Facebook Twitter

933აპ. 2 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),

ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ი-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განაჩენით რ. ი-ლს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის “გ” ქვეპუნქტით სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2005 წლის 05 დეკემბრიდან.

განაჩენით რ. ი-ლს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

რ. ი-ლი 2005 წლის 07 მაისს, ღამის საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, საჩხერის რაიონის სოფელ ---ის ტერიტორიაზე, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ა. ი-ის სამოსახლო ნკვეთში არსებულ 300 ლარად ღირებულ 27 ცალ 18 მილიმეტრიან, 9 მეტრის სიგრძის მქონე რკინის ალმატურას, რომლებიც მან 250 ლარად მიყიდა ამავე სოფელში მცხოვრებ პ. ჭ-ეს, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ. ი-მა, რომელმაც მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება ან დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენით ჭიათურის რაიონული სასამართლოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა რ. ი-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. რ. ი-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია, როგორც მის მიერ ბრალის აღიარებით, ისე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაითვალისწინა ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რის შესახებაც საკასაციო საჩივარშია მითითებული და მსჯავრდებულ რ. ი-ლს განუსაზღვრა კანონის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა.

პალატა თვლის, რომ ამჟამად რ. ი-სათვის სასჯელის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.

ამავე დროს, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება, კერძოდ:

სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელის ზედა ზღვარი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ი-ის დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებული, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. ი-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

რ. ი-ის დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე.

სხვა ნაწილში განაჩენი, მათ შორის, მსჯავრდებულ რ. ი-სათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.