გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-31-233-კ-03 15 ოქტომბერი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 16 თებერვალს ზ. ნ-ამ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების ქ.თბილისის მ. კ. ს. ლ.-მ. ე. თ. და ქ.თბილისის მერიის კულტურის სამმართველოს მიმართ და საკუთარი ნივთების სხვისი მფლობელობიდან გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
1990წ. 29 ნოემბრიდან 1998წ. 11 აგვისტომდე იგი ქ.თბილისის მერაბ კოსტავას სახელობის ლიტერატულ-მუსიკალური ეროვნული თეატრის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა. თეატრი ყოფილ კონოთეატრ «ი.”-ს შენობაში იყო განთავსებული. აღნიშნული შენობის მიღების დროს მან მიღება-ჩაბარების აქტით 26 დასახელების ინვენტარი ჩაიბარა. დირექტორად მუშაობის პერიოდში მან თეატრში 644 დასახელების პირადი საკუთრების ინვენტარი შეიტანა, რაც საინვენტარიზაციო აქტითაც აღირიცხა. ამასთან, თეატრის დირექტორად მუშაობის პერიოდში მის მიერ საკუთარი ხარჯებით ჩატარებულ იქნა სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისაგან პირადი საკუთრების ნივთების დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
მოპასუხე მ. კ. ს. ლ.-მ. ე. თ. სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საინვენტარიზაციო აქტში ჩამოთვლილი ინვენტარი თეატრის ბალანსზე ირიცხებოდა და მის საკუთრებას წარმოადგენდა, რაც 1998წ. 13 ნოემბრის ბალანსით (ფორმა ¹40) დასტურდებოდა, რომელსაც ხელს თავად ზ. ნ-ა აწერდა. Mმან აგრეთვე, ზ. ნ-ას მიმართ აღძრული შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის 17514 ლარის დაკისრება მოითხოვა, მისი დირექტორობის პერიოდში თეატრისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
მეორე მოპასუხე _ ქ.თბილისის მერიის კულტურის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და შეგებებულ სარჩელს მხარი დაუჭირა.
საქმეზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით ზ. ნინუას მიერ მითითებულ, მ. კ. ს. ლ.-მ. ე. თ. რიცხული ინვენტარის ღირებულებამ 55183.44 ლარი, ხოლო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით თეატრში შესრულებული სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულებამ მყარ ვალუტაში 8123 აშშ დოლარი შეადგინა.
თბილისის ისანი-სანგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ას სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა აგრეთვე მოპასუხის სარჩელი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ზ. ნ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, მართალია 1994 წლიდან თეატრი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე იმყოფებოდა, მაგრამ ის სადავოდ ხდიდა 1990 წლიდან 1993 წლამდე პერიოდს, როცა თეატრი იმყოფებოდა თვითდაფინანსებაზე, რაც თეატრის ყოფილი მთავარი ბუღელტერის _ ც. კ-ის ჩვენებებით (1999წ. 5 ოქტომბრის სხდომის ოქმი) და კოსტავას ფონდის საფინანსო განყოფილების ყოფილი გამგის _ ზ. შ-ის ჩვენებით (1999წ. 5 ოქტომბრის სხდომის ოქმი) დასტურდებოდა. სწორედ, 1990-1993 წლებში იქნა ინვენტარი შეტანილი და სარემონტო სამუშაოები შესრულებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 27 მარტის განჩინებით ზ. ნ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
აპელანტ ზ. ნ-ას მიერ წერილობითი მტკიცებულებებით ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რა სახის და ღირებულების საკუთარი ინვენტარი იქნა მის მიერ თეატრში შეტანილი. ასევე, შეუძლებელი იყო თეატრში ჩატარებული სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოების ზ. ნ-ას ხარჯებით ჩატარებულად აღიარება, როდესაც მოწმეთა ჩვენებების გარდა, აღნიშნული გარემოება რაიმე დოკუმენტური მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სსკ-ს 1507-ე მუხლის 1-ელი და მე-3 ნაწილების შესაბამისად განსახილველი ურთიერთობები 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმათა საფუძველზე უნდა მოწესრიგებულიყო, ვინაიდან სადავო გარიგებებს ახალი სკ-ს ამოქმედებამდე ჰქონდა ადგილი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს კანონის ნორმათა იმპერატიული მოთხოვნები გარიგებათა ფორმის შესახებ დაცული არ ყოფილა და მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე დამატებითი წერილობითი მტკიცებულებები გარიგების არსებობის შესახებ, უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა სადავო ნივთების მის საკუთრებად აღიარებისა და შესრულებული სამუშაოების ხარჯების ანაზღაურების შესახებ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ვინაიდან 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის მიხედვით, უფლების დაცვის საერთო ვადა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა) სამი წლით განისაზღვრებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. ნ-ამ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი, რომლის თანახმადაც მტკიცებულებების არარსებობის გამო სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქმეში არსებულ თეატრის შენობის 1991წ. მიღება-ჩაბარების აქტს, 1998 წელს ჩატარებული რევიზიის, საინჟინრო, სასაქონლო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებს.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა 1964წ. სკ-ს 42-ე, 44-ე და 46-ე მუხლებით და არასწორად განმარტა ისინი.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ზ. ნ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 27 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებითა და საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მხოლოდ საინვენტარიზაციო აქტში ჩამოთვლილი ნივთების მონიშვნითა და მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია მოხდეს სადავო ნივთების კასატორის საკუთრებად აღიარება, მითუმეტეს, რომ ისინი თეატრის ბალანსზე არის აღრიცხული. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია აგრეთვე თეატრში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ზ. ნ-ას ხარჯებით აღიარება, მაშინ როცა აღნიშნული რაიმე დოკუმენტური მტკიცებულებებით არ დასტურდება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან სარჩელი სასამართლოში 1999წ. 16 თებერვალს იქნა შეტანილი. კასატორს გაშვებული აქვს 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მართებულად გამოიყენა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსი, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 42-ე, 44-ე და 46-ე მუხლები, რომლის მიხედვითაც კანონით დაწესებული ფორმის დაუცველობა უსპობს მხარეს უფლებას, რომ დავის შემთხვევაში გარიგების დასადასტურებლად დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებებს, მაგრამ არ უსპობს უფლებას წარმოადგინოს წერილობითი მტკიცებულებები. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ს 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ნ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 27 მარტის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.