ. კ-ის ჩანაფიქრი, როცა ეს უკანასკნელი ხელში მომარჯვებული ქვით მისკენ მიემართებოდა, ანდა მ. კ-ეს რატომ უნდა აეღო ქვა ხელში დ. დ-ას შესაშინებლად ისეთ მომენტში, როდესაც დ. დ-უა, უკვე სამჯერ ნაცემი, ძირს იყო დაცემული და რეალურად მისგან რაიმე საფრთხე მას არ ემუქრებოდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. დ-ამ მ. კ-ეს ესროლა საფანტიანი იარაღი მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არ გამოუკვლევია _ ის დაზიანებანი, რაც ორ ადგილზე აქვს სხეულზე მიყენებული დაზარალებულს, ასევე, შესაბამისად ის დაზიანებები, რაც დაზარალებულის ტანსაცმელზე აღინიშნება, შესაძლებელია თუ არა ნამდვილად საფანტიანი იარაღიდან გასროლილი ჭურვებით იყოს განვითარებული, თუ ისინი მიყენებულია სხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღის მოქმედების შედეგად. მართალია, ის იარაღი, რომელიც დ. დ-ამ გაისროლა, ამოღებული არ არის, მაგრამ საკასაციო პალატა თვლის, რომ დარჩენილი კვლების (ჭრილობები და დაზარალებულის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები) კომპლექსური სასამართლო-საექსპერტო გამოკვლევითა და მოცემულ საკითხზე ექსპერტების დაკითხვით შესაძლებელია მიღებულ იქნეს დასაბუთებული დასკვნები, რომელთა საფუძველზე უნდა გადაწყდეს შემდეგი საკითხები: რა სახის იარაღი გაისროლა დ. დ-ამ; რამდენჯერ გაისროლა მან აღნიშნული იარაღი; როგორი იყო სროლის მიმართულება; გასროლა დ. დ-ას მხრივ მოხდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, თუ მან მ. კ-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით; მომხდარი შემთხვევის დროს დ. დ-ას მიერ გამოყენებული იარაღის შესახებ ფლობენ თუ არა რაიმე ინფორმაციას საქმეზე მოწმედ დაკითხული პირები და რა იციან მათ ამ იარაღის შესახებ; აღნიშნული იარაღის სახეობის დადგენის შემთხვევაში უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა დ. დ-ას ამ იარაღის გამო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მხოლოდ ამ საკითხების უტყუარად გარკვევით მიღებული შედეგების საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან შეჯერებისა და მათთან ერთობლივად განხილვის შემთხვევაში შეიძლება მსჯელობა დ. დ-ას ბრალეულობის თაობაზე, რომლის გარეშეც ყოველგვარი დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს მის სასარგებლოდ, იგი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
საკასაციო პალატა იზიარებს სასამართლოს დასკვნებს იმის თაობაზე, რომ დ. დ-ას პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება მისი ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული პნევმატური პისტოლეტის გამო, რომელიც სასროლად უვარგისია და ცეცხლსასროლ იარაღად ვერ განიხილება, აგრეთვე, მომხდარი შემთხვევიდან მეორე დღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული, გაურკვეველი წარმომავლობის, ე.ი. დაუდგენელი წყაროდან შემთხვევის ადგილზე მოხვედრილი, თვითნაკეთი ვაზნის სახით არსებული საბრძოლო მასალის გამო.
განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განაჩენი დ. დ-ას მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს ზემოაღნიშნული მითითებების შესასრულებლად და საქმეზე კანონიერი დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.
გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების გამო საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს საკითხზე _ გამოყენებულ უნდა იქნეს თუ არა, მოცემულ ეტაპზე, აღკვეთის ღონისძიება დ. დ-ას მიმართ. საქმის გარემოებებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ არ არის გამორიცხული, დ. დ-უა საბოლოოდ მსჯავრდებულ იქნეს ისეთი დანაშაულისათვის, რომლისთვისაც კანონი სასჯელად არ ითვალისწინებს ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. დ-უა უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, ხოლო სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის პერიოდში, ამა თუ იმ ეტაპზე, შეუძლია კვლავ იმსჯელოს დ. დ-ას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე კანონით დადგენილი წესით, თუკი წარმოიშობა ასეთი ღონისძიების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 აგვისტოს განაჩენი დ. დ-ას მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.
დ. დ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.